მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის გაუქმებას ითხოვს

თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია

„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“ საქართველოს პარლამენტსა და ფინანსთა სამინისტროს მიმართავს წინადადებით, რომელიც ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის მთლიანად გაუქმებას გულისხმობს.

ბიზნესასოციაცია ეხმაურება მმართველი ძალის ინიციატივას, რომელიც ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადით დაბეგვრის შემოსავლის ზღვრის 40 000-დან 100,000 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, ბიუროზე დღეს დარეგისტრირდება და სავარაუდოდ, დღესვე აიტვირთება კანონპროექტიც, რომელიც ხელისუფლებამ მოამზადა.

ბიზნესასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ზღვრის მექანიკური აწევა მხოლოდ დროებითი ნახევარღონისძიებაა და გამოწვევებს ფუნდამენტურად ვერ გადაჭრის.

"ფიზიკური პირების მხრიდან გადახდილი ქონების გადასახადი ბიუჯეტში მიზერულია. საგადასახადო სტატისტიკის დეტალური ანალიზი აჩვენებს, რომ ქონების გადასახადის ლომის წილი (85%-ზე მეტი) მოდის იურიდიულ პირებსა (საწარმოებზე) და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფიზიკური პირების მიერ გადახდილი თანხის წილი მთლიან ქონების გადასახადშიც კი საკმაოდ დაბალია.

კერძოდ, ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის ზღვრის 100 000 ლარამდე გაზრდის დათქმით, თუ ეს გადასახადი საერთოდ გაუქმდება, ბიუჯეტს 22 მილიონი ლარი დააკლდება. თვალსაჩინოებისთვის, რომ წარმოიდგინოთ, რაზეა საუბარი, მაგალითად, მთავრობამ მიმდინარე წლის მხოლოდ 6 თვეში, მარტო ჯარიმებიდან, ამოიღო 127 მილიონ ლარზე მეტი. შესაბამისად, აღნიშნული გადასახადის სრულიად გაუქმება ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი ტვირთი არ იქნება", - ნათქვამია განცხადებაში.

"თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციაში" მიაჩნიათ, რომ ქონების გადასახადის გაუქმებით, ქვეყანა ადამინისტრაციულ რესურსსაც დაზოგავს.

"ნებისმიერი საგადასახადო სისტემის ეფექტიანობის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილია გადასახადის ამოღების ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს მისგან მიღებულ სარგებელს. დღესდღეობით ათასობით მოქალაქის დეკლარაციის დამუშავება, შეფასება, საჯარიმო სანქციების დაკისრება და თანხების ამოღების პროცესები მოითხოვს ადამიანურ და მატერიალურ რესურსს. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეს რესურსი იხარჯება მიზერული თანხების მისაღებად, რაც სისტემას არაეფექტიანად წარმოაჩენს”, - აცხადებენ თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციაში.

ამასთან, როგორც ასოციაციაში ამბობენ, მათ კარგად ესმით, რომ ქონების გადასახადი ერთადერთი ადგილობრივი გადასახადია, თუმცა თუკი შევხედავთ საქართველოს ეკონომიკურ სტრუქტურას, ნათლად დავინახავთ, რომ ამ გადასახადის გაუქმებას ფიზიკური პირებისთვის საერთოდ არ ექნება ნეგატიური ეფექტი რეგიონებზე. დღესდღეობით, ქვეყნის ეკონომიკის 60%-ზე მეტი თბილისსა და აჭარის რეგიონებზე მოდის, აქედან გამომდინარე საუბარი იმაზე, რომ ამ გადასახადის გაუქმებით სხვა რეგიონებს რაიმე დააკლდებათ არარელევანტურია.

"საბოლოო ჯამში, ამ თემის ირგვლივ ცვლილებები მისასალმებელია, თუმცა რეალურად, ფიზიკური პირების ქონების გადასახადიდან ბიუჯეტში შესული თანხა იმდენად მიზერულია, რომ არ ღირს ათასობით მოქალაქის ბიუროკრატიული წვალება და ფსიქოლოგიური წნეხი. დროა, ეს გადასახადი სრულად გაუქმდეს. ბიუჯეტი ამას საერთოდ ვერ იგრძნობს, ხალხი კი ამოისუნთქავს", - აცხადებენ ასოციაციაში და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, საკანონმდებლო ცვლილებების განხილვისას, გაითვალისწინოს წარდგენილი არგუმენტები და ნახევარღონისძიებების ნაცვლად მიიღოს გადაწყვეტილება ფიზიკური პირების ქონების გადასახადის სრული გაუქმების შესახებ.

ცნობისთვის:ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის განმავლობაში ფიზიკურმა პირებმა ქონების გადასახადის სახით სულ 121 მილიონი ლარი გადაიხადეს. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადახდილ ქონების გადასახადთან შედარებით 30%-ით, ანუ 28.3 მილიონი ლარით მეტი იყო. ქონების გადასახადი სხვა გადასახადებისგან იმით განსხვავდება, რომ მისი მეშვეობით გადახდილი თანხა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში მიიმართება. ქონების გადასახადს იხდიან მოქალაქეები/ოჯახები, თუკი მათი ან მათთან მუდმივად მცხოვრები ოჯახის დასაბეგრი შემოსავალი 40,000 ლარს აღემატება. ქონების გადასახადი კომპონენტების მიხედვით ასე ნაწილდება:

ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 86,073,555 ლარი;

სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 22,303,674 ლარი;

არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 12,406,511 ლარი.

ჯამი - 120,783,740 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები