მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლინიკებმა სამინისტროს ახალი ტარიფები წარუდგინეს - გაძვირდება თუ არა სამედიცინო მომსახურება?

60521da1072e7
ელენე გოგბერაშვილი
18.03.21 00:00
1581
ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების ტარიფების ახლებურად გაანგარიშებაზე მუშაობა დაიწყო. ამ პროცესს წინ უძღოდა მიმდინარე წლის იანვარში სამედიცინო სექტორის მიმართვა ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას და ასევე ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის სახელზე, სადაც ათეულობით სამედიცინო დაწესებულება მთავრობას კლინიკების წინაშე არსებული პრობლემების საქმის კურსში აყენებდა.

დარგი ამბობს, რომ მათი მდგომარეობა განსაკუთრებით დაამძიმა გაუფასურებულმა ლარმა, რადგან სამედიცინო მომსახურების გაწევისათვის აუცილებელი სახარჯი მასალებისა და აპარატურის ღირებულება მოცემულია დოლარსა და ევროში. ამას ემატება პანდემია და კრიზისი, შემცირებული მიმართვიანობა კლინიკებში და გაზრდილია კომუნალური ხარჯები.

„გლობალურადაც და საქართველოშიც ეკონომიკურმა კრიზისმა პანდემიასთან ერთად მძიმე მდგომარებაში ჩააგდო კლინიკები, რადგან ჩვენი ხარჯები გასამმაგდა, 300-500%-იანი მატებაა სახარჯ მასალებზე იმის გამო, რომ კურსი შეცვლილია და სამედიცინო საგნები, აპარატურა და ა.შ ყველაფერზე ფასი ძალიან გაზრდილია. შესაბამისად ამ კრიზისიდან გამოსვლის გზებია მოსაძებნი, რომ გადარჩეს ეს სექტორი. რადგან ბიზნესის კანონებით ვმუშაობთ, დამოკიდებული ვართ მომწოდებლებზე, რომელიც თავის მხრივ დამოკიდებულნი არიან გარე ფაქტორებზე. შესაბამისად საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა და საჭირო გახდა კლინიკების გააქტიურება, რომ დაგვეყენებინა დღის წესრიგში ტარიფების გადახედვის საკითხი.

სამინისტროსთან შედგა შეხვედრა, იყო მსჯელობა ამ თემაზე. იმის მოლოდინი, რომ საოცრება მოხდება და ყველაფერი ერთი ხელის მოსმით უცებ გამოსწორდება, არც გვაქვს, თუმცა მოვახდინეთ ამის ინიცირება. ვიცით, რომ არავინ არაფერს გვაჩუქებს, სახელმწიფოსაც არ აქვს რესურსი, რომ ბიზნესის რისკი თავის თავზე აიღოს. ვფიქრობთ, ტარიფების გადახედვა იმის საშუალებას მისცემს კლინიკებს, რომ საქმიანობის გაგრძელება შეძლონ.

სამინისტროს მხრიდან იქნა შემოთავაზებული ფორმატი, რაც დეტალიზაციას შეიცავს განსაკუთრებულად არაპირდაპირი ხარჯის, რადგან პირდაპირი ხარჯი გასაგებია არის ის, რასაც ვხარჯავთ პაციენტზე და რაც ღირს მედიკამენტი თუ სხვა სახარჯი მასალა. სწორედ ამით დგება ანგარიშგება. ჩვენ ეს ფორმა შევავსეთ და ახლა ველოდებით გადაწყვეტილებას“, - აცხადებს ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორი მაია მახარაშვილი.

„2013 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების დღიდან მასში ჩართული კლინიკებისთვის არ მომხდარა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ფასების გადახედვა. მოგეხსენებათ, რომ დოლარის კურსის გამო ფასები გაიზარდა როგორც მედიკამენტებზე, ისე სახარჯ მასალაზე. ეპიდემილოგიური გარემოდან გამომდინარე ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მოხმარება გაიზარდა, შესაბამისად ამან განაპირობა ის, რომ ფასები გადახედილიყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ისტორიული კლინიკები, რომლებიც პროგრამის ამოქმედების დღიდან მონაწილეობენ პროგრამაში, არათანაბარ კონკურენტულ გარემოში აღმოჩნდნენ იმ კლინიკებთან მიმართებაში, რომლებიც შემდგომ ჩაერთნენ პროგრამაში. შესაბამისად მისასალმებელია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკებთან შეთანხმებით დაიწყო ახალი ტარიფების შემუშავება სხვადასხვა ნოზოლოგიების მიმართულებით, იქნება ეს თერაპიული, რეანიმაციული, თუ ქირურგიული ნოზოლოგიები. დიდი იმედი გვაქვს, რომ შემუშავებული ტარიფი შესაძლებლობას მოგვცემს შევძლოთ პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება“, - აცხადებს მაია ხომერიკი, "ჯეოჰოსპიტალსის" საოპერაციო დირექტორი.

ჩვენთან საუბარში მხოლოდ „მედალფას“ გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ მათ მიერ ახლებურად დათვლის შედეგად ( პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯების გათვალისწინებით) ტარიფების 100-200-300%-იან მატებაზე საუბარი არ არის და ზრდა საშუალოდ 30-40%-ის ფარგლებშია. გიორგი ამბროლიანის თქმით, მაგალითად, თუ რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი კონკრეტული სერვისი 480-500 ლარი ღირს, ახლებურად გადაანგარიშებით ეს ტარიფი 700-750 ლარია.

„ერთადერთი სექტორი დარჩა სამედიცინო სექტორი, რომელიც 10 წლის წინ დადგენილი ტარიფით მოქმედებს. მაშინ, როცა ყველა სექტორმა განიცადა ცვლილება. ის ტარიფი, რაც 10 წლის წინ იყო ფიზიკურად ვეღარ იტევს პირდაპირ და არაპირდაპირ დანახარჯებს“, -ამბობს ამბროლიანი.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას, როგორც BM.GE-ს უწყებაში განუცხადეს, კლინიკების მიერ წარდგენილ დოკუმენტაციის შესწავლა დასრულებული არ არის, შესაბამისად ჯერ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება არ მიუღია, დათანხმდება თუ არა სამედიცინო სექტორს ტარიფების გაზრდაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები