„უნდა მოხდეს ტარიფების სწორად განაწილება და არ უნდა მოხდეს ე.წ ჯვარედინი სუბსიდირება, რაც არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც ფასები შეიძლება შემცირდეს, თუმცა ნიშნავს, რომ ჩვენ ბაზარს დავიცავთ, არაკონკურენტული, დემპინგური ფასებისგან, რომელიც ბაზარს ანგრევს და იწვევს კონკურენციის გაუარესებას“,- ამის შესახებ მცირე და საშუალო ტელეკომოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი უჩა სეთური აცხადებს. ასე გამოეხმაურა ის „საქმის კურსთან“ ინტერვიუში კომუნიკაციის კომისიის დაკვეთით ევროპელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ მობილური მომსახურების ბაზრის მონიტორინგის შედეგებს, სადაც კომპანია „მაგთი“ მიჩნეულია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიად, რომელსაც შესაძლოა სპეციფიკური ვალდებულებები დაუწესდეს.
უჩა სეთური მიიჩნევს, რომ ჯვარედინი სუბსიდირების გზით, „მაგთიკომი“ ბაზარზე დემპინგური ფასებით ოპერირებს.
„ჯვარედინი სუბსიდირება ნიშნავს იმას, რომ მე ვიღებ ზემოგებას სხვა სეგმენტისგან, რაც მეძლევა იმის საშუალება, რომ სხვა სეგმენტზე გავაკეთო დემპინგი... დემპინგი არის ჩვენი მოსაზრება, რაც არ ნიშნავს რომ ეს ფაქტია. იმედი გვაქვს, რომ კვლევაში ეს გამოჩნდება“,-აცხადებს სეთური.
კომუნიკაციების კომისიამ ევროპელი ექსპერტების მიერ მომზადებული მობილური ბაზრის კომპლექსური კვლევის საფუძველზე შესაძლოა მაგთიკომი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად გამოაცხადოს, ახალი ვალდებულებები დააკისროს და ბაზრის გახსნა მოსთხოვოს. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ განხილვების შემდეგ კომისიის წევრები საბოლოო გადაწყვეტილებაში ევროკავშირის ექსპერტების დასკვნას გაიზიარებენ. სპეციფიკური ვალდებულებების ფარგლებში კომპანიამ თავის ინფრასტრუქტურაზე სხვა მსურველი კომპანიები უნდა დაუშვას და ბაზარი გახსნას. საუბარია სამი სხვადასხვა სახის დაშვების ვალდებულებაზე.
„ ბაზარზე ჩარევა აბსოლუტურად ევროპული პრაქტიკა და ევროპული გამოცდილებაა. არსებობს მარეგულირებელი კომისია, რომ დაიცვას მომხმარებელი და ბაზარი რისკებისგან. საუბარია რისკების პრევენციაზე. კომისიის ჩარევა და ვალდებულებების იმ დოზით დაკისრება უნდა მოხდეს, [რადგან ეს კომპანია ინოვაციების შემომტანი კომპანიაა], რომ მას ხელი არ უნდა შეეშალოს განვითარებაში, თუმცა დაცულები უნდა ვიყოთ მცირე და საშუალო ბიზნესი და მომხმარებელი ისეთი გადაწყვეტილებებისგან, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ჩვენი ინტერესი.
ჩვენ დღეს არ ვიცით რას აპირებს მარეგულირებელი, როგორი იქნება მისი ინტერვენციის მოცულობა, როგორი იქნება დაშვების ვალდებულების შინაარსი, რა დოზის დავალებებს მისცემს, შესაბამისად უნდა ვნახოთ, დაველოდით და მერე გავაკეთოთ შეფასებები.
ცალსახაა, რომ ერთის მხრივ კომისია ვალდებულია იმგვარი მოცულობით დააკისროს ვალდებულებები, რომ კომპანიის განვითარებას ხელი არ შეუშალოს, თუმცა მეორე მხრივ საუბარია, დაურეგულირებელ და ქაოტურ ბაზარზე. მე მგონია, რომ ეს [ბაზარზე ჩარევა] იქნება ხელშემწყობი იმისთვის, რომ ინვესტირება გაიზარდოს და ბაზარი გახდეს რეგულირებული, განჭვრეტადი. განცდა იქნება, რომ კანონი კანონობს და ბაზარი „მონოპოლისტების“ თავნებობისგან დაცულია“,-განაცხადა უჩა სეთურმა.
ევროპელი ექსპერტების შეფასებით, „მაგთიკომის“ მნიშვნელოვან ძალაუფლებაზე მეტყველებს მობილური ქსელის ბაზრის წილი, ასევე აბონენტების რაოდენობა და შემოსავლები, რის მიხედვითაც, მაგთიკომი ბაზრის სხვა მოთამაშეებთან შედარებით მოწინავე პოზიციაზეა. კვლევის მიხედვით, მაგთიკომის ძალაუფლებაზე მეტყველებს 2022 წლის მონაცემებიც, რა დროსაც ქვეყანაში მთლიანი მობილური ინტერნეტ ტრაფიკის ნახევარზე მეტს სწორედ „მაგთიკომი“ აგენერირებს. ამასთან, „მაგთიკომის“ სიმძლავრესა და დიდ პოტენციალზე მიუთითებს ბოლო წლებში კომპანიის მიერ კონკურენტებთან შედარებით მნიშვნელოვნად მეტი ინვესტიციის განხორციელება საკუთარ ინფრასტრუქტურაში.
ყველა ჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინებით, მარეგულირებელი ევროკავშირის ექსპერტებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ „მაგთიკომი“ ბაზარზე დიდი უპირატესობით სარგებლობს და მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორია, ვინაიდან ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმში კრიტიკულად დიდი უპირატესობა აქვს კონკურენტებთან შედარებით - როგორც ფინანსური რესურსების, ისე აბონენტებისა და ინფრასტრუქტურის კუთხით.
კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ 23 აპრილს “საქმის კურსის” ეთერში ისაუბრა, რატომ გამოიკვეთა ბაზარზე მაგთიკომი, როგორც დომინანტი კომპანია, როცა წლების განმავლობაში მარეგულირებელი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ სხვა ოპერატორებსაც ასახელებდა.
მობილური მომსახურების ბაზრის მოკვლევაზე დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომუნიკაციების კომისია ბაზრის ანალიზის შედეგებს 6 ივნისის, საჯარო სხდომაზე განიხილავს, ხოლო 17 მაისამდე დაინტერესებულ მხარეებს კომპლექსური კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, უკუკავშირის წარმოდგენა შეეძლებათ.