13.მაისი .2020 22:40

კურიერი ცხენით - "შიკრიკის" მიტანის სერვისის იდეა და გეგმები

views 788
უკან

ქართული სტარტაპი „შიკრიკი“, რომელიც საკურიერო მომსახურებას ძირითადად სკუტერების საშუალებით უზრუნველყოფს, მომსახურებისას, გადაადგილების საშუალებად, ცხენის დამატებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-ს „შიკრიკის“ თანადამფუძნებელმა სანდრო ლილუაშვილმა განუცხადა.

„მგონია, რომ სასიყვარულო ბარათებს, საჩუქრებს ან ყვავილებს გააგზავნიან“, - აღნიშნა სანდრო ლილუაშვილმა ახალი სერვისის შინაარსის განმარტებისას.

როგორც გავარკვიეთ, „შიკრიკი“ ფიზიკური პირების კერძო გზავნილების ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს და ასევე, სხვადასხვა კომპანიასთანაც თანამშრომლობს. ამ ეტაპზე, ეს კომპანიები არ წარმოადგენენ კვების ობიექტებს, თუმცა, სამომავლოდ, აღნიშნული სერვისის დამატებაც იგეგმება.

როგორც სანდრო ლილუაშვილი განმარტავს, უშუალოდ სახელი „შიკრიკი“ შეირჩა იმის გათვალისწინებით, რომ ის ძველ, ქართულ დასახელებას მოიაზრებს და შესაბამისად, ქართულ წარმომავლობას უკავშირდება.
სანდრო ლილუაშვილის განმარტებით, „შიკრიკმა“ ფუნქციონირება 4-5 თვის წინ დაიწყო, რასაც შემდეგ პანდემიის გავლენა დაერთო, რამაც აღნიშნულ მომსახურებაზე მოთხოვნა გაზარდა. ამასთან, სანდრო ლილუაშვილის განმარტებით, მან მსგავს პროექტზე რამდენი წლის წინაც იმუშავა და დასძენს, რომ ახლა აღნიშნული აქტივობისთვის უკეთესი გარემოა.

„უკვე ბევრად განვითარებულია ბაზარი, ასევე მსგავსი სერვისების მიმართ მომხმარებლების ცნობიერება გაზრდილია“, - აღნიშნავს სანდრო ლილუაშვილი.

ცნობისთვის: „შიკრიკს“ სულ 2 დამფუძნებელი ჰყავს და კომპანიაში დაახლოებით 30 კურიერია დასაქმებული. მის დასაარსებლად ინვესტიცია დამფუძნებელთა პირადი სახსრებით განხორციელდა.