მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტობირჟა ეცემა: ბიტკოინის ფასი 21,000 დოლარამდე შემცირდა, ეთერიუმის - $1,100-მდე

62a8327fa77bc
გიორგი თოლორდავა
14.06.22 11:09
3904
კრიპტოვალუტების ბირჟაზე დაღმასვლის ძლიერი ტენდენცია ისევ გრძელდება: გასულ 24 საათში კრიპტოაქტივების ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია 7%-ით, 950 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

რაც შეეხება უმსხვილეს კრიპტოვალუტას, ბიტკოინის ღირებულება 11%-ითაა შემცირებული; რამდენიმე საათის განმავლობაში კი მისი სავაჭრო ფასი 20,900 დოლარამდე დაეცა, რაც გასული ორი წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ერთკვირიან ჭრილში ბიტკოინის ღირებულება 24%-ითაა შემცირებული, ხოლო მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 427 მილიარდ დოლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ აღნიშნული მაჩვენებელი 1.3 ტრილიონ დოლარს აჭარბებდა.

მკვეთრადაა შემცირებული რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის - ეთერიუმის ღირებულებაც. მისი სავაჭრო ფასი გასულ 24 საათში 8%-ით შემცირდა, ხოლო დღეს ბირჟაზე დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 1,090 დოლარს შეადგენდა.

ერთკვირიან ჭრილში შემცირებულია სხვა მსხვილი კრიპტოაქტივების ფასებიც: BNB (-19.5%); ADA (-15.7%); XRP (-18.1%); SOL (-20.1%); DOGE (-27.4%).

კრიპტო-ბირჟის მკვეთრი დაღმასვლა ზოგადი საფონდო ბირჟების და სპეკულაციური ბაზრების ვარდნასთანაა დაკავშირებული, რისი გამომწვევი მიზეზიც, თავის მხრივ, აშშ-ის სტატისტიკის ფედერალური ბიუროს მიერ წარმოდგენილი ოფიციალური მონაცემებია. უწყების ცნობით, გასულ თვეს აშშ-ში ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა და წლიური ინფლაციის დონემ 8.6%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც 1981 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სამომხმარებლო ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე, მნიშვნელოვნად იზრდება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების რისკები, რასაც ტრადიციული თუ კრიპტობირჟებისთვის ნეგატიური გავლენა აქვს, რადგან მაღალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში ინვესტორები სარისკო პოზიციებს ამცირებენ და კაპიტალის დაბანდებისგან თავს იკავებენ.

აღსანიშნავია, რომ გასული 24 საათი უოლ-სტრიტისთვისაც უაღრესად არასახარბიელო შედეგებით დასრულდა: ტექნოლოგიური კომპანიების ინდექსი (Nasdaq) თითქმის 4.7%-ით დაეცა; 3.9%-ით შემცირდა აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის აქციების ღირებულება (S&P 500); ხოლო Dow Jones-ის ინდექსის ღირებულება 2.8%-ითაა შემცირებული, რაც ტრადიციული საფონდო ბირჟის სტანდარტებით ვარდნის უჩვეულოდ მკვეთრი მაჩვენებელია.

ინვესტორთა ნაწილის შეფასებით, მიმდინარე კვირას დაფიქსირებული მაღალი ვოლატილობა პანიკითა და შიშითაა განპირობებული, რაც პირდაპირ კავშირშია ინფლაციის ტემპის დაჩქარებასთან, რომელიც, თავის მხრივ, აშშ-ის ფედერალური რეზერვისა და ხაზინის ოფიციალური პროგნოზით არ იყო გათვალისწინებული.

ბიტკოინის ფასი: