მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლინიკების ახალი COVID-ტარიფები პერსონალის სახელფასო ფონდზე აისახება - ირაკლი გამყრელიძე

63077e959f06f
მარიამ ვარადაშვილი
25.08.22 18:47
1337
პედიატრიული ქირურგიის ცენტრის დირექტორი ირაკლი გამყრელიძე აცხადებს, რომ ახალი ტარიფებით Covid-19-ის მკურნალობა სხვა ნოზოლოგიების მკურნალობას გაუთანაბრდა, რაც არასწორია და ინფეცქციას სხვა ტიპის მართვა სჭირდება.

მისივე თქმით, ინფექციის მართვა ასევე გულისხმობს ინფიცირებული პირებისთვის ცალკე მომსახურე პერსონალს.

როგორც ცნობილია, მთავრობის 22 აგვისტოს გამოცემული დადგენილებით კლინიკებისთვის ახალი ტარიფები დადგინდა. კერძოდ, პაციენტი, რომელიც თერაპიულ ინტერვენციებს ექვემდებარება და არ იმართება რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი მკურნალობა 950 ლარით ანაზღაურდება, ხოლო როდესაც პაციენტი გარკვეული პერიოდი საჭიროებს ინვაზიურ და/ან არაინვაზიურ ვენტილაციას სიპაპით/ბიპაპით/მაღალი ნაკადის აპარატით რეანიმაციულ განყოფილებაში, ანაზღაურდება 4500 ლარი იქნება.

“თუ შევხედავთ იმ ხარჯებს, რაც კლინიკებს საშუალოდ ჰქონდათ კოვიდის მართვის პერიოდში და რა თანხითაც ხდებოდა მათი დაფინანსება ეს რიცხვები იმ ფაქტობრივი ხარჯის მოცულობებს უახლოვდება. ამ თანხების გარდა, კლინიკები იღებდნენ საწოლების მობილიზაციის საფასურს და სპეციალურ დანამატს მედპერსონალისთვის ხელფასის ზრდის მიზნით.

ვფიქრობ, დაფინანსების ეს მოცულობა კოვიდის მართვაში ჩართული კლინიკებს აქამდე რისი საშუალებაც ჰქონდათ მიეწოდებინათ პაციენტებისთვის, ახლა ეს ამის საშუალებას აღარ მისცემთ. ცალსახაა, როცა ანაზღაურება მცირდება ამა თუ იმ ნოზოლოგიაზე ეს უპირველეს ყოვლისა, პერსონალის სახელფასო ფონდზე აისახება. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ კოვიდის მართვაში ჩართული პერსონალი განსხვავებული ანაზღაურების მიღებას კიდევ შეძლებს, ვიდრე სხვა თერაპიული ნოზოლოგიების მართვაში ჩართული მედიკოსები, ალბათ გამორიცხულია.

რაც შეეხება გამოყიფილი თანხით მკურნალობის დაფინანსებას, რაც ასევე ხელფასებსაც მოიცავს, საკმაოდ პრობლემური იქნება მათთვის, ვინც კლინიკაში 4 დღეზე მეტ ხანს დაყოვნდება. კიდევ უფრო პრობლემური იქნება სარეანიმაციო მომსახურების შემთხვევაში. რთული სათქმელია რამდენად შეძლებენ კლინიკები იგივე დატვირთვით, პესონალის რაოდენობითა და ხარისხით კოვიდის მართვაში მონაწილეობის გაგრძელებას”,-აცხადებს გამყრელიძე.