მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო ჯარიმების მხოლოდ ამინსტია პრობლემებს ვერ მოაგვარებს|თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის რეკომენდაციები

თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია

თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის განცხადებით, საპენსიო ჯარიმების ამნისტია პრობლემებს ვერ მოაგვარებს თუ სისტემური ხარვეზები არ გამოსწორდა.

თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ჯარიმების ჩამოწერა აუცილებელი იყო, თუმცა ამნისტია ერთჯერადი ხასიათი ექნება და პრობლემას რეალურად ვერ მოაგვარებს, თუ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები არ აღმოიფხვრება.

“სწორედ ამ ხარვეზებმა ბიზნესის დიდი ნაწილი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააგდო და მხოლოდ 6 თვის განმავლობაში გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა 700%-ით გაზარდა. კერძოდ, პრობლემა საშემოსავლო და საპენსიო დეკლარაციების გაერთიანებამ წარმოშვა, რის შემდეგაც მინიმალური ცდომილების შემთხვევაშიც კი სისტემა კომპანიებს ავტომატურად აჯარიმებდა”, - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბიზნესასოციაციაში მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში კომპანიებისთვის ხელმისაწვდომი იყოს გადასახდელი საპენსიო შენატანისა და არსებული დავალიანების ზუსტი ოდენობა, რათა კომპანიამ ვალდებულება ზუსტად და სრულად შეასრულოს. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს არსებული საჯარიმო რისკების წარმოშობის ალბათობას.

“ასევე მიზანშეწონილია ამოქმედდეს ე.წ. ტოლერანტული ზღვარი, მაგალითად, 1-დან 10 ლარამდე. თუკი აღნიშნულ ზღვარს შემოვიღებთ მიზერული ცდომილების ან ტექნიკური გადაცდომის შემთხვევაში კომპანიას ავტომატურად არ დაერიცხება ჯარიმა. ეს იქნება ერთგვარი პრევენცია, რათა ბიზნესი არ დაჯარიმდეს.

არსებული პრაქტიკის პირობებში კი, შესაძლებელია კომპანია 1-თეთრიანი ცდომილების გამოც დაჯარიმდეს, რაც არარაციონალურია და ყოველგვარ გონივრულ ჩარჩოს სცდება.

გარდა ამისა, გრძელვადიან პერიოდში შესაძლებელია საპენსიო სააგენტომ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით უზრუნველყოს სისტემის ავტომატიზაცია, რომელიც ცდომილების შემთხვევაში ბიზნესს გაუგზავნის გამაფრთხილებელ შეტყობინებას და მისცემს გონივრულ ვადას მდგომარეობის გამოსასწორებლად.

ზემოთ აღნიშნული ცვლილებები, ერთი მხრივ, კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, უფრო პროგნოზირებად და ნაკლები ადმინისტრაციული რისკის პირობებში განახორციელონ საქმიანობა, ხოლო, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად განტვირთავს სასამართლოს და შეამცირებს საპენსიო ვალდებულებებთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების რაოდენობას”, - წერია განცხადებაში.

თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია უახლოეს მომავალში ინიციატივით მიმართავს შესაბამის უწყებებს, სადაც დეტალურად იქნება განხილული თუ როგორ შეიძლება არსებულ გმოწვევებს სამართლიანად ვუპასუხოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები