მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი და რუბლი გამყარდა - სავალუტო მიმოხილვა (25.03 – 01.04)

62496300882e9
ეგნატე შამუგია
04.04.22 08:00
22196
მარტის ბოლო კვირას ლარი გამყარდა. ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი არამხოლოდ დოლართან, არამედ სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარებულია. გასულ სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.090 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.208-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 3.66%-იანი გამყარებაა, რაც მიმდინარე წლის მეთორმეტე სავაჭრო კვირას 0.06%%-ით იყო გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე კი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, მცირედით, 0.06 %-ითაა გაუფასურებული. გასულ თვეს კი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 4.29%-ით იყო გამყარებული, რაც თებერვალში 5.44%-იანი გაუფასურებით გამოირჩეოდა.
 
რაც შეეხება საომარ მოქმედებაში მყოფი ვალუტების მდგომარეობას, მარტის ბოლო სავაჭრო კვირას გრივნა გამყარდა. კერძოდ, გასულ კვირას 0.18%-ითაა გამყარებული, მაგრამ 28 თებერვლის შემდეგ ბლუმბერგის პლატფორმაზე უკრაინული ვალუტა აქტიურად არ ივაჭრება. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ხოლო აშშ და ევროპის კავშირის მიერ სანქციები დაწესდა, რუბლი მკვეთრად გაუფასურდა. თუმცა, ბოლო რამდენიმე კვირაა მყარდება. მაგალითად, მარტის მესამე სავაჭრო კვირას, დოლართან მიმართებით, რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი 22.38%-ით გამყარდა, რაც მეოთხე კვირას 5.00% იყო. გასულ კვირას რუსული ვალუტა 15.89%-ითაა გამყარებული. მიუხედავად ამისა, წლის დასაწყისიდან დღემდე, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მეტი, 15.36%-ით რუსული რუბლია გაუფასურებული.

წლის დასაწყისიდან დღემდე, რუბლის შემდეგ მაღალი, 11.90%-იანი გაუფასურებით თურქული ლირა გამოირჩევა, რომელიც გასულ წელს 78.81%-ით იყო გაუფასურებული. მარტის ბოლო სავაჭრო კვირას თურქული ვალუტა, დოლართან მიმართებით, 1.04%-ით გამყარდა. ამავე პერიოდში, საქართველოს კიდევ ერთი სავაჭრო პარტნიორის - სომხეთის ეროვნული ვალუტა დრამი 1.71%-ითაა გამყარებული. წინა კვირას დრამი 0.41%-ით იყო გაუფასურებული. გარდა აღნიშნული ვალუტებისა, მარტის ბოლო სავაჭრო კვირას ევროც 0.59%-ით გამყარდა, სტერლინგი კი - 0.65%-ით გაუფასურდა.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 25.03 – 01.04 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია გასულ კვირას, 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა.

გასულ წელს ცენტრალურმა ბანკმა ბაზარზე სულ 9-ჯერ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, ხოლო ბაზარზე უცხოური ვალუტა არ შეუსყიდია. სები სავალუტო ინტერვენციებით უმეტესწილად წლის პირველ ნახევარში გამოირჩეოდა, რადგან 7 სავალუტო აუქციონი იანვარ-აპრილში იყო. აღნიშნულ პერიოდში ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ამდენად, სავალუტო ინტერვენციების კუთხით გასული წელი მეტად პასიური იყო, ვიდრე წინა პერიოდი. პანდემიის პირველ წელს ცენტრალურმა ბანკმა სულ 26 ინტერვენციით 873.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 28.03 – 01.04-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

გამყარების ფონზე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი მკვეთრი მერყეობით გამოირჩეოდა. მარტის ბოლო სავაჭრო კვირას ყოველდღიური კურსის ნიშნული საშუალოსთან მიმართებით 1.05%-ით იხრებოდა, რაც წინა პერიოდთან შედარებით არსებითად არასტაბილური მდგომარეობაა. მარტის მეოთხე სავაჭრო კვირას ლარის კურსი მერყეობა 0.25% იყო, რაც მესამე სავაჭრო კვირას 0.29%-ს შეადგენდა.

