მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომუნიკაციების კომისია "კავკასუს ონლაინისთვის" სანქციის დაწესებაზე იმსჯელებს

5f3da31b20e4a
შოთა ტყეშელაშვილი
20.08.20 09:45
1279
"კავკასუს ონლაინს" კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან მორიგი სანქცია შეიძლება დაეკისროს, ამის შესახებ კომუნიკაციების სექტორის მარეგულირებლის 20 აგვისტოს სხდომის დღის წესრიგიდან ხდება ცნობილი. კომუნიკაციების კომისიის დღის წესრიგში კავკასუს ონლაინთან დაკავშირებით რამდენიმე ჩანაწერია. კომისიის დღის წერიგის მეთექვსმეტე და მეჩვიდმეტე პუნქტები სწორედ კომპანიისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას ეხება. 

კომისიის სხდომის დღის წესრიგის პუნქტები, რომლებიც "კავკასუს ონლაინისთვის" ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას ეხება:

16) შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (თ.კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
17) შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).

ამასთან, სხდომის დღის წესრიგის მეცხრამეტე პუნქტში ნათქვამია, რომ კომისია იმსჯელებს "კავკასუს ონლაინის" მიერ წარდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.

"შპს „კავკასუს ონლაინის“ (ს/კ 211380833) განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე (მომხს. ე.იმედაძე -  სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი),"- წერია კომისიის 20 აგვისტოს სხდომის დღის წესრიგში. 

იქნება თუ არა შემდეგი ნაბიჯი “კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველის დანიშვნა, უცნობია.

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ კომპანია “კავკასუს ონლაინს” 2020 წლის პირველ აგვისტომდე მისცა ვადა იმისთვის, რათა ტრანზაქცია, რომლითაც აზერბაიჯანულმა ჰოლდინგმა NEQSOL-მა "კავკასუს ონლაინი" იყიდა გაბათილებულიყო და კომპანიის 49%-იანი წილი მის ძველ მფლობელს ხვიჩა მაქაცარიას დაბრუნებოდა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია NEQSOL-მა 2019 წელს “კავკასუს ონლაინის” მშობელი კომპანიის 49%-იანი წილი შეისყიდა და მასში $61 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. სწორედ ამ გარიგებას მოჰყვა საქართველოს კომუნიკაციების კომისიის და მთავრობის მკვეთრი რეაგირება. კომისია მიუთითდებდა, რომ გარიგება მათთან არ იყო წინასწარ შეთანხმებული, რასაც "კავკასუსითვის" მკაცრი სანქცია უნდა მოყოლოდა.

თავად NEQSOL-ის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება გარიგების საქმის კურსში იყო და არსებობდა შესაბამისი თანხმობაც იმის თაობაზე, რომ “კავკასუსის” მეწილეთა რიგებში ცვლილება განხორციელებულიყო.

სწორედ ეს დავა გახდა მიზეზი, რის გამოც, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელიც კომისიას უფლებას აძლევს კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს.

თავისმხრივ აზერბაიჯანილი ჰოლდინგის მიზანი ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელებით ახალი ციფრული დერეფანის შექმნაა.

NEQSOL ჰოლდინგი ქართული მარეგულირებლის გადაწყვეტილებებს არ ეთანხმება და თუ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხდა, საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიმართვასაც აპირებს.