მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკი ამერიკელ მილიარდერებს შეხვდა, საუბრის თემა - უკრაინის აღდგენა იყო

ზელენსკი გაეროში

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის 78-ე სხდომას ესწრება, ფორუმის ფარგლებში რამდენიმე ამერიკელ მილიარდერსა და პოლიტიკოსს შეხვდა და მათთან უკრაინის აღდგენის გეგმა განიხილა. შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც მსოფლიოს უდიდესი ჰეჯ-ფონდების, Citadel-ისა და Pershing Square Capital Management-ის დამფუძნებლები კენ გრიფინი და ბილ აკმენი, ასევე Blackstone-ის პრეზიდენტი, ჯონ ფრეი, Starwood Capital Group-ის თავმჯდომარე, ბარი სტერნლიხტი, Google-ის ყოფილი აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ერიკ შმიდტი, ამერიკული ფეხბურთის კლუბ New England Patriots-ის მფლობელი, რობერტ კრაფტი და აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰენრი კისინჯერი.

მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრის მიზანი - უკრაინაში ომის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაა, რასაც ძალიან დიდი მოცულობის კაპიტალის მობილიზება სჭირდება. ჯერ კიდევ 2022 წლის ივლისში, ზელენსკი ამბობდა, რომ უკრაინის აღდგენას კოლოსალური ინვესტიცია დასჭირდება, ხოლო თავად პროცესი - ჩვენი დროის უდიდესი ინფრასტრუქტურული პროექტი იქნება. ოფიციალური კიევის დათვლებით, 2032 წლის ჩათვლით, ქვეყნის აღსადგენად, უკრაინას $750 მილიარდზე მეტი დასჭირდება გრანტების, სესხებისა და სააქციო კაპიტალის სახით, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე, მაგალითად, ევროკავშირის წლიური ბიუჯეტი.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკი უოლ-სტრიტის ლიდერებსაც შეხვდა, სადაც Bloomberg-ის დამფუძნებელი, მილიარდერი მაიკ ბლუმბერგიც იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის განახლების პროექტისთვის კერძო კაპიტალის მოძიების მხრივ, უკრაინის მთავრობას კონსულტაციას მსოფლიოს უმსხვილესი ბანკი, JPMorgan Chase-ი უწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები