მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაგთის" ფიქსირებულ ინტერნეტზე შეიძლება კონკურენტების დაშვების ვალდებულება დაეკისროს - ComCom

კაბელი ინტერნეტი

კომუნიკაციების კომისია (ComCom) მუშაობს პროექტზე, რომელიც საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის უმსხვილესი მიმწოდებლისთვის, "მაგთისთვის" ახალი რეგულაციის დაწესებას ითვალისწინებს. კომისიისა და ევროკავშირის ექსპერტების მიერ მომზადებული კვლევა მიუთითებს, რომ ქვეყნის უმეტეს დასახლებულ პუნქტებში ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარი არაკონკურენტულია, აღნიშნული მდგომარეობის გამოსწორებისთვის კი მნიშვნელოვანია ბაზრის უმსხვილეს მოთამაშეს, "მაგთის" მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის მქონე ოპერატორის სტატუსი მიენიჭოს და ამ სტატუსთან ერთად ახალი ვალდებულებები დაუწესდეს.

კომისიის თანახმად, "მაგთის" საკუთარი ტექნიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების ვალდებულება უნდა განესაზღვროს, რათა სხვა ოპერატორებმა "მაგთისგან" ქსელის ქირაობა და აბონენტებისთვის სერვისის ამ გზით მიწოდება შეძლონ. კომუნიკაციების კომისიის შეფასებით, ამ გზით ბაზარზე კონკურენციის დონე გაიზრდება.

2024 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის (ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელი) 995 ათასი აქტიური აბონენტია, მათი ნახევარზე მეტი (519 ათასი აბონენტი) ინტერნეტს "მაგთისგან" იღებს, რაც მთლიანი ბაზრის 52%-ია. რიგით მეორე პროვაიდერს, სილქნეტს ბაზრის 34%-იანი წილი უჭირავს, მესამე მოთამაშეს "ახალ ქსელებს" კი 5%-იანი წილი. შესაბამისად, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზრის მთავარი მოთამაშე არის "მაგთი".

კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად:

"მაგთიკომი“ ვალდებული იქნება საკუთარი ქსელი სხვა ოპერატორებს შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ მიაქირავოს და მისცეს შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი საინვესტიციო დანახარჯების გარეშე შემოვიდნენ ბაზარზე ან თავიანთი მოქმედების არეალი გააფართოონ და დიდ ოპერატორებს მეტად ეფექტიანი კონკურენცია გაუწიონ.

გარდა დაშვების ვალდებულებისა, ევროკავშირის ექსპერტების დასკვნით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორს უნდა დაეკისროს სატარიფო რეგულირების ვალდებულება, რომელიც ქსელზე დაშვების შემთხვევაში, ქირის ფასის ზედა ზღვრის დადგენას გულისხმობს. კერძოდ, კომუნიკაციების კომისიამ საერთაშორისო პრაქტიკის - „LRIC მეთოდოლოგიის“ შესაბამისად, უნდა განსაზღვროს ქსელზე დაშვების მაქსიმალური ფასი, რაც სამართლიანი ტარიფის დადგენას უზრუნველყოფს და მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს არ მისცემს შესაძლებლობას, დაშვების მსურველ კომპანიას არასამართლიანი ფასი შესთავაზოს.

ამასთან ერთად, ევროკავშირის ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ „მაგთიკომს“ უნდა დაეკისროს გამჭვირვალობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულებები. აღნიშნული „მაგთიკომის“ მხრიდან დეტალური ტექნიკური თუ კომერციული პირობებით, ქსელზე დაშვების მოწვევის ოფერტის გამოქვეყნებას გულისხმობს, რაც დაშვების მსურველ კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, დაშვების პირობებთან დაკავშირებით წინასწარ ჰქონდეთ ინფორმაცია. ხოლო დისკრიმინაციის აკრძალვა მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს დაავალდებულებს, რომ დაშვების მსურველ ყველა კომპანიას არადისკრიმინაციულად მიუდგეს და სამართლიანი პირობები შესთავაზოს.

ევროკავშირის ექსპერტების მიერ „მაგთიკომისთვის“ განსაზღვრული კიდევ ერთი ვალდებულება კომუნიკაციების კომისიისთვის დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის წარმოდგენაა, რათა კომისიამ განახორციელოს მუდმივი მონიტორინგი და არ დაუშვას, რომ „მაგთიკომმა“, რომელსაც მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი სატელეკომუნიკაციო სერვისის შეთავაზება შეუძლია, ერთი პროდუქტის ფასი მეორის ხარჯზე შეამციროს (ჯვარედინი სუბსიდირება) და კონკურენტს ბაზრიდან გასვლა აიძულოს.

იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორისთვის განსაზღვრული ვალდებულებები ყოფილიყო პროპორციული და სამართლიანი, ევროკავშირის ექსპერტებმა საქართველოს დასახლებები კონკურენტულობის მიხედვით დააჯგუფეს და თითოეულ ჯგუფზე, „მაგთიკომისთვის“ განსხვავებული ვალდებულებები დაადგინეს. კერძოდ, კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ფიქსირებულ ოპტიკურ ფართოზოლოვან ქსელში ჩართული 994 დასახლებიდან 981-ში უკიდურესად არაკონკურენტული გარემოა, შესაბამისად, ექსპერტებმა ამ დასახლებებიდან ყველა იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც „მაგთიკომია“ წარმოდგენილი, მისთვის ზემოთ ჩამოთვლილი ხუთივე ვალდებულება საჭიროდ მიიჩნიეს. კვლევის ფარგლებში 4 დასახლება ეფექტიანი კონკურენციისკენ მიდრეკილ დასახლებებად შეფასდა, შესაბამისად, ექსპერტებმა აღნიშნულ არეალებში შედარებით მსუბუქი ვალდებულებები განსაზღვრეს, რაც დაშვების საფასურის ზედა ზღვრის დაწესებას მხოლოდ ქსელის ცენტრალურ ნაწილზე ითვალისწინებს. ხოლო იმ 9 დასახლებაში, სადაც კონკურენტული გარემო დაიდენტიფიცირდა, ექსპერტებმა მინიმალური რეგულაცია - მხოლოდ დაშვების ვალდებულება მიიჩნიეს მიზანშეწონილად.

კომპლექსურ კვლევაში მონაწილე ექსპერტების დასკვნით, კომუნიკაციების კომისია, აღნიშნული ვალდებულებების ამოქმედებით ხელს შეუწყობს ფიქსირებულ ინტერნეტბაზარზე ახალი მოთამაშეების გაჩენას, არსებული მოთამაშეების გაძლიერებას და კონკურენტული გარემოს შექმნას, რაც ქართველ აბონენტებს, ევროპელი აბონენტების მსგავსად, მრავალფეროვანი არჩევანითა და ხელსაყრელი პირობებით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.

აღსანიშნავია, რომ ფიქსირებულ ქსელზე დაშვების რეგულირების პრაქტიკა ევროპის არაერთ ქვეყანაში აქტიურად მოქმედებს, მათ შორის ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა: ბელგია, გერმანია, ხორვატია, იტალია, ესპანეთი, ნორვეგია, დანია და სხვა", - აღნიშნავს კომინიკაციების კომისია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები