09.აგვისტო .2020 18:00

კვირის TOP - 10 ეკონომიკური მოვლენა

views 587
უკან

გთავაზობთ მიმდინარე კვირის (03-08.08.2020) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1. მთავრობის 410 მლნ ლარის სოციალური დახმარებების პაკეტი
2. ივლისში წლიურმა ინფლაციამ 5.7% შეადგინა
3. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.0%-მდე შეამცირა
4. რეგულარული ფრენების განახლება და ტურიზმის სფეროს მომავალი
5. საზღვაო სააგენტოსა და რუსთავის აზოტის განცხადება ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით
6. "შრომის კოდექსში" ცვლილებებს ჯანდაცვის კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
7. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაწეული ხარჯები და პროექტის შედეგები
8. თიბისი კაპიტალის კვლევა სასტუმროების დატვირთვისა და დასაქმების შესახებ
9. ნარჩენების რეფორმა - ბიზნესის, სამინისტროს და მერიის პოზიცია
10. „ფრონტერას“ 84 ყოფილ თანამშრომელს საქართველოს მთავრობა ერთჯერადად 1200 ლარს გადასცემს


1. მთავრობის 410 მლნ ლარის სოციალური დახმარებების პაკეტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით სოციალურ დახმარებებზე მთავრობა 410 მლნ ლარს დახარჯავს. სოციალური პაკეტი კი ოთხი მიმართულებით გადანაწილდა.

1. ყველა თვითდასაქმებული, რომელსაც ერთჯერადი, 300 ლარიანი დახმარების მიღების მიზნით არასრული დოკუმენტაცია ჰქონდა წარდგენილი, კომპენსაცია ჩაერიცხება. როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, თვითდასაქმებულების კომპენსაციის მისაღებად საქართველოს მთვრობას 250 ათასმა საქართველოს მოქალაქემ მიმართა, საიდანაც დახმარება 170 ათასმა მოქალაქემ მიიღო, რომელთაც სრულად წარმოადგინეს დოკუმენტაცია, ხოლო დარჩენილ 80 ათას მოქალაქეს, რომელთაც ვერ დააკმაყოფილეს დოკუმენტაციის პირობები ერთჯერადი დახმარება სექტემბრამდე დაერიცხებათ.

2. 17 წლამდე ასაკის ყველა მოზარდი, მთავრობისგან 200 ლარიან კომპენსაციას მიიღებს.

პრემიერის განცხადებით ეს არის ყველაზე მოწყვლადი ფენა, რომელსაც დახმარება ესაჭიროება და ამ დასკვნამდე მინისტრთა კაბინეტი ხანგრძლივი ანალიზის შედეგად მივიდა.

3. ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში 200 კვტ სთ-მდე ელექტრო ენერგიას და 200 მ3-მდე გაზის კომუნალური გადასახადები მოსახლეობას დაუსუბსიდირდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება იმ მიზნით მიიღეს, რომ მოქალაქეების შემოსავლების კლება, ან სამუშაო ადგილების დაკარგვა დააკომპენსირონ და კომუნალური გადასახადების სუბსიდირებით მხარდაჭერა გამოუცხადონ მოსახლეობას.

4. ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე სახელმწიფო 33 000-ზე მეტ სტუდენტს, რომლსაც 150 000 სოციალურ ქულამდე აქვთ, სწავლის საფასურს ნაწილობრივ, ან სრულად დაუფინანსებს.


ვრცლად სოციალური დახმარების შესახებ: https://bit.ly/33Gszel ; https://bit.ly/3krZIQZ  

2. ივლისში წლიურმა ინფლაციამ 5.7% შეადგინა

საქსტატის მონაცემებით 2020 წლის ივლისში წლიური ინფლაციის დონემ 5.7% შეადგინა. ყველაზე მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 11,5%; ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა 9,8%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო 9,0%; ჯანმრთელობის დაცვა 7,2%. დეფლაცია დაფიქსირდა: დასვენება, გართობა და კულტურა -1,2% და ტრანსპორტის ჯგუფში -9,3%.

აღსანიშნავია, რომ ივლისში გაზრდილია FAO-ს ფასების ინდექსი. ძირითადი პროდუქტების ფასების ცვლილებები შემდეგნაირადაა განაწილებული: შაქრის ფასების ინდექსი გაიზარდა 1,4%-ით; რძისა და რძის პროდუქტის ინდექსი გაიზარდა 3,5%-ით; თუმცა 1,8%-ით არის შემცირებული ხორცის ფასების ინდექსი. ფაქტობრივად უცვლელი დარჩა მარცვლეულის ფასების ინდექსი, ხოლო უხვი მარაგების გამო, ივლისში ბრინჯის ფასების ინდექსი შემცირდა.
ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/33TMarN ; https://bit.ly/3ikcwHh ; https://bit.ly/3a6sfqw  


3. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.0%-მდე შეამცირა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 5 აგვისტოს რეფინანსირების განაკვეთი 8.0%-მდე შეამცირა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 16 სექტემბერს ჩატარდება და როგორც სებ-ის განცხადებაში წერია: ,,საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს მომავალშიც დააკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

აღნიშნულ მოვლენას ტრადიციულად ეხმიანება ,,საზოგადოება და ბანკები’’, რომელთა კვლევის მიხედვით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 118 500 სესხია გაცემული, რომელთაც რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება. ასევე აღნიშნულია, რომ 1 ივნისიდან 1 ივლისამდე გაცემული სესხების რაოდენობა 2000-ით არის გაზრდილი.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი -5%-მდე შეამცირა, მიზეზად კი შემდეგს ასახელებს: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გლობალური ეკონომიკის ზრდის განახლებული პროგნოზი კიდევ უფრო პესიმისტური გახდა, რაც გამოწვეულია გლობალური ეკონომიკური აქტივობისა და საგარეო მოთხოვნის უფრო მეტად შემცირებით. ხოლო წლის პირველ ნახევარში საქართველოში ეკონომიკა 5.8%-ით შემცირდა.

ვრცლად აღნიშნულ თემებზე სტატიები: https://bit.ly/3fHjPan ; https://bit.ly/3a9qA3j ; https://bit.ly/2XLsLp0  

4. რეგულარული ფრენების განახლება და ტურიზმის სფეროს მომავალი

3 აგვისტოს, გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენები განაახლა, მათივე ცნობით, მიუნხენიდან თბილისში 188 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით 156 მგზავრი გაემგზავრა. 6 აგვისტოს „ეარბალტიკმა“ რიგა-თბილისი-რიგას მიმართულებით აღადგინა ფრენები, 8 აგვისტოდან კი პარიზი – თბილისი – პარიზის მიმართულებს ფრენები Air France-მა განაახლა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით კი აგვისტოს ბოლოს ათენსა და თბილისს შორის ფრენა დიდი ალბათობით შესრულდება. მისივე განცხადებით ბიზნეს ვიზიტების პლატფორმაზე 2700 განაცხადია შესული. ქვეყანაში ბიზნეს ვიზიტის მიზნით შემოსვლას ითხოვენ როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. მინისტრის განცხადებით ეტაპობრივად, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით სხვა შესაძლო ფრენებიც გაიხსნება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საკარანტინო ზონების მოწყობის 5 თვიანი პერიოდი შეაჯამა. მისი თქმით, 10 მარტიდან დაახლოებით 50-ათასამდე ადამიანს უმასპინძლეს საკარანტინო სივრცეებში, პროექტში ჩართული იყო 144-მდე სასტუმრო, სახელმწიფომ სასტუმროებთან ათი ათასამდე ოთახის გამოსაყენებლად კონტრაქტი გააფორმა, შედეგად მუდმივად დასაქმებული იყო 3300-ზე მეტი ადამიანი.

რაც შეეხება პროგნოზებს, ეროვნული ბანკი საბაზო სცენარზე დაყრდნობით, 2020 წელს წინა წელთან შედარებით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 80%-ით შემცირდება. ტურისტული ნაკადების აღდგენის პერსპექტივა, კი როგორც გლობალურად, ასევე საქართველოში საკმაოდ გაურკვეველია. სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადებით ზღვისპირეთში დაბრუნდა ე.წ. კოიკების დაქირავების დრო და ფასები 5-დან 10 ლარამდე მერყეობს.

ვრცლად აღნიშნულ თემებზე სტატიები: https://bit.ly/33FRA9p ; https://bit.ly/2XIS7ne ; https://bit.ly/2PESJ9e ; https://bit.ly/3ktPGyE ; https://bit.ly/3a9Zqt7  

5. საზღვაო სააგენტოსა და რუსთავის აზოტის განცხადება ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით

რუსთავის აზოტმა ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაში წერია რომ სს “რუსთავის აზოტი” ქარხნის ოპერირებას აწარმოებს ბოლო 3 წელია და ვერ ახდენენ გადამოწმებას, ნამდვილად იყო თუ არა ქალაქ ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი 2013 წელს რუსთავში ნაწარმოები. სს “რუსთავის აზოტი” აწარმოებს მსოფლიოში მოხმარებული ამონიუმის ნიტრატის 1 %-მდე, რომელიც ლოკალური ნებართვით და საერთაშორისო სტადრატის დაცვით მზადდება, ინახება და გადის ექსპორტზე. ასევე აღნიშნავენ, რომ თუ ნიტრატი 2013 წლიდან ინახებოდა, ეს მისი უსაფრთხოდ შენახვის ნორმების უხეში დარღვევაა და ამონიუმის ნიტრატი 6 თვის გასვლის შემდეგ კარგავს მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის საჭირო თვისებებს.

როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განაცხადეს: ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებასთან საქართველოს რაიმე ფორმით დაკავშირება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია რამდენადაც ტვირთის გადაზიდვის, დამუშავების და დასაწყობების ტექნოლოგიები მიმღები სახელმწიფოს კომპეტენციაა და არა ექსპორტიორი სახელმწიფოსი,’’ ხოლო საქართველოს ნავსადგურები და ნავსადგურებში წარმოებული სატვირთო ოპერაციები სრულად შეესაბამება მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს.

ვრცლად თემის და მომხდარი აფეთქების შესახებ იხილეთ: https://bit.ly/2XJnbDt ; https://bit.ly/3ktQ803  

6. "შრომის კოდექსში" ცვლილებებს ჯანდაცვის კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებმა II მოსმენით საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს მხარი ერთხმად დაუჭირეს. დიმიტრი ცქიტიშვილმა კანონპროექტის მიღება შრომითი უფლებების დაცვის კუთხით წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. ცლილებები ეხება ანტიდისკრიმინაციული ნორმების გამკაცრებას, სტაჟირებას, დეკრეტული შვებულების დარეგულირებას, სადაც მამის კომპონენტი შემოდის, სამუშაო დროის რეგულირებას, მათ შორის ღამისა და დღის ზეგანაკვეთურ შრომისა და მისი ანაზღაურების საკითხებს.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მიხეილ დაუშვილის შეფასებით პროექტი, რომელიც პარლამენტში თავდაპირველად იყო წარდგენილი უმძიმესი იყო, ხოლო მეორე მოსმენით მიღებული პროექტი გაცილებით დაბალანსებული და პრაქტიკაში აღსრულებადია. თუმცა დღევანდელი ვერსიაც მძიმეა, განსაკუთრებით შრომის ინსპექტირების ნაწილში. აქვე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, პროცესს დააკვირდნენ და თუ დაინახეს, რომ გარკვეული ცვლილებების საჭიროება დადგება, ამ კუთხითაც იმუშაონ.
ვრცლად კანონპროექტის შესახებ: https://bit.ly/2XIIvZO ; https://bit.ly/3allIZj  

7. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაწეული ხარჯები და პროექტის შედეგები

28-29 ივლისის ძლიერი წვიმების შედეგად, ადიდებულმა მდ. რიონმა დააზიანა ცენტრალური შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილი. სტიქიის შედეგად 12 სოფელთან შეწყდა საავტომობილო კომუნიკაცია. ამიტომ, რაჭაში საავტომობილო ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის 40 მილიონი ლარი გამოიყო, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობასა და შესყიდვების სააგენტოს აღნიშნული სამუშაოების უტენდეროდ შეისყიდვის მოთხოვნით მიმართა.

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან სასესხო ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონიალზე გაკეთებული განცხადების თანახმად, 180 მლნ ევრო სრულად მოხმარდება კოვიდ-19-თან ბრძოლის ღონისძიებებს, ხოლო 130 მლნ ევრო რეგიონული პროექტების განვითარებას. 80 მლნ ევრო მოხმარდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტს, კერძოდ; ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე იწყება 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა. ხოლო 50 მლნ ევრო მოხმარდება იმერეთის რეგიონის განვითარებას, სადაც გათვალისწინებულია ბაღდათის, ვანისა და სამტრედიის წყლის მომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობა.

თბილისის მერიამ 48 მილიონ ლარიანი ტენდერი უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მოწყობისთვის 25 მარტს გამოაცხადა, სადაც გაიმარჯვა კომპანია “ენ სი სი”-მ. თუმცა კომპანიას ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტა. მიზეზი კორონავირუსის გათვალისწინებით შემცირებული ბიუჯეტია. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით პროექტის სავარაუდო ჯამური საინვესტიციო ღირებულება 20-30 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო.

ვრცლად აღნიშნულ თემებზე სტატიები: https://bit.ly/30H0z8I ; https://bit.ly/3gKpPR0 ; https://bit.ly/30Ii6gK  


8. თიბისი კაპიტალის კვლევა სასტუმროების დატვირთვისა და დასაქმების შესახებ

„თიბისი კაპიტალ“-მა მორიგი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ვკითულობთ, რომ ,,დასაქმებაში მკვეთრი აღდგენაა და ივნისში დაახლოებით 47 ათასზე მეტ ადამიანს ჩაერიცხა ხელფასი.’’ შემოსავლების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, დასაქმება მკვეთრად აღდგენას იწყებს. რაც გამოიხატება შემდეგში: მაისში თებერვალთან შედარებით, 91 ათასით ნაკლებმა ადამიანმა მიიღო ხელფასი, ხოლო ივნისში დასაქმებულთა რაოდენობა 47 ათასით გაიზარდა.

„თიბისი კაპიტალი“-ს მორიგი კვლევა ეხება სასტუმროების დატვირთვის მაჩვენებელს, სადაც ირკვევა, რომ მსხვილი სასტუმროები ყველაზე მეტად კახეთშია დატვირთული, სასტუმროების დატვირთვის მაჩვენებელმა კახეთში 19% შეადგინა, ხოლო თბილისში ანალოგიურმა მაჩვენებელმა 2,7% შეადგინა, 6%-ია ზღვისპირეთში. აქვე აღნიშნულია, რომ კახეთის მსხვილი სასტუმროების საშუალო დღიური ფასი აგვისტოში თითქმის განახევრებულია.
ვრცლად კვლევის შესახებ: https://bit.ly/2PEj7A4 ; https://bit.ly/2PDskZm .

9. ნარჩენების რეფორმა - ბიზნესის, სამინისტროს და მერიის პოზიცია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბიზნესომბუდსმენთან, მიხეილ დაუშვილთან ერთად მწარმოებლებთან შეხვედრა გამართა, შეხვედრაზე „შეფუთვის ნარჩენების მართვის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის პროექტი განიხილეს. პროცესი გაჭიანურებულია და დაინტერესებულ მხარეებს შორის შეთანხმება თვეებია ვერ ხერხდება. ორგანიზაციის ააიპ "ჯორჯია ფლასის" თავმჯდომარე გივი კალანდაძის განცხადებით ახალი რედაქციით წარდგენილი პროექტი მწარმოებლებისთვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა. მისივე თქმით, პრილში ყველა მხარესთან შეთანხმების შემდეგ პროექტი საბოლოო სახით ჩამოყალიბდა და მხოლოდ დამტკიცებას საჭიროებდა, თუმცა ამ დრომდე თბილისის მერიის ინტერესების გათვალისწინებით დოკუმენტის დამტკიცება ვერ მოხერხდა. კანონში წერია, რომ მწარმოებლებიდან ნაწარმოები პროდუქციიდან მიღებულ შესაფუთ მასალებზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მწარმოებლებს, მაგრამ მერიას სურს რომ თავად აწარმოონ ნარჩენების სეპარირება და ბიზნესისგან ითხოვენ ამისთვის თანხის გადახდას და ეუბნებიან ნუ შეგვეკითხებით რა იქნება ამის საფასური და ამას როგორ დავხარჯავთო. რეგლამენტის არსებული რედაქციით დამტკიცების შემთხვევაში გივი კალანდაძე პროდუქციის გაძვირებას პროგნოზირებს. სოფლის მეურნეობის მინისტრი მწარმოებლებს მერიასთან შეხვედრის ორგანიზებას დაპირდა, იმისთვის, რომ მოხდეს მხარეთა შორის შეთანხმება, თუმცა გივი კალანდაძე ამ საკითხის სკეპტიკურად უყურებს.

ბიზნესომბუდსმენის მიხეილ დაუშვილის განცხადებით ახლო მომავალში მიიღებენ ისეთ ვერსიას, რომელიც მისაღები იქნება როგორც ბიზნესისათვის ისე სახელმწიფოსთვის.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2PFcI7H ; https://bit.ly/3a6T266  

10. „ფრონტერას“ 84 ყოფილ თანამშრომელს საქართველოს მთავრობა ერთჯერადად 1200 ლარს გადასცემს

მთავრობის გადაწყვეტილებით კომპანია „ფრონტერას“ მიერ გათავისუფლებულ 84 ადამიანს, რომელთა მიმართაც კომპანიას დაახლოებით 17 თვის სახელფასო დავალიანება ერიცხება, თითოეულ მათგანს 1 200 ლარის ერთჯერად დახმარებას მისცემს. მთავრობა კი კვლავაც მოუწოდებს კომპანია „ფრონტერას“ შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები და დაფარონ სახელფასო დავალიანება. შეგახსენებთ, რომ მოგებული დავის მიუხედავად, მთავრობამ შესაძლებლობა მისცა კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, იმ მოტივით, რომ შეინარჩუნოს სანიმუშო საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყნის რეპუტაცია და არ დააზარალოს საქართველოსა და აშშ შორის დადებითი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობა.

ვრცლად აღნიშნული თემის შესახებ: https://bit.ly/31xfHoj