მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქსელზე დაშვების ვალდებულება მცირე ოპერატორებს ბაზარზე შესვლას გაუმარტივებს - უჩა სეთური

წერტილი

მცირე და საშუალო ტელეკომოპერატორების ასოციაციაში აცხადებენ, რომ ევროპელი ექსპერტების მიერ ჩატარებული ფიქსირებული ინტერნეტ ბაზრის კვლევის შედეგები მათთვის მისაღებია.

როგორც ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა BMG-ის განუცხადა, მცირე ოპერატორებისთვის მსხვილი კომპანიების ინფრასტრუქტურაზე დაშვება კვლავ გამოწვევას წარმოადგენს. უჩა სეთურის თქმით, ინფრასტრუქტურაზე დაშვების საკითხი პრობლემურია არამხოლოდ „მაგთიკომის“, არამედ სხვა მსხვილი ოპერატორების შემთხვევაშიც.

მისივე თქმით, თუკი საბოლოოდ „მაგთიკომს“ აღნიშნული ვალდებულება დაუწესდება, ეს მცირე ოპერატორებს ბაზარზე მარტივად შესვლის საშუალებას მისცემს. უჩა სეთურის განმარტებით, კვლევით გათვალისწინებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულება დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვაა, რაც უზრუნველყოფს, რომ კომპანიამ ე.წ. ჯვარედინი სუბსიდირების მექანიზმი არ გამოიყენოს.

„ინფრასტრუქტურაზე დაშვებასთან დაკავშირებით გარკვეული გამოწვევები ახლაც არის. რიგ შემთხვევაში, ამ მიმართულებით მსხვილი მოთამაშეებისგან უარი იყო ხოლმე, არამხოლოდ „მაგთისგან“, არამედ მეორე მსხვილი კამპანიისგანაც, ასევე სხვა მსხვილი მოთამაშეებისგანაც იყო უარი. ანდაც შემთხვევები, როდესაც ისეთი საფასო შემოთავაზებების წარმოდგენა ხდება, რომელსაც ჩვენ ფიზიკურად ვერ ვწვდებით. მოგეხსნებათ, თუ მინდა რომ კონკურენტი არ განვითარდეს საბითუმო ბაზარზე, მას ისეთ მაღალ ფასს ვთავაზობ, რომ ინტერესი აღარ ჰქონდეს შემოსვლის და ქსელის აშენების. დაშვების ვალდებულებით ჩვენთვის, კონკურენტი ოპერატორებისთვის ბაზარზე შესვლა გამარტივდება, რადგან თავისუფალი რესურსის შემთხვევაში, ვითხოვ ქსელზე დაშვებას და შემდეგ საცალო ბაზარზე შევძლებ პოზიციონერებას. ამასთან, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხარჯების და დანახარჯების განცალკევების ვალდებულება, რომელიც საშუალებას მოგვცემს თავი დავიცვათ საფასო მანიპულაციისგან და ე.წ. ჯვარედინი სუბსიდირებისგან. ზოგადად ამ ვალდებულების დაკისრება არ ნიშნავს იმას, რომ „მაგთიკომი“ რაიმეს აუცილებლად არღვევს, ესაა წინასწარი რეგულირების მექანიზმები, რადგან კომუნიკაციების კომისიამ ამ მიმართულებით რისკები დაინახა“, - განაცხადა უჩა სეთურმა

ცნობისთვის, კომუნიკაციების კომისია (ComCom) მუშაობს პროექტზე, რომელიც საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის უმსხვილესი მიმწოდებლისთვის, "მაგთისთვის" ახალი რეგულაციის დაწესებას ითვალისწინებს. კომისიისა და ევროკავშირის ექსპერტების მიერ მომზადებული კვლევა მიუთითებს, რომ ქვეყნის უმეტეს დასახლებულ პუნქტებში ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარი არაკონკურენტულია, აღნიშნული მდგომარეობის გამოსწორებისთვის კი მნიშვნელოვანია "მაგთის" მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის მქონე ოპერატორის სტატუსი მიენიჭოს. კომისიის თანახმად, "მაგთის" საკუთარი ტექნიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების ვალდებულება უნდა განესაზღვროს, რათა სხვა ოპერატორებმა "მაგთისგან" ქსელის ქირაობა და აბონენტებისთვის სერვისის ამ გზით მიწოდება შეძლონ.

თავად „მაგთიკომი“ კი მიიჩნევს, რომ ფიქსირებული ინტერნეტ ბაზრის კვლევა არასწორადაა ჩატარებული, ხოლო შერჩეული ვალდებულებები უკიდურესად მძიმე და არასწორი. კომპანიის იურისტის განცხადებით, გათვალისწინებული ვალდებულებები მაგთიკომის წინააღმდეგაა მიმართული, თუმცა მისი ძალაში შესვლის შემდეგ იგი ნეგატიურად აისახება მთლიანად სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და დარგში ინვესტიციები შემცირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები