"საქართველოში ვერცერთი ციფრული შრომის პლატფორმა სამართლიანი შრომის მინიმალურ საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს", - ამის FairWork-ის კვლევაშია აღნიშნული, რომელიც "სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტმა" დღეს წარადგინა. კვლევის მიხედვით, Glovo, Wolt-ი, Bolt-ი, Bolt Food-ი, Yandex-ი და Maxim-ი შრომის პრინციპებს არღვევენ. ორგანიზაციამ კომპანიები 5 პრინციპის მიხედვით, 10 ქულის ფარგლებში შეაფასა.
შრომის სტანდარტების დაკმაყოფილების მხრივ ყველაზე მაღალი, 4-4 ქულა Glovo-მ და Wolt-მა მიიღო. ორი ქულით შეფასდა Maxim-ი, ხოლო Bolt-ი, Bolt food-ი და Yandex-ი თითო-თითო ქულით.
"მშრომელებმა, მიუხედავად მათი დასაქმების კლასიფიკაციისა, უნდა მიიღონ ღირსეული ანაზღაურება, სამუშაოსთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებით. ანაზღაურება თანხვედრაში უნდა მოდიოდეს როგორც ქვეყანაში დაწესებულ მინიმალურ ხელფასთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ საცხოვრებელ ხელფასთან, რომელიც თვეში 1770 ლარს და საათში 10 ლარს შეადგენს, კანონით დადგენილი 8 საათიანი სამუშაო დღის გათვალისწინებით. კვლევამ გამოავლინა, რომ საცხოვრებელი ხელფასით უზრუნველყოფის პრინციპს სრულყოფილად ვერცერთი კომპანია ვერ აკმაყოფილებს. კომპანიებმა 2-დან 1 ქულა მიიღეს მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში 1999 წელს დადგენილი მინიმალური ხელფასი, რომელიც თვეში 20 ლარს შეადგენს, დღესაც დე იურე ძალაშია", - აღნიშნულია კვლევაში.
FairWork-ი კვლევაში მიუთითებს, რომ კომპანიებში გამოწვევაა კურიერებისა და ტაქსის მძღოლებისთვის სამედიცინო დაზღვევა, უსაფრთხოების სავალდებულო ტრენინგები და აღჭურვილობის უსასყიდლოდ გადაცემა.
"გამოკითხულ მშრომელთა დიდმა ნაწილმა აღნიშნა, რომ მუშაობა სპეციალური უსაფრთხოების ტრენინგის გავლისა და შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე დაიწყეს. წლევანდელ რეიტინგებში მხოლოდ ერთ პლატფორმას, Glovo-ს მიენიჭა ერთი ქულა სამართლიანი პირობებისთვის, რადგან მათ წარმოადგინეს საკმარისი მტკიცებულება, რომლის თანახმადაც, სპეციფიკური რისკების შესამცირებლად ნაბიჯები გადადგმულ იქნა. სრულფასოვან სამედიცინო დაზღვევას, სამწუხაროდ, ვერცერთი კომპანია ვერ უზრუნველყოფს", - წერია კვლევაში.
კიდევ ერთი გამოწვევა, რაზეც კვლევის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ, სამართლიანი კონტრაქტებია. კვლევაში აღნიშნულია, რომ კომპანია ადგილობრივ კანონმდებლობას უნდა ექვემდებარებოდეს და მიუხედავად მშრომელთა დასაქმების სტატუსისა, ხელშეკრულება ისეთ პუნქტებს არ უნდა შეიცავდეს, რომლებიც პლატფორმის პასუხისმგებლობას დაუსაბუთებლად გამორიცხავს.
"მხოლოდ Glovo-ს, Maxim-სა და Wolt-ს მიენიჭა თითო ქულა საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისი მკაფიო წესებისა და პირობებისთვის, რომლებიც ხელმისაწვდომი და გასაგებია მშრომელებისთვის. სამწუხაროდ, არცერთ პლატფორმას არ ერგო ქულა ამ პრინციპის მეორე პუნქტისთვის, რადგან არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ პლატფორმები მშრომელებს ცვლილებებს გონივრულ ვადაში აცნობენ და რომ წესები და პირობები არ ათავისუფლებთ პლატფორმებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისგან და რომ შეგროვებული მონაცემები და დინამიკური ფასებისთვის გამოყენებული გამოთვლები გამჭვირვალეა და დოკუმენტირებულია მშრომელებისთვის ხელმისაწვდომი ფორმით", - წერია კვლევაში.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მძღოლები და კურიერები უკმაყოფილებას გამოხატავენ, რომ მათი უსაფრთხოებასთან, პრობლემურ მომხმარებელთან და საგზაო მოძრაობის სტრესთან არსებული პრობლემები ჯეროვნად არ არის აღქმული, მათ კომპანიების მხარდაჭერის გუნდებთან კომუნიკაცია უჭირთ.
"კომპანიების მხარდაჭერის გუნდებთან კომუნიკაცია ხშირად არაეფექტიანად ითვლება და მშრომელებს დამოუკიდებლად უწევთ გამოწვევებთან გამკლავება. მხოლოდ Glovo-მ და Wolt-მა მოიპოვა თითო ქულა კომპანიის მხარდაჭერის გუნდთან კომუნიკაციის შედარებით ხელმისაწვდომი არხების არსებობის გამო. ამასთან, Glovo მშრომელებს მიღების საათებს ოფისში, "კურიერების ცენტრში“, თბილისში სთავაზობს. ამ პრინციპის მეორე პუნქტისთვის მხოლოდ Wolt-ს მიენიჭა ერთი ქულა. მათ წარმოადგინეს ანტიდისკრიმინაციული, თანასწორობისა და ინკლუზიურობის ხელშემწყობი ზომების დამადასტურებელი მტკიცებულებები. გარდა ამისა, მათი დავალებების განაწილების ალგორითმი ცხადად არის დეკლარირებული. მომხმარებლების მიერ მშრომელებისთვის მინიჭებული დისკრიმინაციის რისკის შემცველი რეიტინგები არ არის გამოყენებული შეფასებისა და დავალებების განაწილების პროცესში", - აღნიშნულია კვლევაში.
"სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტში" მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში კურიერებისა და ტაქსის მძღოლებისთვის ცალკე კანონი უნდა შეიქმნას, რადგან არსებული შრომის კოდექსი ამ ადამიანებზე არ ვრცელდება. ამასთან, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ კურიერები და მძღოლები ჯანდაცვის სისტემაში უნდა ჩაერთონ და სადაზღვევო პაკეტი მიიღონ. ერთ-ერთი რეკომენდაციაა, მათი საპენსიო სისტემაში ჩართვაც.
BMG კვლევასთან დაკავშირებით კომპანიების ნაწილს უკვე დაუკავშირდა, ნაწილთან დაკავშირებას ცდილობს. პასუხებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.