მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია „ჯიარჯი“ - პროფესიული განათლების მხარდამჭერი (NS)

611a1b5fe0a8f
BM.GE
16.08.21 11:59
998
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია (ICCA) განაგრძობს სამშენებლო პროფესიული განათლების მიმართულების მხარდაჭერას და, ამ პროცესში, აქტიურად, სხვადასხვა მიმართულებით ერთვებიან ასოციაციის წევრი კომპანიები.

კომპანია „ჯიარჯი“ პირველი კომპანიაა სამშენებლო სექტორში, რომელიც პროფესიული განათლების სამშენებლო მიმართულების საკვალიფიკაციო გამოცდის ორგანიზებაში ჩაერთო, კერძოდ, კოლეჯ „ბლექსის“ სადიპლომო პროგრამის „საავტომობილო გზების მშენებლობა“ საკვალიფიკაციო გამოცდაზე კომპანიამ საკუთარი წარმომადგენელი მიავლინა, რომელმაც მონაწილეობა პროცესში პრაქტიკული გამოცდის კომისიის წევრის სტატუსით მიიღო.

გამოცდა 3 და 4 აგვისტოს ორ ეტაპად წარიმართა. პირველ ეტაპზე, გამოცდა თეორიულ ნაწილში ჩატარდა და საგამოცდო კომისიას აკადემიური სექტორის წარმომადგენლები შეადგენდნენ, ხოლო მეორე, პრაქტიკული საგამოცდო პროცესის შეფასებაში მონაწილეობა კომპანია „ჯიარჯი“-ს ხარისხის მენეჯერმა მიხეილ რუხაძემ მიიღო, რომელმაც კომისიის დანარჩენ წევრებთან ერთად შეაფასა მომავალი მეგზევეების კოლეჯში მიღებული ცოდნა.

სრული საგამოცდო პროცესის განმავლობაში, დამკვირვებლების სტატუსით მონაწილეობდნენ „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ანა საბახტარიშვილი, კომპანია „ჯიარჯის“ ადმინისტრაციის უფროსი თამთა გიორგაძე და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ექსპერტი, მარიკა ზაქარეიშვილი.

თამთა გიორგაძე, კომპანია „ჯიარჯი“-ს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ჩვენთვის, როგორც ბაზარზე არსებული ერთ-ერთი არცთუ ისე პატარა დამსაქმებლისთვის, მნიშვნელოვანია ამ პროცესებში ჩართულობა, რადგან ზუსტად ვიცით რა ცოდნა და უნარები უნდა ჰქონდეს კანდიდატს, რომელიც შეძლებს კომპანიაში გარკვეულ პოზიციაზე დასაქმებას.

სტაჟირების პროგრამები, რომლებსაც წელიწადში რამდენჯერმე ვახორციელებთ, რა თქმა უნდა, გვაძლევს გარკვეულ შედეგს, თუმცა ეს მოითხოვს დიდ ენერგიას და რესურსს, რომლის ფუფუნებაც ხშირად არ გვაქვს, სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე. ამიტომ დუალური სწავლების მეთოდი, არის უალტერნატივო და ჩვენთან მოსული სტუდენტი, რომელსაც კოლეჯში უკვე გავლილი აქვს თეორიული სწავლება, უფრო მეტად მოქნილი იქნება იმ სამუშაოს მიმართ, რომელიც მას პრაქტიკულ სწავლებაზე დახვდება.

კომპანია „ჯიარჯი“ მუდმივად გამოხატავს მზაობას ჩაერთოს და ხელი შეუწყოს დუალური სწავლების მეთოდით კადრების მომზადება-გადამზადების პროცესს. ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა და ჩვენი კვალიფიციური, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტების ჩართულობით, შევასწავლოთ სტუდენტებს, სხვადასხვა სამშენებლო პროფესიები.

მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა არსებობდეს, რომ მათი დასაქმება, რეალიზება შევძლოთ. ამიტომ, ჩვენ, როგორც ერთ-ერთი რიგითი, დამსაქმებელი კომპანია, მზად ვართ, უზრუნველვყოთ ყველა საჭირო პირობა იმისთვის რომ მათ შეძლონ ყოველგვარი შეფერხებების გარეშე, გაიარონ ის პრაქტიკული კურსი, რომელსაც დუალური სწავლების დროს განვახორციელებთ.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, კერძო სექტორი აქტიურად ჩაერთოს დუალური პროგრამების განხორციელებაში, რადგან თითოეული კარგად მომზადებული კადრია სწორედ ის ძალა, რომელზეც კომპანიის წარმატება დგას.“

ანა საბახტარიშვილი, ICCA-ს აღმასრულებელი დირექტორი: „მოხარული ვარ, რომ სამშენებლო მიმართულებით პირველი საკვალიფიკაციო გამოცდა სწორედ ჩვენი წევრის, „ჯიარჯის“ აქტიური ჩართულობით ჩატარდა. საგამოცდო პროცესის ეს მოდელი არა მხოლოდ აძლევს კომპანიებს იმ პასუხისმგებლობის გაზიარების საშუალებას, რომელიც კერძო სექტორს პროფესიული განათლების სისტემაში გააჩნია, არამედ ასევე იძლევა შესაძლებლობას, სტუდენტების გამოცდის პარალელურად შევაფასოთ თავად პროგრამის შესაძლებლობები, დავსახოთ მისი გაუმჯობესების გეგმა და კიდევ უფრო დავაახლოვოთ სისტემა კერძო სექტორის დღევანდელ მოთხოვნებთან.“

პროფესიული განათლების განვითარების ის მოდელი, რომელიც საქართველოში ხორციელდება, საგანმანათლებლო პროცესში სწორედ კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს. კომპანიები, როგორც პოტენციური დამსაქმებლები, აქტიურად არიან ჩართულნი, მომავალი დასაქმებულების კვალიფიკაციის დონის განსაზღვრასა და შეფასებაში. აღნიშნული მოდელი ხელს უწყობს დასაქმების ბაზრის მოთხოვნადი კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფას და მოთხოვნა/მიწოდებას შორის ბალანსს.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია (ICCA) აქტიურად მონაწილეობს პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის პროცესში, სხვადასხვა ტიპის აქტივობების განხორციელებით.