კომუნიკაციების კომისიამ ევროპელი ექსპერტების მიერ მომზადებული მობილური ბაზრის კომპლექსური კვლევის საფუძველზე, შესაძლოა, მაგთიკომი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად გამოაცხადოს, ახალი ვალდებულებები დააკისროს და ბაზრის გახსნა მოსთხოვოს.
კითხვას, რა შეიცვალა დღეს, მაშინ როცა საბაზრო ძალაუფლების მფლობელებად კომუნიკაციების კომისია წლების განმავლობაში "მაგთი"-სთან ერთად სხვა ოპერატორებსაც ასახელებდა, კომუნიკაციების კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე ამბობს, რომ ამას რამდენიმე ინდიკატორი განაპირობებს. მისი თქმით, აქამდე არასდროს ჩატარებულა კომპლექსურად ბაზრის კვლევა, მოხდა მეთოდოლოგიის განახლება და კრიტერიუმების დაზუსტება, რომლის საფუძველზეც ექსპერტებმა შესაბამისი შედეგი დადეს.
“როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვყავს ორი ოპერატორი, რომელიც როგორც ფიქსირებულად ისე მობილურ ბაზრებზე ოპერირებს. ჩვენი მხრიდან მთლიანი სატელეკომუნიკაციო ბაზრის ეკოსისტემა მიმოვიხილეთ. ცალკე იქნება მობილური და ცალკე ფიქსირებული. არასდროს ჩატარებულა კომპლექსურად ბაზრის კვლევა. მეთოდოლოგია განვაახლეთ, დავაზუსტეთ კრიტერიუმები და ეს არის უკვე არსებული ბოლო 5 წლის განმავლობაში დინამიკა, სადაც იკვეთება რომ მკვეთრი ლიდერი ჰყავს ბაზარს. ეს არასდროს დაფიქსირებულა მანამდე, რომ ამდენად ცალსახა იყო ზრდა, რომელიც ხორციელდებოდა მხოლოდ ერთი ოპერატორის მხრიდან. დანარჩენი ორი ოპერატორი მაგალითად მობილურ ბაზარზე ამ წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა გადმოექაჩა თავისთან ბაზრის წილი როგორც აბონენტებით ასევე შემოსავლებით. ეს არსებითი მიგნებები იყო, რომლებმაც ფაქტობრივად ზუსტად გაგვიყვანა იმ შედეგამდე, რაც ექსპერტების დასკვნაში დაიდო.
მომხმარებელს არ აქვს დღეს არჩევანი, ის არჩევანი რაც არის ერთ ოპერატორთან ფასების თვალსაზრისით, ის არის დაკოპირებული სხვებთან. ეს იყო მნიშვნელოვანი ინდიკატორი. არჩევანის და ინოვაციების არ არსებობა მთავარი შემზღვუდველია ბაზარზე. როცა არის კონკურენცია ბაზარზე ბუნებრივად ხდება მათ შორის ფასებში შეჯიბრება. ადრე პრაქტიკა გვქონდა, როცა ერთი ოპერატორი ზრდიდა ფასს და მიყვებოდა ფასის ზრდაში სხვა ოპერატორი, ეს აჩვენებს, რომ თამაშის წესს სხვებს ერთი ოპერატორი კარნახობს,”-ამბობს ეკატერინე იმედაძე.
როგორც ცნობილია, იმ შემთხვევაში, თუ განხილვების შემდეგ კომისიის წევრები საბოლოო გადაწყვეტილებაში ევროკავშირის ექსპერტების დასკვნას გაიზიარებენ, „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორად გამოცხადდება და შესაბამისი ვალდებულებები დაეკისრება, რომლის ფარგლებში კომპანიამ თავის ინფრასტრუქტურაზე სხვა მსურველი კომპანიები უნდა დაუშვას და ბაზარი გახსნას.
კომუნიკაციების კომისიის წევრი ამბობს, რომ შესაბამისი ვალდებულებები რამდენიმე ქვეყნის პრაქტიკაზე დაყრდნობით შემუშავდა, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების.
“მაგთიკომს თუ განესაზღვრება ვალდებულება, ის ფასის სანაცვლოდ გააქირავებს ქსელს, რაც მას შემოსავალს მისცემს. ამიტომ შემოსავლების ნაწილზე ეს გავლენას არ იქონიებს, უნდა იმოქმედოს მხოლოდ კონკურენციის ნაწილზე. სამი ვალდებულება განისაზღვრება, ეს არის ეროვნული როუმინგი, ვირტუალური ოპერატორის დაშვების და ინფრასტრუქტურის გაზიარების ვალდებულება,“-ამბობს ეკატერინე იმედაძე.
კითხვაზე როცა უფრო მეტად რეგულირებული გახდება ბაზარი თუნდაც ერთი ოპერატორისთვის, ეს ხომ არ დააზიანებს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის მიმზიდველობას, ეკატერინე იმედაძე კითხვაზე კონკრეტულ პასუხს არ გვცემს, თუმცა ამბობს, რომ “საოპერაციო მოგებიანობა საკმაოდ მაღალია, შესაბამისად, ოპერატორებს აქვთ შესაბამისი რესურსი იმისთვის, რომ განახორციელონ ინვესტიციები”.
კომპლექსურ კვლევაზე დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომუნიკაციების კომისია ბაზრის ანალიზის შედეგებს 6 ივნისის, საჯარო სხდომაზე განიხილავს, ხოლო 17 მაისამდე დაინტერესებულ მხარეებს კომპლექსური კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, უკუკავშირის წარმოდგენა შეეძლებათ.
კომუნიკაციების კომისიის მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციაზე კომპანია მაგთიკომს საჯარო განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.