პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ უწყების 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ანგარიშის მთავარი აქცენტი ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის განვითარების მიზნით მიმდინარე კომპლექსურ კვლევასა და გამოვლენილ გამოწვევებს დაეთმო.
ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ჩატარებული საკომუნიკაციო ფიზიკური ინფრასტრუქტურის ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ საკომუნიკაციო და საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი არსებობს. კომისიის შეფასებით, მოქმედი მარეგულირებელი ჩარჩო კონკურენციისთვის საკმარისი არ არის და დამატებითი რეგულაციებია საჭირო.
„პირველადი შედეგების მიხედვით, საკომუნიკაციო/საკანალიზაციო არხებზე დაშვების ბაზარზე ერთ-ერთი ოპერატორი პოტენციურად გამოყენებადი ინფრასტრუქტურის დაახლოებით 70%-ს ფლობს“, - განაცხადა გოგა გულორდავამ, თუმცა ოპერატორი არ დაუკონკრეტებია. მისივე თქმით, გამოკვეთილ პრობლემებს შორის არის ბაზარზე შესვლის მაღალი ბარიერები, კონკურენციის ნაკლებობა, დომინანტი მესაკუთრის პოზიციის გაძლიერება და არსებული რეგულაციების დაბალი ეფექტიანობა.
რაც შეეხება საკომუნიკაციო ბოძებზე დაშვების სეგმენტს, ის კონკურენტულად მიიჩნიეს, რადგან ელექტრო და გარე განათების ბოძების გაზიარება კანონით უკვე რეგულირდება.
ბაზრის ეფექტიანი რეგულირებისთვის კვლევის ექსპერტებმა ComCom-ს რამდენიმე ძირითადი მიმართულება შესთავაზეს:
- გამჭვირვალობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის უზრუნველყოფა;
- დაშვების პროცედურების სტანდარტიზაცია;
- კომისიისთვის დაშვების პროცესის მონიტორინგისა და საფასო რეგულირების ეფექტიანი ბერკეტების შექმნა.
გულორდავას განმარტებით, ახალი რეგულაციების მიზანია, მცირე და ახალ ოპერატორებს საქმიანობის განვითარებისა და ალტერნატიული შეთავაზებების შექმნის შესაძლებლობა მიეცეთ, ხოლო ქსელის მფლობელებმა დამატებითი შემოსავალი მიიღონ, რაც საბოლოოდ მომხმარებლისთვის მომსახურებას უფრო მრავალფეროვანსა და ხელმისაწვდომს გახდის.
ანგარიშის თანახმად, კვლევის ფარგლებში ასევე შესწავლილია ფიქსირებული ინტერნეტის საცალო ბაზარზე კორპორაციული (იურიდიული პირი) აბონენტების პირობები. 2026 წელს დაგეგმილია შესაბამისი საბითუმო ბაზრის ფიქსირებულ ქსელზე მაღალი ხარისხის წვდომის ანალიზი, რასთან დაკავშირებითაც კომისია ბაზრის მონაწილეებთან კონსულტაციებს გამართავს.
ამასთან, უკვე დაწყებულია კიდევ ორი საბითუმო ბაზრის შესწავლა:
- IP ტრანზიტის (გლობალური და ლოკალური ინტერნეტ კავშირის) საბითუმო ბაზარი;
- Backhaul გამოყოფილი არხების (მაგისტრალური და დასახლებებს შორის არსებული) საბითუმო ბაზარი.
ComCom-ში აცხადებენ, რომ ამ ბაზრების შესწავლა და მარეგულირებელი ჩარჩოს განახლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიქსირებული ქსელის მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის. გარდა ამისა, პირველი ეტაპის შედეგების აღსრულების ფარგლებში, კომისია გეგმავს ფიქსირებულ და მობილურ ქსელზე დაშვების ტარიფების გაანგარიშებასა და ოფერტების პირობების იმგვარად ოპტიმიზაციას, რომ დაშვება რეალურად განხორციელებადი გახდეს.