გასულ კვირას არამხოლოდ ლარი, არამედ სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული სხვა ვალუტებიც შედარებით არასტაბილური იყო, ვიდრე წინა კვირის ნიშნულები. კვლევა მკვეთრი გამყარების ფონზე ყველაზე მეტად მერყევი რუსული რუბლი აღმოჩნდა. 15.89%-იანი გამყარების ფონზე რუბლის მერყეობა 5.82%-ს აღწევდა, რაც მარტის მეოთხე კვირას 4.11% იყო. უფრო ადრე, მესამე და მეორე სავაჭრო კვირების მანძილზე 8.26% და 9.19% -ები. ნაკლებად მერყევი ტრადიციულად ჩინური იუანი იყო. კერძოდ, კვირის მანძილზე ყოველდღიური კურსი საშუალოსთან მიმართებით მხოლოდ 0.21%-ით იხრებოდა. უფრო მცირე 0.18%-იანი მერყეობა უკრაინულ გრივნას ახასიათებდა, მაგრამ აღნიშნული ნაკლები ინტენსივობით ვაჭრობას უკავშირდება.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 25.03/01.04 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

მარტის მეორე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარებული იყო. აღნიშნული საშუალოდ 3.68%-ს შეადგენდა. მათ შორის ყველაზე მეტით, 15.05%-ით რუსულ რუბლთან იყო გამყარებული. თუმცა, მარტის მესამე სავაჭრო კვირას ლარის კურსი ყველზე მეტით, 25.76%-ით სწორედ რუბლთან მიმართებით გაუფასურდა. მეოთხე კვირასაც ლარის ყველაზე მეტით, 4.11%-ით რუსულ ვალუტასთან იყო გაუფასურებული. მარტის ბოლო სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი რუსულ ვალუტასთან მიმართებით კვლავ მასშტაბურად, 14.21%-ით გაუფასურდა. მიუხედავად ამისა, წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარის საშუალო შეწონილი კურსი ყველაზე მეტით, 9.76%-ით სწორედ რუბლთან მიმართებითაა გამყარებული.

წინა კვირისგან განსხვავებით, მარტის ბოლო სავაჭრო კვირას, რუბლის გარდა, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ყველა ვალუტასთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი გამყარებულია. გასულ კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოდ 3.83%-ით გამყარდა. მათ შორის, ყველაზე მაღალი ნიშნულით, 4.60%-ით იაპონურ იუანთანაა გამყარებული, რომელიც თავის მხრივ, დოლართან მიმართებით 0.33%-ითაა გაუფასურებული. ამავე პერიოდში დოლართან მიმართებით 0.65%-ით ბრიტანული სტერლინგი გაუფასურდა, რომელთანაც ლარის ნომინალური კურსი 4.36%-ით გამყარდა. აღნიშნული ვალუტების შემდეგ, ლარი 4.16%-ით მეზობელი და სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის - აზერბაიჯანის ეროვნულ ვალუტასთანაა გამყარებული. მარტის ბოლო სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური კურსი უკრაინულ გრივნასთან მიმართებით 3.92%-ით გამყარდა, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 7.36%-ია.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ინდექსში რუბლის წილი 14.6%-ია, ხოლო ლარი რუბლთან 14.21%-ით გაუფასურდა, გასულ კვირას ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსი მაინც გამყარებულია, რადგან სხვებთან გამყარდა. მარტის ბოლო სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 1.21%-ით გამყარდა, რაც წინა კვირას 0.95% იყო გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 4.47%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 25.96%-ია.

მარტის ბოლო სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 136.5-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.11%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით მკვეთრ სტაბილურობას ასახავს, რადგან წლის მეთორმეტე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსი მერყეობა 0.57% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 24.08%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 22.07% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის მეცამეტე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გამყარება, ამავე პერიოდის იმპორტის ზრდაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნების საქონელი და მომსახურებას ძვირდება.