მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომუნიკაციების კომისია TikTok-თან თანამშრომლობაზე შეთანხმდა - რა საკითხებზე იმუშავებენ?

კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისია TikTok-ის რეგიონულ ხელმძღვანელს შეხვდა და არასრულწლოვანთა ონლაინ უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდა. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში კომისია სახელმწიფოს მხრიდან TikTok-სა და შესაბამის უწყებებს შორის დამაკავშირებლის როლს შეასრულებს.

„ბავშვთა უსაფრთხოება და სოციალურ ქსელებში არასრულწლოვანთა დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. განსაკუთრებით რთულია იმ პლატფორმებთან ურთიერთობა, რომლებიც საქართველოში ავტორიზებული არ არიან და, შესაბამისად, კომისიის ბერკეტები მათ მიმართ შედარებით შეზღუდულია. რამდენიმე კვირის წინ TikTok-ის რეგიონულ ხელმძღვანელს შევხვდით და თანამშრომლობაზე შევთანხმდით. მნიშვნელოვანია, რომ პლატფორმასთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა გვქონდეს, მით უმეტეს, რომ TikTok-ს საქართველოში 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

ამასთან, სტატისტიკური ინფორმაცია გამოვითხოვეთ და აღმოჩნდა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოდან TikTok-ის მიმართულებით არცერთი საჩივარი ან პრობლემის შესახებ ოფიციალური მიმართვა არ დაფიქსირებულა. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციის მექანიზმი არსებობდეს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის საკითხებზე პლატფორმასთან პირდაპირი თანამშრომლობა შეგვეძლოს“, - განაცხადა გულორდავამ.

კომისიის თავმჯდომარის თქმით, არასრულწლოვანთა ონლაინ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ სოციალური ქსელების პლატფორმებთან თანამშრომლობა საკმარისი არ იქნება და პროცესში სხვა სახელმწიფო უწყებების ჩართულობაც იქნება საჭირო.

„ამ მიმართულებით კომპლექსური სამუშაოა საჭირო, მათ შორის სხვადასხვა უწყებასთან თანამშრომლობა. ეს ბუნებრივია, გულისხმობს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციას. ამასთან, შესაძლოა საჭირო გახდეს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებაც, რათა არასრულწლოვანთა ონლაინ უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების საპასუხოდ ეფექტიანი მექანიზმები გვქონდეს“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები