NCDC-ის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჯერ კიდევ ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, რადგან აღნიშნულ შეზღუდვას დიდი გავლენა აქვს პანდემიის მართვის პროცესში.
რაც შეეხება იმას, თუ როდის მოიხსნება კომენდანტის საათი, გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ვითარებას მომდევნო 10 დღის განმავლობაში დააკვირდებიან და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.
„კომენდანტის საათთან დაკავშირებით იყო რამდენჯერმე მსჯელობა და საბჭოს აქვს პოზიცია, რომ მოხდეს ყველაფერი თანდათანობით. კომენდანტის საათს აქვს ერთ-ერთი მთავარი გავლენა ეპიდსიტუაციის მართვაზე, ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დავაკვირდეთ კიდევ ერთი კვირის, 10 დღის განმავლობაში და მერე მიიღებს საბჭო გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.