მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტო ნავთობკომპანიებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ფასის ზრდის დაანონსებისგან

620deb297c7bb
BM.GE
17.02.22 10:27
1085
კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოში საწვავის ბაზარი ფასდება როგორც კონკურენტული. ამავე ანგარიშით სააგენტო ნავთობკომპანიებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ფასის ზრდა/კლების წინასწარი დაანონსებისგან. 

"სააგენტო მიიჩნევს და ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს რეკომენდაციით მიმართავს - თავი შეიკავონ საწვავის სამომავლო ფასების ცვლილების დაკონკრეტებისაგან, განურჩევლად იმისა, ემყარება თუ არა ეს განცხადებები საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე პროცესებს.

საჯარო განცხადება, რომ ფასი შეიცვლება კონკრეტული ციფრით - წარმოადგენს ბაზრის დამატებით გამჭვირვალობას და შესაძლოა მოიცავდეს სენსიტიურ მონაცემებს. გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ამგვარი განცხადება შესაძლოა განხილულ იქნეს, როგორც კონკურენციის კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის რისკი,"- წერს კონკურენციის სააგენტო.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკანასკნელი წლების განმავლობაში საწვავის იმპორტის ბაზარზე კონკურენტული მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

"საცალო ბაზარზე მოქმედი ხუთი მსხვილი ეკონომიკური აგენტის ჯამური წილი 2021 წლის მონაცემებით შეადგენს 58.8%-ს, ხოლო სხვა კომპანიების ჯამური წილი 41.2%-ის ფარგლებშია. 2013 წელს ბაზარზე მხოლოდ ხუთი მსხვილი ეკონომიკური აგენტი იყო წარმოდგენილი. 2015 წლის დასაწყისში, საცალო ბაზარზე ფუნქციონირებდა დაახლოებით 960 ავტოგასამართი სადგური, 2021 წელს კი 1232; ზრდა შეადგენს 29%–ს. საცალო დონეზე ბაზარი დაბალკონცენტრირებულია.

2012 წელს, ბაზრის იმპორტის დონეზე წარმოდგენილი იყო 8 ეკონომიკური აგენტი, რომელთა რაოდენობა 2019 წელს 63-მდე გაიზარდა, ხოლო 2021 წელს შეადგინა 39 ეკონომიკური აგენტი. ბაზრის იმპორტის დონის კონცენტრაციის ინდექსი ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის ფარგლებშია. ბაზრის იმპორტის დონეზე სახეზეა ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელი ერთ-ერთი პირობა საბაზრო წილების სახით, სამი კომპანიის ერთობლივი წილი 58%-ს აღემატება და თითოეული მათგანის წილი არანაკლებ 15%-ია.

2021 წელს, ქვეყანაში საერთო ჯამში იმპორტირებულია 1 453 707 ათასი ლიტრი ბენზინი და დიზელი, რაც 7.2% - ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა თურქმენეთიდან - 22.1%, რომელსაც მოყვება რუსეთის ფედერაცია - 19.2% და რუმინეთი -18.2%. საერთო იმპორტის 45.7% შეადგინა დიზელის ტიპის საწვავმა, ხოლო 54.3% ბენზინის. ბენზინის ტიპის საწვავიდან, ყველაზე მოთხოვნად სახეობას წარმოადგენდა რეგულარის მარკის საწვავი, რომლის პროცენტულმა წილმა ბენზინის სახეობებში შეადგინა - 64%, ხოლო საერთო იმპორტში - 34.9%,"- ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს ანგარიშში.