მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის ხუთი უმსხვილესი მოთამაშის მოკვლევა დაიწყო

631755afd85de
შოთა ტყეშელაშვილი
06.09.22 23:50
996
კონკურენციის სააგენტომ აგვისტოში საწვავის ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეების - "სოკარის", "ლუკოილის", "რომპეტროლის", "ვისოლის" და 'გალფის" მოკვლევა დაიწყო. უშუალოდ შესწავლის ობიექტი კომპანიების სახელების შესახებ დეპუტატ პაატა მანჯგალაძის მიერ კონკურენციის სააგენტოსგან გამოთხოვილი კითხვის პასუხიდან ირკვევა.

მოკვლევის საგანს წარმოადგენს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის - კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების ამკრძალავი მოთხოვნების შესაძლო დარღვევის ფაქტების შეფასება.

15 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კონკურენციის სააგენტოს ნავთობ-იმპორტიორი კომპანიების კეთილსინდისიერების შეფასება დაავალა.

აგვისტოშივე, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა.

მონიტორინგი მიმდინარე წლის 7 თვეს მოიცავდა. სააგენტო წერს, რომ რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქტის თვითღირებულება საშუალოდ 30-70 თეთრით დაბალია ევროპის ქვეყნებთან შედარებით, თუმცა მსხვილი კომპანიები საწვავს მსგავს ფასებად ყიდიან.

"სააგენტომ 2022 წლის 16 აგვისტოს დაიწყო მოკვლევა შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ (ს/კ 404391136), შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ (ს/კ 202352514), სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ (ს/კ 202161098), შპს „რომპეტროლ საქართველოს“ (ს/კ 204493002) და შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“ (ს/კ 204976302) მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმება) მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ფაქტზე.