საქართველოს ტელეკომუნიკაციების სექტორის უმსხვილესი მოთამაშე - "მაგთი" შესაძლოა, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის ოპერატორად გამოცხადდეს. აღნიშნული საკითხის შესახებ კომუნიკაციების კომისია 6 ივნისს მოსმენის გამართვას გეგმავს. დღეს კი ComCom-მა გამართა ევროპელი ექსპერტების მიერ მომზადებული კვლევის პრეზენტაცია, რომელიც კომუნიკაციების ბაზარზე კონკურენციის მიმართულებით არსებულ ვითარებას მიმოიხილავს.
იმ შემთხვევაში თუკი "მაგთის" მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის ოპერატორის სტატუსი მიენიჭება, ის დაექვემდებარება კომუნიკაციების კომისიის დამატებით რეგულირებას, რაც ComCom-ის წევრის, ეკატერინე იმედაძის განმარტებით სამი მიმართულებას გააერთიანებს. ამ რეგულაციებს შორის უმთავრესი "მაგთის" ინფრასტრუქტურაზე მობილური ვირტუალური ოპერატორების დაშვების ვალდებულებაა, რის შედეგადაც ბაზარზე ახალი MVNO-ების შემოსვლა უნდა გახდეს შესაძლებელი.
შესაბამისად, MVNO-ების დაშვებას კომუნიკაციების კომისია სწორედ "მაგთისთვის" მაღალი საბაზრო ძალის მქონე ოპერატორის სტატუსის მინიჭებით და შემდეგ კომპანიისთვის დამატებითი რეგულაციების დაწესებით გეგმავს.
კომუნიკაციების კომისიამ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების განსაზღვრის მეთოდოლოგია 2024 წლის 22 თებერვალს დაადგინა. მეთოდოლოგიის მიხედვით, კომპანიას შეიძლება აღნიშნული სტატუსი მიენიჭოს, თუკი მას 40%-ზე მაღალი საბაზრო წილი უჭირავს.
აბონენტების რაოდენობით საბაზრო წილები 2024 წლის მარტის მდგომარეობით:
- მაგთი - 2,273,178 აბონენტი, ბაზრის 41.5% (აჭარბებს 40%-ს);
- სილქნეტი - 1,882,804 აბონენტი, ბაზრის 34.3%
- სელფი - 1,311,627 აბონენტი, ბაზრის 23.9%.
მობილური ოპერატორების შემოსავლები 2024 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში:
- მაგთი - 95,288,323 ლარი, ბაზრის 48% (აჭარბებს 40%-ს);
- სილქნეტი - 69,840,994 ლარი, ბაზრის 35%
- სელფი - 33,308,616 ლარი, ბაზრის 17%.
შესაბამისად, როგორც აბონენტთა რიცხვით, ასევე საცალო შემოსავლებით “მაგთი” მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის ოპერატორის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
კომუნიკაციების კომისიის წევრი, ეკატერინე იმედაძე აცხადებს, რომ “მაგთის” ქმედებები ამჟამად მომხმარებელთა ინტერესების საზიანოდ მოქმედებს, ამასთან აღნიშნულ ოპერატორს გააჩნია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება და ის საკუთარი სატარიფო გადაწყვეტილებებით მთელს კომუნიკაციების ბაზარზე ახდენს გავლენას.
“როდესაც “მაგთიმ” გაზარდა ფასები, ამას მიჰყვა სხვა ორი ოპერატორიც - ეს არის უმნიშვნელოვანესი ინდიკატორი, რომ ბაზარზე კონკურენცია არ არის ჯანსაღი და ხდება იმ ქცევის გამეორება, რომელიც აქვს ლიდერს. ეს ნიშნავს, რომ შეზღუდულია კონკურენცია და მომხმარებელს არ აქვს საკმარისი არჩევანი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გასულ წელს ჩატარდა მეხუთე თაობის ინტერნეტის ლიცენზიების აუქციონები და მასში მხოლოდ ერთმა, ოპერატორმა “სელფიმ” მიიღო მონაწილეობა.
შესაბამისად, “მაგთი” არის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის მქონე ოპერატორი, და ბაზარზე იქნება სტაგნაცია თუკი არ მოხდება რეგულაციების შემოღება. უნდა გაჩნდეს ვალდებულებები მნიშვნელოვანი საბაზრო ოპერატორისთვის. ეს არის 3 ტიპის ვალდებულება, მათ შორის 1) ვირტუალური ოპერატორის დაშვება, რომლისთვისაც უნდა შეიქმნას დაშვების გამჭვირვალე პირობები და ხარჯზე ორიენტირებული ტარიფი; 2) ეროვნული როუმინგი, რომ უფრო ნაკლები დაფარვის ქსელის ოპერატორს ჰქონდეს შესაძლებლობა ფასის სანაცვლოდ დაშვება მოიპოვოს რეგიონებში წერტილოვნად სადაც ცუდია მისი სერვისები; 3) თანალოკაციის დაშვება, რაც ნიშნავს კონკრეტული ქსელის ელემენტების მიქირავებას შესაბამისად ეს უნდა იყოს ხელსაყრელი როგორც მსხვილი ოპერატორისთვის, ასევე ნაკლები ტექნიკური შესაძლებლობების მქონე ოპერატორისთვის იძლევა შესაძლებლობას იქირაოს ტექნიკური სიმძლავრე”, - განაცხადა ეკატერინე იმედაძემ.
დღეს კომუნიკაციების კომისიამ წარადგინა მობილური კავშირგაბმულობის ბაზრის ანალიზი, რომელიც ევროპელმა ექსპერტებმა მოამზადეს. კვლევის ავტორებმა „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორად მიიჩნიეს. მათი განცხადებით, მობილური მომსახურებების საცალო ბაზრის ანალიზის ფარგლებში დადგინდა, რომ ბაზარი განიცდის სტაგნაციას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მობილური ქსელის ოპერატორების ბაზრის წილები ბოლო 5 წლის განმავლობაში უცვლელია.
შეხვედრაზე „მაგთიკომის“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორად დასახელდა ისიც, რომ 2019-2022 წლებში „მაგთიკომმა“ კონკურენტებთან შედარებით გაცილებით დიდი ინვესტიცია განახორციელა საკუთარ ინფრასტრუქტურაში, კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში დამატებული საბაზო სადგურების რაოდენობის ნახევარზე მეტი - 58.6% „მაგთიკომზე“ მოდის, ხოლო „სილქნეტის“ და „სელფი მობაილის“ წილები 35.4%-სა 6.1%-ს შეადგენს. ასევე, თითქმის ორჯერ მეტია „მაგთიკომის“ წილი აპარატურაზე გაწეული დანახარჯების კუთხითაც, ვიდრე „სილქნეტისა“ და „სელფი მობაილის“ შემთხვევაში.