კომუნიკაციების კომისიის ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ანგარიშის წარდგენისას, ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის კონტროლის აუცილებლობა, მომხმარებელთა დროული ინფორმირება და სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროება.
დოკუმენტის თანახმად, 2025 წელს სამსახურში 3 015 საჩივარი შევიდა, საიდანაც 2 863 დაკმაყოფილდა.
ამასთან, გასულ წელს სამსახურმა საინფორმაციო კამპანიების „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ და „მოგზაური ოფისი“ ფარგლებში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან 170-მდე შეხვედრა გამართა. შედეგად, უშუალო კომუნიკაცია 9 000-მდე მომხმარებელთან დამყარდა.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მთავარი ფუნქცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაა.
























