მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპასთან დაკავშირების მომსახურების ტარიფი თბილისში 5, კახეთში კი 10 ლარია - საკმაოდ დიდი ასიმეტრიაა - სეთური

ინტერნეტი

ტელეკომ ოპერატორებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად გლობალურ ინტერნეტთან წვდომის ტარიფები რჩება. ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელის უჩა სეთურის თქმით, ევროპაში ინტერნეტის საბითუმო ფასი რამდენჯერმე დაბალია საქართველოს ბაზარზე კომპანიების შეთავაზებულ ტარიფებთან შედარებით, ამასთან განსხვავებულია ქვეყნის შიდა ბაზარზე არსებული ფასებიც, რაც უარყოფითად მოქმედებს მათი მომსახურების ღირებულებაზე.

“ 2018 წელს მოხდა პირველი რეგულაცია და ჩვენ დაახლოებით 10-ჯერ შემცირებული ტარიფი მივიღეთ ზოგიერთ შემთხვევაში, 30 ლარიდან მივიღეთ 12-ლარიანი სრული ტარიფი, დღგ-ის ჩათვლით, თუმცა ეს იყო 2018 წელს. საუბარია იმ ტარიფზე, რომელიც გულისხმობს თავისი შინაარსით ევროპასთან დაკავშირების მომსახურების ზედა ზღვრის დადგენას, რაც მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ კრიტიკული მდგენელია ჩვენი ინტერნეტისთვის, რადგან ლოკალურ რესურსებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია გარე რესურსებთან წვდომა და მისი მაღალი ხარისხი. ამ ნაწილის რეგულირებაზე, საბითუმო ფასის რეგულირებაზეა საუბარი.

ჩვენ მივიღეთ კომისიის ჩარევით გარკვეული კარგი პირობები, თუმცა რიგ შემთხვევებში გვაქვს უალტერნატივო მოცემულობები, როდესაც ჩვენ რამდენიმე დიდი ოპერატორის გარდა ალტერნატივა სხვა არ გვაქვს და მიუხედავად საბაზრო დაბალი ფასისა სხვა ოპერატორების მხრიდან, მათ შენარჩუნებული აქვთ მაღალი ფასი. დღეს ფასი თბილისში დაახლოებით არის 4-5 ლარი, მაგრამ მაგალითად, კახეთში არის 9 ,10 ლარი შენარჩუნებული, რაც თითქმის ორმაგი ფასია.

ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი, რაც მომხმარებელზე აისახება პირდაპირ, თავი რომ დავანებოთ ჩვენ კონკურენტუნარიანობას.

თავად ის ოპერატორი რომ ნახოთ, რომელსაც ეს შემოაქვს საზღვარზე, რომ ნახოთ, საუბარია დაახლოებით 2-2,5 ლარის საბითუმო ფასზე საზღვარზე. გადასახადები ემატება, თუმცა საკმაოდ დიდი ასიმეტრიაა დღეს, იმიტომ რომ ევროპაში ეს ინტერნეტი ღირს არაუმეტეს დაახლოებით 40 ცენტისა.

გვესმის, ევროპა შორს არის, ჩამოტანა უნდა ამას, ესეც გასაგებია, მაგრამ ამას აუცილებლად სჭირდება მიხედვა. ჩვენ ეს ძალიან გვეჩქარება, იმიტომ რომ კომისიამ დაიწყო მეთოდოლოგიის დამუშავება, ამისთვის დრო სჭირდება, ევროპელი ექსპერტებია ჩართული და მათ უნდა გვითხრან, როგორ დავთვალოთ ეს ტარიფები სწორად, იმიტომ რომ გასაგებია, დიდ ოპერატორებს თავისი გამოწვევები აქვთ, 5G-ია დასანერგი, ქსელია განსავითარებელი, მაგრამ ის, რაც უნდა ღირდეს რაღაც მოცემული ფასი, ეს არ უნდა იყოს მეტზე მეტი, ვიდრე ეს რეალობაში და ბუნებაში პირდაპირ უკავშირდება იმ ხარჯებს, რომელსაც ეს ოპერატორები ეწევიან. და ამიტომ გვინდა, რომ დროულად დაითვალოს",-აცხადებს სეთური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები