მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი მყარდება, რუბლი უფასურდება - სავალუტო მიმოხილვა (02.12 – 09.12)

63959cd84ad7a
ეგნატე შამუგია
12.12.22 08:00
2363
დეკემბრის პირველ სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 2.675 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 2.699-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.90%-იანი გამყარებაა, რაც მიმდინარე წლის 48-ე სავაჭრო კვირას მხოლოდ 0.03% იყო. ამ ფონზე, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით 12.59%-ითაა გამყარებული. სექტემბერში ლარის კურსი 2.25%-ით იყო გამყარებული, ხოლო ოქტომბერში კი - 2.16%-ით. გასულ თვეს ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 1.79%-ით გამყარდა.
 
გასულ კვირას გარდა ლარისა, სავაჭრო კალათის მიხედვით დეკემბრის ვალუტებიდან კიდევ სამი გამყარდა. მათ შორის ყველაზე მეტით, 1.43%-ით ჩინური იუანია გამყარებული. ჩინური ვალუტა წინა კვირასაც მაღალი, 1.56%-იანი გამყარებით გამოირჩეოდა. წლის დასაწყისიდან დღემდე იუანი, დოლართან მიმართებით, 9.38%-ით არის გაუფასურებული. დეკემბრის პირველ სავაჭრო კვირას უკრაინული გრივნა 0.18%-ით გამყარდა, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 34.80%-ით არის გაუფაურებული. ამ პერიოდში ევროს ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 7.14%-ით არის გაუფასურებული, მაგრამ გასული კვირას მცირედით, 0.08%-ით გამყარდა. რაც შეეხება გაუფასურებას, დეკემბრის მეორე კვირას ყველაზე მეტით, 1.30%-ით იენი გაუფასურდა, ხოლო რუბლი 1.16%-ით. ეს უკანასკნელი წლის დასაწყისიდან დღემდე, 15.82%-ით არის გამყარებული.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 02.12 – 09.12 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა. სებ-ის ხანგრძლივი თავშეკავება მაისის ბოლო სავაჭრო კვირის სამშაბათს დაირღვა, როცა ბაზარზე 10.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას ასეთი ინტერვენცია ორი იყო. ჯერ კიდევ ორშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით 10.0 მლნ დოლარი იყიდა, ხოლო პარასკევს ორჯერ უფრო მეტი - 20.0 მლნ დოლარი. აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირის ოთხშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით კვლავ 40.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. უკვე მომდევნო კვირას ტრადიციული სავალუტო აუქციონების გზით სებ-ის ინტერვენციების მიმართულება შეიცვალა და ბაზარზე 20.0 მლნ დოლარი გასაყიდად გამოიტანა, მაგრამ მხოლოდ 8.3 მლნ დოლარი გაიყიდა. მორიგი ასეთი ინტერვენცია სებ-ის მიერ 31 აგვისტოს განხორციელდა, სადაც ამჯერად გაორმაგებული მოცულობით, ბაზარზე 40.0 მლნ დოლარი გაიტანა, სადაც 32.3 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ტრადიციული ინსტრუმენტით - აუქციონის საშუალებით სებ-ის ბოლო ინტერვენცია 20 სექტემბერს იყო, როცა ბაზარზე გასაყიდად 20.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, მაგრამ მხოლოდ 13.6 მლნ დოლარი გაიყიდა.

გარდა ამისა, ცენტრალური ბანკის ბაზარზე აქტიურად ერევე Bmatch-ს საშუალებით, მაგრამ აღნიშნულზე ინფორმაცია პროაქტიულად და სრულყოფილად ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. ბოლო მონაცემებით, აგვისტოში სებ-ის მიერ აუქციონის გარეშე წმინდა შესყიდვებმა 63.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაგრამ უცნობია ამ პერიოდში რამდენი გაყიდა და რამდენი იყიდა. სექტემბერში ასეთი 42.7 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო ოქტომბერში კი - 99.4 მლნ აშშ დოლარი.

ფიგურა 2: 05.12 – 09.12-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

დეკემბრის პირველ სავაჭრო კვირას სავაჭრო კალათი მიხედვით შერჩეულ ვალუტების მერყეობა შედარებით დაბალი იყო, ვიდრე ნოემბერ-დეკემბრის საზიარო კვირას. მათ შორის, შედარებით დაბალი მერყეობა ბრიტანულ სტერლინგსაც ახასიათებდა, რომელიც ნოემბრის პერიოდში მაღალი მერყეობით გამოირჩეოდა. გასულ კვირას ბრიტანული სტერლინგის ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.40%-ით იხრებოდა, რაც წინა კვირას 1.29% იყო. ამ პერიოდში მერყეობა 0.93%-ს შეადგენდა, რაც გასულ კვირას 0.35%-ია. დეკმებრის პირველ სავაჭრო კვირას ყველაზე მაღალი, 0.55%-იანი მერყეობით რუსული რუბლი გამოირჩეოდა. რაც შეეხება დაბალ მერყეობას, ამ თვალსაზრისით გამორჩეულ თურქული ლირაა, რადგან გასულ კვირას ლირის ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით მხოლოდ 0.02%-ით იხრებოდა. გარდა თურქული ვალუტისა, დაბალი, 0.07%-იანი მერყეობით სომხური დრამიც გამორჩეული იყო. გასულ კვირას ლარის მერყეობამ 0.29% შეადგინა, რაც წინა კვირას 0.18%-ს აღწევდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 02.12/09.12(%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ნოემბრის მესამე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი უმეტეს შერჩეულ ვალუტასთან გაუფასურებული იყო, ხოლო მეოთხე კვირას კი - უმეტესთან გამყარებული. ასეთივე მდგომარეობა იყო ნოემბერ-დეკემბრის საზიარო სავაჭრო კვირას, რადგან ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი უმეტეს ვალუტასთან გამყარებული იყო. დეკემბრის პირველ სავაჭრო კვირს მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად შეცვლილია. გასულ კვირას ლარი გარდა ჩინური იუანისა, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ სხვა დანარჩენ ვალუტებთან გამყარდა. რაც შეეხება იუანთან ლარის კურსის ცვლილებას, გასულ კვირას ლარი ამ უკანასკნელთან მხოლოდ 0.07%-ით გაუფასურდა. გამყარების კუთხით კი, კვირის მანძილზე საშუალო გამყარებამ 1.16% შეადგინა.

დეკემბრის პირველ სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით, 2.37%-ით იაპონურ იენთან გამყარდა, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 26.60%-ია. იაპონური ვალუტის შემდეგ ლარს მაღალი გამყარება რუსულ რუბლთან, ბრიტანულ სტერლინგთან და თურქულ ლირასთან ახასიათებდა. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.03%-ით არის გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარი ყველაზე მეტით, 37.85%-ით სწორედ თურქულ ვალუტასთან არის გამყარებული. დეკმებრის პირველ სავაჭრო კვირას ბრიტანულ სტერლინგთან მიმართებით ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი 1.06%-ით გამყარდა. აღსანიშნავია, რომ წინა კვირას ლარი ამ უკანასკნელთან 1.03%-თ იყო გაუფასურებული. რაც შეეხება რუბლს, კვირის მანძილზე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი რუსულ ვალუტასთან 1.79%-ით გამყარდა, მაგრამ წლის დასაწყისიდან დღემდე ლარი ამ უკანასკნელთან 3.94%-ით არის გაუფასურებული.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. ვიანიდან დეკემბერს პირველ სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, გარდა ჩინური იუანისა, ყველა შერჩეულ ვალუტასთან გამყარდა, აღნიშნული ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსის გამყარებაზე აისახა. გასულ კვირას ინდექსი 0.86%-ით გამყარდა, რაც წინა კვირას 0.05%-ით გაუფასურებული იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 24.14%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 23.00%-ია.

დეკემბრის პირველი სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 162.2-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.30%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით არასტაბილურობას ასახავს, რადგან წლის 48-ე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის მერყეობა 0.08% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება (გაუფასურება) აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში (მატებაში).

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 23.44%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 24.12% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის 49-ე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გაუფასურება, ამავე პერიოდის იმპორტის ზრდაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნებისთვის საქონელი და მომსახურებას ძვირდება.