მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ჩაიშალა აშშ-კანადის სატარიფო მოლაპარაკებები?

კარნი

აშშ-სა და კანადას შორის სამდღიანი ინტენსიური სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, ოტავაში გამართულ პრესკონფერენციაზე კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ ოტავა ამერიკულ პროდუქციაზე საპასუხო ტარიფებს 8 სექტემბრიდან დააწესებს.

როგორც ირკვევა, ვაშინგტონის მიერ კანადურ ექსპორტზე დაწესებული 50%-იანი ტარიფების საპასუხოდ, კანადური მხარე აშშ-იდან იმპორტირებულ ფოლადზე, რძის ნაწარმზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე, სოფლის მეურნეობის ტექნიკაზე, ქაღალდსა და ელექტრონიკაზე ანალოგიური მოცულობის საბაჟო გადასახადებს დააწესებს. მარკ კარნის განცხადებით, როდესაც ქვეყანა თავდასხმის მსხვერპლი ხდება, ის ეკონომიკურ ომში ერთვება, კანადამ კი სწორედ ასეთი შეტევა განიცადა.

სავაჭრო დიალოგის კოლაფსი ვაშინგტონის მიერ ბოლო მომენტში წამოყენებულმა პირობებმა გამოიწვია. მარკ კარნის განმარტებით, ამერიკული მხარის მოთხოვნები არასაბაზრო, უსამართლო და კანადის ეკონომიკური ინტერესებისათვის დამაზიანებელი იყო, რაც ნებისმიერი შეთანხმების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებდა. თეთრი სახლის მიერ წამოყენებული პირობები კანადის მიერ სხვა ქვეყნებთან ახალი სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმების უფლების შეზღუდვასაც ითვალისწინებდა, რასაც ოტავაში სუვერენიტეტის შეზღუდვის მცდელობად მიიჩნევენ.

ერთ-ერთ მთავარ სადავო საკითხად მსხვილი ავტომობილების სატარიფო რეჟიმი დაფიქსირდა. კანადური მხარე ითხოვდა, რომ მსუბუქი ავტომობილებისთვის შეთავაზებული შეღავათიანი პირობები საშუალო და მძიმე ტვირთამწეობის სატვირთო ავტომობილებზეც გავრცელებულიყო, რასაც ვაშინგტონი შეეწინააღმდეგა.

საპასუხოდ, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა ჯეიმისონ გრირმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ჩაშლა კანადის მხრიდან ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა. მისი მტკიცებით, ოტავას ყველა პარტნიორზე უკეთესი პირობები შეეთავაზა, თუმცა კანადურმა მხარემ შეთანხმებაზე უარი განაცხადა. გრირის თქმით, ვაშინგტონი კანადის საპასუხო ნაბიჯების შესაბამისი ზომების მიღებას უკვე გეგმავს.

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო დაპირისპირების ესკალაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (USMCA) მომავალს. დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული 50%-იანი საბაჟო გადასახადები $20 მილიარდის ღირებულების კანადურ ექსპორტს ეხება და ისეთ სექტორებს მოიცავს, როგორებიცაა: ღვინის წარმოება, ავეჯი, რძის პროდუქტები, ცემენტი, ტანსაცმელი და ჰოკეის ინვენტარი.

შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატები კანადის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელზედაც კანადური ექსპორტის თითქმის 70% მოდის. ახალი ამერიკული ტარიფები კანადის მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 5%-ს ფარავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები