საქართველოს მიტანის სერვისის ბაზარზე არსებული ლიდერი კომპანიები Wolt-ი და Glovo გლობალური მიტანის კომპანიების Doordash-ისა და Delivery Hero-ს ჯგუფის შემადგენელი კომპანიებია.
Doordash-ი ამერიკული სტარტაპია, რომელიც 2012 წელს დაფუძნდა. კომპანია Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე არის დალისტული და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 51.5 მილიარდი დოლარია. ის 2022 წლიდან მოყოლებული Wolt-ის მფლობელია. ჯგუფის 2023 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიამ 8.6 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წელთან შედარებით 31%-ით მეტი იყო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანიის აქციების ღირებულება 127%-ით გაიზარდა, რაც პირველ რიგში Doordash-ის მთავარ ბაზარზე, აშშ-ში კარგ საბაზრო პოზიციას უკავშირდება, რაც საკვების მიტანის სეგმენტის 65%-ს შეადგენს. შემოსავლების ზრდის მიუხედავად, Doordash-ი მოგებაზე არ იმყოფება და ჯგუფმა 2023 წელი 558 მილიონის ზარალით დაასრულა.
Delivery Hero გერმანული სტარტაპია, რომელიც 2011 წელს დაფუძნდა. კომპანია გერმანიის საფონდო ბირჟაზე არის დალისტული და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 6 მილიარდი ევროა. 2022 წლიდან ჯგუფის შემადგენლობაშია Glovo. 2023 წელს ჯგუფის მთლიანი შემოსავალი 11.1 მილიარდი ევრო იყო, რაც 2022 წელთან შედარებით 15%-ით მეტია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში Delivery Hero-ს აქციების ღირებულება 42%-ით დაეცა და ამჟამად ერთი აქციის საფასურია 22.08 ევრო. აქციების ფასის კლება ჯგუფის აზიური ბიზნესის სუსტ ფინანსურ შედეგებს უკავშირდება. Doordash-ის მსგავსად Delivery Hero-ც ზარალზეა, რამაც 2023 წლის პირველ ნახევარში 830 მილიონი ევრო შეადგინა.
ორივე ჯგუფის ქართულ შვილობილებს არც 2022 წლის და არც 2023 წლის ფინანსური ანგარიშგებები გასაჯაროებული არ აქვთ. 2021 წლის მაჩვენებლებით "გლოვოს" შემოსავალი საქართველოს ბაზარზე 34 მილიონი ლარი, "ვოლტის" ამონაგები კი 34.5 მილიონი ლარი იყო.