მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კურიერების უმრავლესობა პარტნიორობით კმაყოფილია" - Wolt

ვოლტი

FairWork-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში ვერცერთი ციფრული შრომის პლატფორმა სამართლიანი შრომის მინიმალურ საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. კვლევის მიხედვით, Glovo, Wolt-ი, Bolt-ი, Bolt Food-ი, Yandex-ი და Maxim-ი შრომის პრინციპებს არღვევენ. ორგანიზაციამ კომპანიები 5 პრინციპის მიხედვით, 10 ქულის ფარგლებში შეაფასა.

შრომის სტანდარტების დაკმაყოფილების მხრივ ყველაზე მაღალი, 4-4 ქულა Glovo-მ და Wolt-მა მიიღო. ორი ქულით შეფასდა Maxim-ი, ხოლო Bolt-ი, Bolt food-ი და Yandex-ი თითო-თითო ქულით. კურიერები და ტაქსის მძღოლები, სამუშაო ანაზღაურების, სამედიცინო დაზღვევის, მენეჯმენტთან კომუნიკაციისა და სამართლიანი კონტრაქტების გამოწვევებზე მიუთითებენ.

როგორც Wolt-ში BMG-ის განუცხადეს, პარტნიორი კურიერების უმრავლესობა Wolt-თან პარტნიორობით კმაყოფილია. კომპანიის ინფორმაციით, სხვადასხვა სერვისის დახვეწაზე მუშაობა მიმდინარეობს.

"გავეცანით FairWork-ის ანგარიშს და განვიხილავთ მასში არსებულ რეკომენდაციებს. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ვოლტი დღემდეც მუშაობდა და მომავალშიც განაგრძობს აქტიურ მუშაობას სხვადასხვა სერვისის დახვეწაზე, რათა მეტი კომფორტი და გაუმჯობესებული პირობები შესთავაზოს როგორც მომხმარებელს, ისე პარტნიორ კურიერებს. მოგეხსენებათ, რომ Wolt-ი მუდმივად ატარებს როგორც მომხმარებლის, ისე პარტნიორი კურიერების აზრის გამოკითხვას. ბოლო კვლევის თანახმად, რომელიც ახლახან ჩავატარეთ, პარტნიორი კურიერების უმრავლესობა "ვოლტთან" პარტნიორობით კმაყოფილია. ამავდროულად, ჩვენ ინფორმირებული ვართ პარტნიორი კურიერების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილებაზე გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ სხვადასხვა მიმართულების შემდგომ გაუმჯობესებაზე მუშაობა ჩვენი მხრიდან აქტიურად გრძელდება. ასევე, ვადასტურებთ ჩვენს ღიაობას პარტნიორ კურიერებთან მუდმივი კომუნიკაციისთვის", - აღნიშნავენ Wolt-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები