მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტო "დემაკლენკო იტალიას“ საჩივრის მოკვლევაზე უარს ამბობს - მიზეზი

636cae61ba73a
ვიქტორია მღებრიშვილი
10.11.22 12:00
806
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „დემაკლენკო იტალიას“ (Demaclenko IT S.R.L) საჩივარი დაუშვებლად ცნო. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

მარეგულირებლის ცნობით, წარმოდგენილი საჩივარი „ემ თი ეი“-ს მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს ეხებოდა, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკურენციის შესაძლო შეზღუდვას გულისხმობს.

„კონკურენციის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ კანონმდებლობის (კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 24) მიხედვით სააგენტო უარს ამბობს მოკვლევის დაწყებაზე, თუ დავა სასამართლო წარმოებაშია იმავე მხარეებს შორის იმავე დავის საგანზე. საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს დავა იმავე მხარეებს შორის, იგივე დავის საგანზე და იგივე საფუძვლით“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მიხედვით, სააგენტოს მიერ საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს სასამართლო წარმოებული დავა იმავე მხარეებს შორის იმავე დავის საგანზე ან იმავე დავის საგანზე სასამართლოს მიღებული აქვს განჩინება ან სხვა გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;

აღნიშნულ საკითხზე BM.GE „დემაკლენკო იტალიას“ უფლებადამცველებსაც დაუკავშირდება და მათ პოზიციას, მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ იტალიურმა კომპანია Demaclenko-მ საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო კომპანია "ემ თი ეის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას მიმდინარე წელს დაიწყო. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა სახელმწიფო კომპანია "ემ თი ეიმ" ბაკურიანის გათოვლიანების სისტემის მონტაჟის შესახებ 90.5-მილიონიანი კონტრაქტი, სავარაუდოდ, კორუფციული სქემებით გააფორმა, რასაც ტენდერში მათი წინადადების დისკვალიფიკაცია მოყვა. კომპანია მიიჩნევს, რომ ტენდერის პირობები მორგებული იყო კომპანია TechnoAlpin-ზე, რომელთანაც საბოლოოდ ხელშეკრულება გაფორმდა. კომპანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანასა და შპს „ემ თი ეი“- სა და საქართველოს მთავრობას ზიანის ანაზღაურების სახით 11 699 870 ლარის გადახდის მოთხოვნასთან ერთად, წერილობითი განცხადებით სახელმწიფო კონკურენციის სააგენტოსაც მიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები