მობილური მომსახურების შემდეგ "მაგთის" სავარაუდოდ, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზეც მიენიჭება დომინირებული საბაზრო მოთამაშის სტატუსი - აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაციების კომისია გადაწყვეტილების მიღებას 8 აგვისტოს გეგმავს.
კომუნიკაციების კომისიამ მობილურ ბაზარზე მაგთი დომინირებულ მოთამაშედ 25 ივლისს გამოავლინა, რის შემდეგაც კომპანიას რამდენიმე ახალი რეგულაცია დაუწესდება, მათ შორის მობილური ვირტუალური ოპერატორების (MVNO) დაშვების ვალდებულება, ასევე შიდა როუმინგისა და ინფრასტრუქტურის გაზიარების ვალდებულება დაუწესდება. კომუნიკაციების კომისიის ეს გადაწყვეტილება ძალაში 3 წლის განმავლობაში იქნება და ის კომისიის შეფასებით, ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.
იმ შემთხვევაში თუკი "მაგთი" ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზეც გამოცხადდება დომინირებულ მოთამაშედ, მაშინ მას საკუთარ ინფრასტრუქტურაზე დაშვების ვალდებულებები გაუჩნდება. კომუნიკაციების კომისიის შეფასებით, ეს ნაბიჯი საჭიროა, რათა ქვეყნის მცხოვრებლებს ფიქსირებულ ინტერნეტზე უფრო მრავალფეროვანი არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
კომუნიკაციების კომისიისა და კომუნიკაციების ბაზრის კვლევის ავტორი ევროკავშირის ექსპერტების განმარტებით, „მაგთიკომის“ მნიშვნელოვან უპირატესობას რამდენიმე ფაქტორი უსვამს ხაზს, მათ შორის:
„მაგთიკომის“ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ერთ-ერთ მაჩვენებელს წარმოადგენს ის, რომ გასულ წელს, საქართველოში ოპტიკური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობამ სულ 952 ათასი შეადგინა, საიდანაც „მაგთიკომის“ წილი ნახევარზე მეტი - 53% იყო, მაშინ, როდესაც „სილქნეტისთვის“ ეს მაჩვენებელი 32%-ს, „ახალი ქსელების ჯგუფისთვის“ – 7%-ს, „სქაიტელისთვის“ – 2%-ს, ხოლო სხვა კომპანიებისთვის ჯამში 6%-ს შეადგენდა. „მაგთიკომი“ ოპტიკური ინტერნეტით საქართველოში ყველაზე მეტ - 602 დასახლებას ფარავს, „სილქნეტი“ მხოლოდ - 71-ს, „სქაიტელი“, რომელიც ძირითადად მცირე დასახლებებში ოპერირებს – 212-ს, „ახალი ქსელების ჯგუფი“ კი მხოლოდ 14 დასახლებაშია წარმოდგენილი. გარდა ამისა, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ „მაგთიკომი“ 392 დასახლებაში ოპტიკური ინტერნეტის ერთადერთი მიმწოდებელია, მაშინ, როდესაც „სქაიტელი“ 104 დასახლების, ხოლო „სილქნეტი“ - მხოლოდ 2 დასახლების ერთადერთი მიმწოდებლები არიან.
საყურადღებოა ისიც, რომ ფიქსირებულ ოპტიკურ ინტერნეტ ქსელში ჩართული 994 დასახლებიდან 544-ში, სადაც საქართველოს პოპულაციის 60% ცხოვრობს, „მაგთიკომის“ საბაზრო წილი 40%-ს აღემატება. შედარებისთვის, „სილქნეტის“ ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 31 დასახლებას მოიცავს, სადაც მთლიანი პოპულაციის 15% ცხოვრობს. ამასთან ერთად, ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ „მაგთიკომის“ დომინანტურ პოზიციაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ სხვა ოპერატორებისგან განსხვავებით, მას ეროვნული მასშტაბის ფიქსირებული ქსელი აქვს და 2022 წლის მონაცემებით, ყველაზე მაღალი - 88.6%-იანი დაფარვა ჰქონდა. „სილქნეტის“ ქსელის დაფარვის მაჩვენებელი 57.2%-ს, „ახალი ქსელების“ – 4.9%-ს, ხოლო „სქაიტელის“ – 3.5%-ს წარმოადგენდა. გარდა ამისა, „მაგთიკომს“ კომბინირებული მომსახურებების თვალსაზრისით, რაც ტელევიზიის, ფიქსირებული ტელეფონისა და მობილური მომსახურებების ინტერნეტთან კომბინაციას გულისხმობს, ყველაზე მაღალი - 53.5%-იანი ბაზრის წილი უკავია, მაშინ, როდესაც „სილქნეტისთვის“ ეს მაჩვენებელი 38.3%-ს, „ახალი ქსელების ჯგუფისთვის“ – 8%-ს, ხოლო „სქაიტელისთვის“ – 0.2%-ს წარმოადგენს,"- ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თავად "მაგთის" შეფასებით, კვლევა, რომელსაც კომისია არგუმენტად იშველიებს არასწორად ჩატარდა, ხოლო კომისიის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. კომპანია გეგმავს, რომ მიმართოს სამართლებრივ გზებს, რათა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოხდეს.
"კვლევა არის ჩატარებული არასწორად, ხოლო მათ მიერ შერჩეული ვალდებულებები არის უკიდურესად მძიმე და არასწორი, რაც დარგში კონკურენციის ხარისხს კი არ გააუმჯობესებს, არამედ გააუარესებს. ეს გადაწყვეტილება მიმართულია "მაგთიკომის" წინააღმდეგ, თუმცა მისი ძალაში შესვლის შემდეგ იგი ნეგატიურად გავრცელდება სხვა მოთამაშეებზეც.
ინვესტიციები, რომლებიც ამ დარგში ხორციელდება, შემცირდება. ეს არ არის იმ პრობლემის გადაჭარბებულად შეფასება, რაც კომუნიკაციების კომისიამ დაინახა.
თითოეული ეს ქმედება მიმართულია კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც არის ყველაზე წარმატებული მობილურ მომსახურებასა თუ ფიქსირებულ ინტერნეტში", - აცხადებს მაგთის იურისტი ლევან გიორგაძე.
კომუნიკაციების კომისია ფიქსირებულ ბაზარზე მაგთისთვის დომინანტი მოთამაშის სტატუსის მინიჭებაზე 8 აგვისტოს იმსჯელებს.