აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ომის გამო რუსეთმა საკუთარ დიზელის მრეწველობაზე კონტროლი დაკარგა. როგორც ქვეყნის ლიდერმა აღნიშნა, უკრაინული იერიშების შედეგად რუსული ნავთობგადასამუშავებელი საწარმოების დიდი ნაწილი აფეთქდა და მწყობრიდან დროებით გამოვიდა.
სიტყვით გამოსვლისას თეთრი სახლის ლიდერმა გახანგრძლივებული დაპირისპირების დაუყოვნებლივ დასრულება მოითხოვა. ტრამპის განცხადებით, საომარი მოქმედებების გამო ყოველთვიურად 25,000 ადამიანი იღუპება და ამ პროცესით მთელი მსოფლიო ზარალდება.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა. უკრაინის ლიდერის განცხადებით, კიევი მოწინააღმდეგეზე დარტყმების შეჩერების მზადყოფნას მხოლოდ საპასუხო დეესკალაციის პირობებში გამოთქვამს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოსკოვმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სასურსათო ექსპორტზე იერიშები უნდა შეწყვიტოს.
ცნობისთვის, აშშ-სა და უკრაინის ლიდერი ერთმანეთს ნიუ-იორკში დღეს, 22 სექტემბერს შეხვდებიან. ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, ამ მოლაპარაკებებმა შესაძლოა ბევრი რამ შეცვალოს, რადგან დიპლომატიურ პროცესში გარკვეული დინამიკა უკვე გამოიკვეთა. უკრაინული მხარე ამერიკულ გუნდთან ერთად უსაფრთხოების ფუნდამენტურ საკითხებსა და დეესკალაციის გეგმაზე მუშაობას აქტიურად გააგრძელებს.
























