კომუნიკაციების კომისია მობილური კავშირგაბმულობის ბაზრის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების შედეგების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას. ComCom-ის თანახმად, კვლევა ევროკავშირის ექსპერტებმა ჩაატარეს, ხოლო მისი ერთ-ერთი მთავარი მიგნება არის ის, რომ მობილური კომუნიკაციების ქართული ბაზარი არაკონკურენტულია.
კვლევის შედეგების მიხედვით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ბაზარზე არსებული კონკურენტული ვითარება გაუმჯობესდეს, თუკი არ მოხდება ბაზრის წინასწარი რეგულირება. შესაბამისად, აღნიშნული მიდგომის გარეშე შესაძლოა მომხმარებელთა ინტერესები დაზარალდეს.
"ბაზრის შესწავლის შედეგად, ექსპერტებმა „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად მიიჩნიეს და მისთვის სპეციფიკური ვალდებულებები განსაზღვრეს. ComCom-მა დღეს კომპლექსური კვლევის შედეგები და გადაწყვეტილების პროექტი საჯარო განხილვებისთვის გამოაქვეყნა. იმ შემთხვევაში, თუ განხილვების შემდეგ კომისიის წევრები საბოლოო გადაწყვეტილებაში ევროკავშირის ექსპერტების დასკვნას გაიზიარებენ, „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორად გამოცხადდება და შესაბამისი ვალდებულებები დაეკისრება.
კომპლექსური კვლევის ფარგლებში, ევროკომისიის ბაზრის ანალიზის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, თავდაპირველად შესწავლილი იქნა მობილური მომსახურებების საცალო ბაზარი. კონკურენციის იდენტიფიცირებული პრობლემების შემდგომ, საჭირო გახდა შესაბამისი საბითუმო ბაზრების დადგენა და აღნიშნულ ბაზრებზე სამი კრიტერიუმის ტესტის ჩატარება პოტენციურად წინასწარ რეგულირებას დაქვემდებარებადი საბითუმო ბაზრების გამოვლენის მიზნით. შესწავლილი გარემოებების შედეგად ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ მობილური მომსახურებების საცალო და მობილური დაშვების საბითუმო ბაზარი საქართველოში დაბალი დინამიურობით, ინოვაციების სიმწირითა და ასევე პროგრესის დეფიციტით ხასიათდება და ხაზი გაუსვეს, რომ წინასწარი (ex-ante) რეგულირების არ არსებობის პირობებში, ეს მოცემულობა არ შეიცვლება. აქედან გამომდინარე, პოტენციურად რეგულირებას დაქვემდებარებად საბითუმო ბაზარზე ჩატარდა დამატებით სიღრმისეული კვლევა, რომლის შედეგადაც, ევროკავშირის ექსპერტებმა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი გამოავლინეს და მისთვის სპეციფიკური ვალდებულებები განსაზღვრეს, რაც, მათი მტკიცებით, მობილური მომსახურებების ბაზარზე არსებულ არაკონკურენტულ მდგომარეობას გააუმჯობესებს და მომხმარებლებისთვის მრავალფეროვან არჩევანს და ხელმისაწვდომ პირობებს შექმნის.
კომპლექსურ კვლევაზე დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომუნიკაციების კომისია ბაზრის ანალიზის შედეგებს 6 ივნისის, საჯარო სხდომაზე განიხილავს, ხოლო 17 მაისამდე დაინტერესებულ მხარეებს კომპლექსური კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, უკუკავშირის წარმოდგენა შეეძლებათ. გარდა ამისა, ორი წლის განმავლობაში, კომისიის მხრიდან კვლევის ყველა ეტაპზე უზრუნველყოფილი იყო საქართველოში არსებული ტელეკომ ოპერატორების ჩართულობა.
2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility II“) ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება. კომპლექსური კვლევა ორი წლის განმალობაში მიმდინარეობდა, ამ მასშტაბის კვლევა კი, აქამდე ქართულ ტელეკომ ბაზარზე არ ჩატარებულა. ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ასევე რევიზია TAIEX-ის (ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) ექსპერტებმა გაუწიეს,"- ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.