საქართველოს კომუნიკაციების სექტორში ყველაზე სწრაფად მზარდ სეგმენტს მობილური ინტერნეტის მომსახურების მიწოდება წარმოადგენს. შესაბამისად, მობილური ოპერატორები თანდათანობით ხმოვან ზარებზე მეტად მობილური ინტერნეტის პროვაიდერები ხდებიან.
2023 წლის 8 თვეში 3.8 მილიონმა აბონენტმა 366,230 ტერაბაიტი მობილური ინტერნეტი მოიხმარა, რაც წინა წელთან შედარებით 30%-ით მეტია.
სტატისტიკის მიხედვით, საშუალოდ ყველაზე მეტ მობილურ ინტერნეტს “მაგთის” მომხმარებლები იყენებენ, რაც უკანასკნელი მდგომარეობით თვეში 19 გიგაბაიტი იყო, “სილქნეტის” აბონენტები თვეში საშუალოდ 13.9 გიგაბაიტ ინტერნეტს იყენებენ, ხოლო “სელფი მობაილის” აბონენტები კი 8.75 გიგაბაიტ ინტერნეტს იყენებენ.
კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ჩანს, რომ მობილური ოპერატორების შემოსავალი სულ უფრო ნაკლებად არის დამოკიდებული ხმოვანი ზარების განხორციელებაზე. მაგალითად აგვისტოს განმავლობაში 708 მილიონი სატელეფონო ზარი შედგა, რაც წლიურად 69 მილიონი ზარით ნაკლებია. ხმოვანი სერვისის შემოსავალი კი 10.8 მილიონი ლარი იყო, რაც წლიურად 2 მილიონი ლარით არის შემცირებული.
რაც შეეხება მობილური ოპერატორების მთლიან შემოსავლებს - 2023 წლის 8 თვეში საქართველოს მოსახლეობამ მობილურ კავშირგაბმულობაში 515 მილიონი ლარი გადაიხადა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73.5 მილიონი ლარით ანუ 17%-ით მეტია.
კომპანიების შემოსავლების ზრდა ქვეყანაში აბონენტების გაზრდილი რიცხვით არის განპირობებული. აგვისტოს მდგომარეობით ქვეყანაში 5,378,916 აქტიური აბონენტია, რაც წინა წელთან შედარებით 150,000 აბონენტით მეტია.
უფრო კონკრეტულად კომპანიების აბონენტთა რაოდენობა და ფინანსური შედეგები მიმდინარე წლის რვა თვეში ასე ნაწილდება:
- “მაგთი” - 2,307,221 აბონენტი, შემოსავალი 253,358,053 ლარი, წლიური ზრდა 17%;
- “სილქნეტი” - 1,880,905 აბონენტი, შემოსავალი 179,531,824 ლარი, წლიური ზრდა 18%;
- “სელფი” - 1,323,220 აბონენტი, შემოსავალი 81,405,461 ლარი, წლიური ზრდა 12%.
აბონენტების რაოდენობა წელს ყველაზე მეტად “სილქნეტს” გაეზარდა, რომელსაც 86 ათასით მეტი აბონენტი ჰყავს. აბონენტების ზრდით მეორე ადგილზეა “მაგთი”, რომელსაც 36 ათასი მომხმარებელი შეემატა, “სელფის” აბონენტების რიცხვი კი 10 ათასით გაიზარდა.
საქართველო 5G ინტერნეტის ქსელის დასანერგად ემზადება. მიმდინარე წლის ზაფხულში კომუნიკაციების კომისიამ მეხუთე თაობის ინტერნეტის სალიცენზიო სიხშირეები გამოიტანა აუქციონზე. მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ "სელფი მობაილმა" მიიღო, შესაბამისად პირველი ვინც მომხმარებლებს 5G-ის შესთავაზებს სწორედ "სელფი" იქნება.