გაერთიანებული ერების "მდგრადი განვითარების მიზნების" სამიტი 2023 წლის 18-19 სექტემბერს ნიუ-იორკში გაიმართა, სადაც ქართული მხარეც მონაწილეობდა. ჯანდაცვასთან დაკავშირებული რა თემები განიხილეს ქვეყნებმა სამიტის ფარგლებში, იმუნოლოგი ამირან გამყრელიძე, BMGDrive-ში სტუმრობისას ჰყვება.
“გაეროს სამიტზე სამი მთავარი თემა იყო განხილული, საიდანაც ერთ-ერთი მზადყოფნის რეჟიმი იყო - რომ თითოეული ქვეყანა პანდემიის მსგავს გამოწვევებს მომზადებული დახვდეს. ეს უნდა ჰქონდეს როგორც მსოფლიოს, ისე თითოეულ რეგიონსა და ქვეყანას. მზადყოფნის პრინციპებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აყალიბებს, რა როგორ უნდა იყოს, რისი მარაგები უნდა გქონდეს…. მეც ჩართული ვარ ევროპის რეგიონისთვის ასეთი დოკუმენტის მომზადებაში, იმართება შეკრებები, სადაც რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე განიხილება სამოქმედო გეგმები, რომლებიც 5-7 წელიწადზე იწერება.
ამაში არა მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გეხმარება, რადგან მათ ყველაზე დიდი ინტელექტუალური და ტექნიკური რესურსი აქვთ, ასევე ფინანსურ დახმარებას დიდი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და ა.შ. გვიწევენ, რომლებიც აქტიურად მუშაობენ საქართველოშიც და პანდემიის პერიოდშიც აქტიურად გვეხმარებოდნენ ფინანსურად. ამ დროს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საერთაშორისო დახმარებას, განსაკუთრებულად ეკონომიკურად მოწყვლად ქვეყნებში”, - ამბობს ამირან გამყრელიძე.
გაეროს სამიტზე განხილული თემებიდან ერთ-ერთი პანდემიის მართვაში ჯანდაცვის ძლიერი სისტემების მნიშვნელობაც იყო.
“პანდემიის მსგავსი დიდი გამოწვევებისთვის პასუხი კარგი და მოქნილი, კარგად განვითარებული ჯანდაცვის სისტემაა, რომელმაც ადამიანთა სიცოცხლე უნდა გადაარჩინოს. თუმცა ეს მარტო ჯანდაცვის კომპეტენცია არ არის, ეს მრავალსექტორული პასუხისმგებლობაა, რომელსაც შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, მარაგების შევსება, კადრების გადამზადება და ა.შ. სჭირდება.
მესამე თემა კი ტუბერკულოზის დაავადება იყო, ერთ-ერთი მთავარი ინფექციური მკვლელი. თუმცა ტუბერკულოზის მიმართულებით ძალიან დიდი პროგრესია, როგორც მსოფლიოში, ისე ცალკეულ ქვეყნებში და მათ შორის ჩვენთანაც. ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადავდგით ტუბერკულოზით სიკვდილიანობის მაჩვენებლების შემცირებისკენ - გაეროში ეს სამი თემა განიხილეს და საქართველოც აქტიურად იყო ამ განხილვებში ჩართული”, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
ცნობისთვის, გაეროს “მდგრადი განვითარების მიზნები” 17 მიზანი და 169 ინდიკატორია, რომლებზეც გაეროს წევრი ყველა ქვეყანა უკეთესი, მდგრადი მომავლის მისაღწევად თანხმდება. მიზნებს შორის ერთ-ერთი კი საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ჯანდაცვაა.