თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეამციროს საწვავზე აქციზის განაკვეთი, მით უფრო დიზელის შემთხვევაში, რომელიც ინდუსტრიულ პროდუქტს წარმოადგენს და აქტიურად გამოიყენება როგორც ლოგისტიკაში, ისე სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკის სხვა დარგებში.
როგორც ბიზნესასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საწვავის ფასები ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს და აღნიშნული ტენდენცია მთელს ეკონომიკასა და სამომხმარებლო ფასებზე ნეგატიურად გავრცელდება.
"თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციას" მაგალითად მოჰყავს გერმანია, რომლის პარლამენტმა საწვავზე აქციზის დროებით შემცირებას დაუჭირა მხარი. ასევე, აშშ-მა წლის ბოლომდე გადაავადა დიზელზე დაწესებული ფედერალური აქციზის გადასახადის გადახდა.
"თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის" განცხადებას BMG უცვლელად გთავაზობთ:
"გასულ კვირას საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ტრანსპორტის ჯგუფში ფასების 18.7%-იანი მატება ფიქსირდება, რაც ნელ-ნელა გადაეცემა ფასების საერთო დონეს.
საწვავის ფასების დრამატული ზრდა მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია გლობალურ ბირჟებზე ნავთობის ფასების ზრდით, რამაც საქართველოში ბენზინის ფასები ერთწლიან ჭრილში 30%-ზე მეტად, ხოლო დიზელის შემთხვევაში 55%-ზე მეტად გაზარდა. ეს კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელია.
თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ამ რთული მდგომარეობის გამოსასწორებლად, რათა თავიდან იქნეს აცილებული სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმება და სოციალური ფონის გაუარესება.
კერძოდ, აუცილებელია, სწრაფად მოხდეს ნავთობპროდუქტებზე საგადასახადო შეღავათების დაწესება. მაგალითად, სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, 2015 წელს, ბენზინის აქციზი გაორმაგდა, ხოლო დიზელის აქციზი გასამმაგდა. შესაბამისად, შესაძლებელია, თუნდაც დროებით, ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთის შემცირება, რათა გლობალური ბაზრებიდან წამოსული შოკი ჩვენს ეკონომიკაზე შერბილდეს.
აღნიშნული პრაქტიკა აპრობირებულია და მას ჩვენზე ბევრად უფრო მაღალშემოსავლიანი და ძლიერი სახელმწიფოები იყენებენ საკუთარი მოქალაქეების დასაცავად. მაგალითად, გერმანიის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი საწვავზე აქციზის დროებითი შემცირების შესახებ.
ცვლილების თანახმად, ოქტომბრიდან მომდევნო სამი თვის განმავლობაში საწვავის აქციზი ლიტრზე 17 ცენტით შემცირდა, ამ გადაწყვეტილების მიზანი მოსახლეობისთვის გაზრდილი ფასებიდან მომდინარე წნეხის შემცირებაა. ყურადსაღებია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვითაც წლის ბოლომდე გადავადდა დიზელზე დაწესებული ფედერალური აქციზის გადასახადის გადახდა", - ნათქვამია განცხადებაში.
ასოციაციის თანახმად, აქციზის განაკვეთის დროებითი ცვლილებით დღესვე შეგვიძლია საწვავის ფასი 19 თეთრით შევამციროთ. მათი შეფასებით, მცდარია ნარატივი თითქოს საწვავზე აქციზის განაკვეთის შემცირება ბიუჯეტში ისეთ დეფიციტს გამოიწვევს, რომლის დაკომპენსირება სხვადასხვა პროგრამისა თუ ინსტიტუტისთვის გამოყოფილი დაფინანსების შემცირების გარეშე ვერ მოხერხდება.
"მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში მთავრობამ ნავთობპროდუქტების აქციზიდან 509 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. გამოდის, რომ დღესვე ბენზინსა და დიზელზე აქციზის განაკვეთის განახევრების შემთხვევაში, ბიუჯეტს მაქსიმუმ 250 მილიონი ლარი დააკლდება. თუმცა, ეს მაქსიმალური მაჩვენებელია, ვინაიდან ნავთობპროდუქტების აქციზში შედის ისეთი პროდუქტებიც, რომლებზეც აქციზის განაკვეთის ცვლილებას არ ვეხებით.
შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რამდენად შესაძლებელია ამ თანხის დაკომპენსირება. თვალსაჩინოებისთვის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ ის ფაქტი, რომ ამავე პერიოდში მხოლოდ ფიზიკური პირების ჯარიმა-საურავებიდან ბიუჯეტმა 127 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, რაც პროგნოზირებულ მაჩვენებელზე 150%-ით მეტია.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ მაღალი ფასების გამო, ისედაც იზრდება სხვა გადასახადებიდან, მაგალითად, დღგ-დან მიღებული შემოსავლები. ესეც გარკვეულწილად დააკომპენსირებს იმ დანაკლისს, რომელიც შესაძლოა აქციზის განაკვეთის შემცირებამ გამოიწვიოს.
ასევე საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზემოთ მოყვანილი დანაკლისი გაანგარიშებულია ექვს თვეზე, მაშინ როდესაც აქციზის განაკვეთის დროებითი ცვლილება შესაძლებელია სულაც არ იყოს ამ ვადით განსაზღვრული, რაც გაცილებით ნაკლებ დანაკლისს ნიშნავს.
და ბოლოს, აქციზის განაკვეთის განახევრებით, ლიტრი ბენზინის გაიაფება დღესვე შეიძლება თითქმის 19 თეთრით, ხოლო დიზელის შემთხვევაში - 17 თეთრით. ეს კი ჩვენი მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ასეთ კრიტიკულ პერიოდში, მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება",- აცხადებენ ასოციაციაში.
























