მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოცულობის მობილურ ინტერნეტს მოიხმარს ერთი აბონენტი საქართველოში?

მობილური ინტერნეტი
სტატიაში საუბარია:

2026 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოში ერთი აბონენტი საშუალოდ თვეში 20.6 გიგაბაიტ ინტერნეტს მოიხმარს, ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.7 გიგაბაიტით, ანუ 22%-ით არის გაზრდილი.

როგორც კომუნიკაციების კომისიის სტატისტიკიდან ირკვევა, საქართველოში მობილურ ინტერნეტს სულ 4,592,863 აბონენტი იყენებს, რაც მთლიანი აბონენტების 77.3%-ია, შედარებისთვის გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა მთლიანი აბონენტების 71%-ზე იყო.

როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, ყველაზე მეტ მობილურ ინტერნეტს მაგთის აბონენტები მოიხმარენ, თვეში 26.1 გიგაბაიტის ოდენობით (ზრდა წინა წელთან 10%); მეორე ადგილზეა სილქნეტის აბონენტები 18.5 გიგაბაიტით (ზრდა წინა წელთან 21%); მესამეზე კი სელფი მობაილის აბონენტები 15.7 გიგაბაიტით (ზრდა წინა წელთან 46%).

რაც შეეხება მობილური ოპერატორების შემოსავლებს - 2026 წლის იანვარ-მაისში კომპანიებმა საერთო ჯამში 393 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით არის გაზრდილი.

2026 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში მობილური ოპერატორების ფინანსური მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

  • მაგთი - 185,315,798 ლარი, 2,463,602 აბონენტი, ბაზრის 41.5%, შემოსავლის ზრდა 9%;
  • სილქნეტი - 135,352,123 ლარი, 2,098,593 აბონენტი, ბაზრის 37%, შემოსავლების ზრდა 7%;
  • სელფი მობაილი - 71,631,742 ლარი, 1,348,900 აბონენტი, ბაზრის 22.7%, შემოსავლების ზრდა 13%.

ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, ყველა ოპერატორის შემთხვევაში გაზრდილია ერთი მომხმარებლიდან ერთი თვის განმავლობაში მიღებული შემოსავალი (ARPU), რაც ოპერატორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრია. 2026 წლის მაისში "მაგთის" ერთი აბონენტი კავშირგაბმულობაში თვის განმავლობაში 15.81 ლარს იხდიდა, რაც წლიურად 41 თეთრით არის მომატებული, "სილქნეტის" ერთი აბონენტის საშუალო ხარჯი თვეში 13.69 ლარია, რაც 31 თეთრით არის გაზრდილი ერთი წლის ჭრილში, ხოლო "სელფი მობაილის" ერთი აბონენტის საშუალო თვიური ხარჯი 11.61 ლარია, რაც წლიურად 1.07 ლარით არის მომატებული. შესაბამისად, 2026 წელს ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება ყველაზე მეტად "სელფიმ" შეძლო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები