საქართველოში მოქმედმა მობილურმა ოპერატორებმა კომუნიკაციების კომისიას 2026 წლის პირველი ხუთი თვის ფინანსური მაჩვენებლები უკვე წარუდგინეს, რომელთა მიხედვითაც სექტორის შემოსავლები წელს 9%-ით, 393 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
კომუნიკაციების კომისიის სტატისტიკის თანახმად, ქართული მობილური ოპერატორების აქტიური აბონენტების (აქტიური სიმბარათების) რაოდენობა 5,938,193-მდე არის გაზრდილი, რაც წლიურ ჭრილში 238,732 აბონენტის (სიმ ბარათის) მატებას ნიშნავს.
2026 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში მობილური ოპერატორების ფინანსური მაჩვენებლები ასე ნაწილდება:
- მაგთი - 185,315,798 ლარი, 2,463,602 აბონენტი, ბაზრის 41.5%, შემოსავლის ზრდა 9%;
- სილქნეტი - 135,352,123 ლარი, 2,098,593 აბონენტი, ბაზრის 37%, შემოსავლების ზრდა 7%;
- სელფი მობაილი - 71,631,742 ლარი, 1,348,900 აბონენტი, ბაზრის 22.7%, შემოსავლების ზრდა 13%.
ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, ყველა ოპერატორის შემთხვევაში გაზრდილია ერთი მომხმარებლიდან ერთი თვის განმავლობაში მიღებული შემოსავალი (ARPU), რაც ოპერატორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრია. 2026 წლის მაისში "მაგთის" ერთი აბონენტი კავშირგაბმულობაში თვის განმავლობაში 15.81 ლარს იხდიდა, რაც წლიურად 41 თეთრით არის მომატებული, "სილქნეტის" ერთი აბონენტის საშუალო ხარჯი თვეში 13.69 ლარია, რაც 31 თეთრით არის გაზრდილი ერთი წლის ჭრილში, ხოლო "სელფი მობაილის" ერთი აბონენტის საშუალო თვიური ხარჯი 11.61 ლარია, რაც წლიურად 1.07 ლარით არის მომატებული. შესაბამისად, 2026 წელს ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება ყველაზე მეტად "სელფიმ" შეძლო.
მობილური ოპერატორების საქმიანობის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2026 წლის მაისის მდგომარეობით, მობილურ ინტერნეტს ყოველთვიურად 4,592,863 აბონენტი მოიხმარდა, რაც მთლიანი აბონენტების 77.3%-ია, წინა წელს ეს მაჩვენებელი აბონენტების 71.1% იყო.
სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის მაისის მდგომარეობით ერთი აბონენტი თვეში საშუალოდ 20.6 გიგაბაიტ ინტერნეტს მოიხმარდა, რაც წლიურად 3.7 გიგაბაიტით (21.7%-ით) არის გაზრდილი.




























