კახა ბექაურის შეფასებით, კომპანია „მაგთიკომი“ ComCom-ის თანმიმდევრულ ნაბიჯებს ვერ ეგუება, რომელიც ტელეკომ ბაზრის გახსნისა და კონკურენციის გაჯანსაღებისკენ არის მიმართული. ბაზარზე არსებული პრობლემების გადაფარვის მოტივით, კომპანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას აბსურდული ბრალდებებით და აქცენტების გადატანით უსუსურად ცდილობს. ასე ეხმაურება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე „მაგთიკომის“ ბრალდებებს, რომელსაც მარეგულირებელი საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.
„კომპანია „მაგთიკომის“ განცხადება, რომელიც ანტიკორუფციულ ბიუროს ჩემი საქმიანობის შესწავლას მოუწოდებს, შეიცავს აბსურდულ ბრალდებებს. „მაგთიკომის“ უსუსური მცდელობები, მთავარი პრობლემებიდან გამოგონილ თემებზე გადაიტანოს აქცენტი, პირდაპირ დაკავშირებულია კომუნიკაციების კომისიის საქმიანობასა და გადაწყვეტილებებთან, რომელიც ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის გაჯანსაღებისკენაა მიმართული. ამ ფორმით, „მაგთიკომი“ ცდილობს უხეშად ჩაერიოს და გავლენა მოახდინოს კომუნიკაციების კომისიის საქმიანობაზე.
კომპანიის მხრიდან ღია დაპირისპირების შესაძლო მოტივი ბაზრის გახსნისკენ კომუნიკაციების კომისიის მიერ გადადგმული ნაბიჯებია, მათ შორის, მობილურ და ფიქსირებულ მომსახურებებზე ფასების კვლევა, რომლის შედეგებიც საგანგაშო და საყურადღებოა, ვინაიდან ქართველი აბონენტები ევროპელებისგან განსხვავებით ფიქსირებულ მაღალსიჩქარიან ინტერნეტში 136%-ით ძვირს იხდიან, ხოლო მაღალი მოცულობის მობილურ მომსახურებებში - 36%-ით ძვირს. სწორედ ამ გამოწვევების და პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, კომუნიკაციების კომისია წელიწადზე მეტია ტელეკომ სექტორის კომპლექსურ კვლევას ატარებს. კვლევის პროცესში ყველა ოპერატორი და ბუნებრივია, „მაგთიკომიც“ ჩართულია. კვლევის შედეგები, რომელსაც ევროპელი ექსპერტები ატარებენ, ტელეკომ ბაზარზე არსებულ მძიმე სურათს აჩვენებს. ეს შედეგები „მაგთიკომისთვის“ ცნობილია, მათთვის ცნობილია ისიც, რომ კომუნიკაციების კომისია, კვლევის დასრულების შემდეგ, ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღებს ეფექტიან და ქმედით გადაწყვეტილებებს იმისთვის, რომ ქართული ტელეკომ ბაზარი გაჯანსაღდეს და მომხმარებლები სათანადო ხარისხითა და ფასით იყვნენ უზრუნველყოფილი. კომპლექსური კვლევის შედეგების შესახებ საზოგადოებამ ჯერ არ იცის, მაგრამ „მაგთიკომი“ კარგად იცნობს ევროპელი ექსპერტების მიერ მომზადებულ ყველა დოკუმენტს და რეკომენდაციას, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ბაზრის გაჯანსაღებისთვის საჭიროა, კომპანია „მაგთიკომს“ დამატებითი რეგულაციები დაეკისროს. კომპანია აცნობიერებს კომუნიკაციების კომისიის შესაძლო გადაწყვეტილებებს, რომლის მიხედვითაც, არ არის გამორიცხული ექსპერტების რეკომენდაციის გათვალისწინებით, მას ახალი ვალდებულებები გაუჩნდეს. შესაბამისად, კომპანია ცდილობს კომუნიკაციების კომისიის საქმიანობაში უხეშად ჩაერიოს და მის გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინოს, რაც პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ უსუსური მცდელობაა და მსგავსი აბსურდული ბრალდებები კომისიის საქმიანობაზე გავლენას ვერ მოახდენს.
რაც შეეხება „მაგთიკომის“ სამ აბსურდულ ბრალდებას, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამ კითხვაზე არაერთი განმარტება და პასუხი არსებობს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ:
1 - კომპანია „ორ ნაბიჯში“ ჩემს მიერ წილის ფლობა, სრულ შესაბამისობაშია კანონთან, კერძოდ, კომისიის წევრის ინტერესთა კონფლიქტის/შეუთავსებლობის საკითხებს აწესრიგებს სპეციალური კანონმდებლობა, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონები, ხოლო „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი კომისიის წევრის მიმართ გამოიყენება მხოლოდ იმ საკითხებთან მიმართებით, რომელიც სპეციალური კანონმდებლობით არ არის მოწესრიგებული. მოქმედი კანონმდებლობით კი კომისიის წევრის ეკონომიკური აქტივობები (იქნება ეს წილის ფლობა, პირდაპირი თუ არაპირდაპირი შემოსავალი ან სხვა ეკონომიკური ინტერესი) იკრძალება მხოლოდ კომისიის რეგულირების სფეროში შემავალი სუბიექტების მიმართ. როგორც მოგეხსენებათ „ორი ნაბიჯი“ არ წარმოადგენს კომისიის რეგულირების სფეროში შემავალ კომპანიას. შესაბამისად, აღნიშნულ კომპანიაში წილების ფლობა და მართვა არ წარმოადგენს კომისიის წევრისათვის ინტერესთა კონფლიქტის დარღვევას. ამ თემის შესწავლა წინა წლებში მოხდა და კანონთან თავსებადობის კუთხით არცერთ შესაბამის უწყებას კითხვა არ დარჩენია.
2 - რიგით მეორე ბრალდება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ვინაიდან „სხვა არხი“, არ წარმოადგენს კომისიის რეგულირების სფეროში შემავალ იურიდიულ პირს, აღნიშნულის გადამოწმება „მაგთიკომს“ კომისიის უწყებრივი რეესტრით შეეძლო, რომელიც კომისიის ვებგვერდზე საჯარო და ხელმისაწვდომია ყველასთვის, ამიტომაც კანონის შესაბამისად არც აღნიშნულ კომპანიაში წილის ფლობა ან სხვა საქმიანობა არ ეკრძალება კომისიის წევრს.
3 - რაც შეეხება მედია აკადემიას, ის კომუნიკაციების კომისიის გამჭვირვალობის სტანდარტით საქმიანობს და ყველა კითხვაზე რამდენჯერმე გვაქვს საჯაროდ გაცემული პასუხი. მათ შორის, ჩემი მეუღლის მედია აკადემიის ერთ-ერთ პროექტში მონაწილეობის შესახებ. „მასტერკლასი“ წარმოადგენს საგანმანათლებლო ხასიათის პროექტს, რომელშიც ეკა ბერიძემ თავისი მრავალწლიანი ჟურნალისტური ცოდნა და გამოცდილება ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, უსასყიდლოდ გაუზიარა დამწყებ და მოქმედ ჟურნალისტებს. ამასთან დაკავშირებით, არაერთხელ გაგვიცია საჯაროდ ინფორმაციაც და აღნიშნულის გადამოწმება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მარტივად შეუძლია ჩემი მეუღლის დეკლარაციაში, სადაც არანაირი შემოსავალი მედიააკადემიიდან მას არ უფიქსირდება.
ხაზგასმით შემიძლია გითხრათ, რომ აბსურდული ბრალდებებით ვერც „მაგთიკომი“ და ვერც ერთი ავტორიზებული პირი ვერ მოახდენს კომუნიკაციების კომისიის საქმიანობასა და გადაწყვეტილებებზე გავლენას. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ევროპული სტანდარტები დავნერგოთ და ჩვენს ქვეყანაში ტელეკომ ბაზარი კონკურენტული და მომხმარებელზე ორიენტირებული იყოს“, - ნათქვამია კახა ბექაურის განცხადებაში.