მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე: ინფლაციაზე კლების მიმართულებით შემცირებული ერთობლივი მოთხოვნა მოქმედებს

5fa2a64d26d54
შოთა ტყეშელაშვილი
04.11.20 17:12
1307
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ქვეყანაში ინფლაციის კლებაზე შემცირებული ერთობლივი მოთხოვნა ახდენს გავლენას. სებ-ის პრეზიდენტის თქმით, სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ინფლაცია სებ-ის 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება. ამის შესახებ კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. 

"ბოლო ათწლეულების მანძილზე უპრეცედენტოდ ძლიერი რეცესიისა და ჩაკეტვების (ე.წ. lockdown-ების) შედეგად, მსოფლიოს და, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკამ მძლავრი დარტყმა მიიღო. მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის წლიურად 12.3% ვარდნის შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, კლებამ მესამე კვარტალში შედარებით ნაკლები - დაახლოებით 3.8 პროცენტი შეადგინა, თუმცა შოკიდან გამოსვლაზე საუბარი ჯერჯერობით რთულია. ეროვნული ბანკის მიმდინარე პროგნოზით, 2020 წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 5 პროცენტით შემცირდება, ხოლო 2021 წელს აღდგენას დაიწყებს და დაახლოებით 5 პროცენტით გაიზრდება. გასათვალისწინებელია, რომ გაურკვევლობა გლობალური მასშტაბითაც დიდია, რაც, პირველ რიგში, პანდემიის მოთოკვის ვადებთან არის დაკავშირებული.

საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, ყველაზე მეტად ტურისტული ინდუსტრია დაზარალდა. მარტიდან, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ, ქვეყანაში უცხოელ ვიზიტორთა შემოსვლა თითქმის შეწყდა, რაც სავაჭრო ბალანსზე მკვეთრად უარყოფითად აისახა. შედეგად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების ბოლო წლების დინამიკა შეტრიალდა და 2020 წლის პირველ ნახევარში ამ მაჩვენებელმა მთლიანი შიდა პროდუქტის 10.3 პროცენტი შეადგინა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის პირობებში მოსალოდნელზე უკეთესი შედეგებია საქონლის ექსპორტსა და უცხოეთიდან ფულადი გზავნილების კუთხით, ვიდრე ამას პანდემიის საწყის ეტაპზე ვაფასებდით.

ბუნებრივია, COVID-19-ისგან გამოწვეულმა მოვლენებმა გავლენა იქონია ინფლაციაზეც. ინფლაციასთან დაკავშირებული ცვლილებები მეტწილად ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებასა და პანდემიის გამო გაზრდილი ხარჯების საბოლოო ფასში ასახვას უკავშირდება. მეორე მხრივ, ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს შენელებული ერთობლივი მოთხოვნა. როგორც მოსალოდნელი იყო, წლიური ინფლაცია შემცირებას განაგრძობს და მან სექტემბერში 3.8 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება და ის 2021 წელს მიზნობრივ ინფლაციასთან ახლოს იქნება.

ინფლაციის მომავალ დინამიკას ძირითადად სუსტი ერთობლივი მოთხოვნა განსაზღვრავს, თუმცა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვეტილების მიღებისას ასევე გაითვალისწინა გაურკვევლობა, რომელიც ვირუსის გავრცელების დაჩქარებასა და გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან არის დაკავშირებული და განაკვეთი უცვლელად, 8.0 პროცენტზე დატოვა. არსებული შეფასებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა, ანუ ნორმალიზაცია, და მისი ტემპი ინფლაციის მოლოდინებსა და ეკონომიკური აქტივობის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.