მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაუწყებლების მიერ სარეკლამო წესების დარღვევა, მაყურებლის უფლებებს ლახავს - კახა ბექაური

კახა ბექაური
BM. GE
20.09.23 01:00
5

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ComCom-ის გასული წლის ანგარიში წარადგინა, რომლის ფარგლებშიც, მაუწყებლების მიერ სარეკლამო წესების დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება.

თავმჯდომარის თქმით, 2022 წელს სამაუწყებლო სფეროს მნიშვნელოვან გამოწვევას “მაუწყებლობის შესახებ” კანონის დარღვევა წარმოადგენდა, რაც სპონსორობისა და პროდუქტის განთავსების წესების დარღვევას, ასევე, არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსებას გულისხმობდა.

მისივე თქმით, გასულ წელს, სპონსორობისა და პროდუქტის ეთერში განთავსების დარღვევებისთვის, ComCom-მა “TV პირველი”, “ტელეიმედი”, “აგრომედია” და “სეზონი TV” წერილობით გააფრთხილა. წერილობითი გაფრთხილება ასევე მიიღეს ტელეკომპანია “ფორმულამ” და “TV პირველმა” არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის გავრცელებისთვის. ამავე დარღვევისთვის კი, “მთავარ არხს” ფინანსური ჯარიმა დაეკისრა, ვინაიდან, ერთი წლის განმავლობაში, ანალოგიური დარღვევა მეორედ დაუფიქსირდა.

“სპონსორობისა და პროდუქტის განთავსების წესების დარღვევა, მნიშვნელოვნად ლახავს მაყურებლის უფლებებს, მათთვის შეუძლებელი ხდება იმის გარკვევა, თუ სად არის რეკლამა და სად გადაცემის შინაარსი, როდესაც გადაცემის წამყვანების მიერ პროდუქტის მახასიათებლებსა და უპირატესობებზე გადაჭარბებული ხაზგასმა ხდება” - განაცხადა კახა ბექაურმა და ხაზი გაუსვა, რომ სარეკლამო წესების დარღვევა, დამაზიანებელია სარეკლამო ბაზრისთვისაც, ვინაიდან დამკვეთები უპირატესობას ანიჭებენ პროდუქტის განთავსებაში თანხის გადახდას და შედეგად, კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალიც მცირდება.

“გამომდინარე იქიდან, რომ სარეკლამო წესების დარღვევა 2023 წელსაც აქტიურად გაგრძელდა, კომუნიკაციების კომისიამ, ევროპელ ექპსერტებთან ერთად დაიწყო კვლევა, რომლის მიზანია შევისწავლოთ საუკეთესო ევროპული პრაქტიკა და მივიღოთ შესაბამისი ზომები, რათა მაყურებლის უფლებები იყოს დაცული და არ ხდებოდეს მაუწყებლების მიერ მათი შეცდომაში შეყვანა.”- აღნიშნა თავმჯდომარემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები