მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მაგთიკომი“ კახა ბექაურის განცხადებას პასუხობს

„მაგთიკომი“ ტელეკომ ბაზრის „კომუნიკაციების კომისიის“ თავმჯდომარის კახა ბექაურის განცხადებას პასუხობს, რომელიც თავის მხრივ მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელმა კომპანიის საპასუხოდ გააკეთა.

„მაგთიკომში“ აცხადებენ, რომ „ანტიკორუფციულ ბიუროში“ შესული მათი წერილი არა კომისიას, არამედ თავად კახა ბექაურის ქმედებების შესწავლას ეხებოდა და ამბობენ, რომ სიმშვიდედაკარგულმა კახა ბექაურმა ორი დამოუკიდებელი ორგანოს - ანტიკორუფციული ბიუროს და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყველა წევრის ფუნქცია ერთპიროვნულად შეითავსა.

„შპს „მაგთიკომმა" დამოუკიდებელ ორგანოს - სსიპ „ანტიკორუფციულ ბიუროს" ოფიციალური წერილით 2024 წლის 29 იანვარს მიმართა. ბატონმა ბექაურმა ვერ მოითმინა და „ანტიკორუფციული ბიუროს" მოკვლევის პასუხს დაასწრო, რითაც ის საკუთარი შეფასებებით ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს „ანტიკორუფციული ბიუროს" მიერ საკითხის ობიექტურად შესწავლაზე. შესაბამისად, ანტიკორუფციული ბიუროს მოკვლევის დამთავრებამდე ბრალდებების შერაცხვა „აბსურდულად" მხოლოდ ბატონი ბექაურის სურვილია და არა რეალობა.

ღიმილის მომგვრელია ბატონი ბექაურის მიდგომა, რომლითაც ის საკუთარ თავს სრულად აიგივებს დამოუკიდებელ კოლეგიალურ ორგანოსთან - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან. მაგთიკომის განცხადება ეხებოდა პირადად ბატონი ბექაურის ქმედებების შესწავლას და არა მარეგულირებელ კომისიას.

ბატონი ბექაურის სხვა ქმედებების შესახებ საზოგადოება დამატებით იქნება ინფორმირებული“, - ნათქვამია „მაგთიკომის“ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: კომპანია „მაგთიკომმა“ კომუნიკაციების კომისიის მიერ 2023 წლის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების კვლევის საპასუხოდ განცხადება 26 იანვარს გაავრცელა, რომელშიც ComCom-ის კვლევა ადასტურებს, რომ მობილური ინტერნეტის ფასები ევროპაზე 13%-დან 53%-მდე იაფია. 29 იანვარს კი კომპანიამ ComCom-ის თავმჯდომარის, კახი ბექაურის ქონებრივ დეკლარაციაზე ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართა.

კახა ბექაურის დღეს გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, კომპანია „მაგთიკომი“ ComCom-ის თანმიმდევრულ ნაბიჯებს ვერ ეგუება, რომელიც ტელეკომ ბაზრის გახსნისა და კონკურენციის გაჯანსაღებისკენ არის მიმართული. ბაზარზე არსებული პრობლემების გადაფარვის მოტივით, კომპანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას აბსურდული ბრალდებებით და აქცენტების გადატანით უსუსურად ცდილობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები