18.იანვარი .2021 08:00

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (08.01 – 15.01)

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (08.01 – 15.01)
views 750
უკან

გასულ კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.294 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.299-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.15%-იანი გამყარებაა, რაც წინა ორი კვირის გაუფასურების შემდეგ შეცვლილი ტენდენციაა. მიმდინარე წლის პირველ სავაჭრო კვირას დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.36%-ით იყო გაუფასურებული. აღნიშნულ პერიოდში რუსული რუბლი და სომხური დრამიც გაუფასურებულია, მაგრამ იანვრის მეორე სავაჭრო კვირას ორივე ვალუტა დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, გასულ კვირას რუბლი 0.70%-ითაა გამყარებული, ხოლო სომხური დრამი კი - 0.37%-ით. აღსანიშნავია, რომ სომხური დრამის გამყარება ამ უკანასკნელის რამდენიმეთვიანი გაუფასურების შემდეგ პირველად მიმდინარე წლის მეორე სავაჭრო კვირას მოხდა. გასული წლის ბოლოს სომხეთის ეროვნული ვალუტა ყოველკვირეულად უფასურდებოდა. იანვრის მეორე სავაჭრო კვირას, გარდა აღნიშნული ვალუტებისა, გაუფასურების ტენდენცია იაპონურმა იენმა და ბრიტანულმა სტერლინგმაც შეიცვალა. გასულ კვირას იენი 0.83%-ით და სტერლინგი 0.62%-ით გამყარდა. ამ პერიოდში, ჩინური იუანის გამყარებამ მხოლოდ და მხოლოდ 0.02% შეადგინა. ყველაზე მეტით, 1.06%-ით კი ევრო გაუფასურდა. უკრაინული გრივნა და თურქული ლირა კი - 0.52% და 0.52%-ებით. ლირის შემთხვევაშიც ტენდენცია შეცვლილია, რადგან წინა ორი კვირის მანძილზე თურქეთის ეროვნული ვალუტა მყარდებოდა.
 
ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 08.01 – 15.01 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ გასული წლის მარტში დაწყებული პოლიტიკის მიმდინარე წელსაც გაგრძელება დაანონსა. სებ-მა 06 იანვარს ბაზარზე მიმდინარე წლის პირველი სავალუტო ინტერვენცია უკვე განახორციელა, როცა ბაზარზე 40.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. გასულ კვირას კი ინტერვენციისგან თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს სებ-ის მიერ ბაზარზე ინტერვენცია [გაყიდვა] 26-ჯერ იყო, ჯამში 873.2 მლნ აშშ დოლარის მოცულობით, ხოლო ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვა არ ყოფილა, განსხვავებით 2019 წლისა. ამ წელს ცენტრალურმა ბანკმა 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 11.01 - 15.01-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

იანვრის პირველი სავაჭრო კვირის მსგავსად, გასულ კვირასაც შედარებით მაღალი მერყეობით თურქული ლირა და რუსული რუბლი გამოირჩეოდა, მაგრამ შეცვლილი ტენდენციით. მიმდინარე თვის მეორე კვირას რუსული რუბლის მერყეობა 0.70% იყო, ხოლო ლირის კი - 0.62%-ს აღწევდა. ამ პერიოდში ლარი კვლავ სტაბილურ ვალუტებს შორის აღმოჩნდა, რადგან საშუალოსთან მიმართებით გადახრამ მხოლოდ 0.10% შეადგინა, რაც ევროს მერყეობას უტოლდება. გარდა ამ ორისა, შედარებით სტაბილური სომხური დრამიც აღმოჩნდა, რაც ამ უკანასკნელისთვის გამყარების მსგავსად შეცვლილი ტენდენციაა. იმავეს ვერ ვიტყვით უკრაინულ გრივნაზე, რომელიც წინა პერიოდის მსგავსად ისევ გაუფასურდა და შედარებით მაღალი მერყეობა ახასიათებდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 08.01/15.01 (%)
წყარო: ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

იანვრის მეორე სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით გამყარდა და შედარებით სტაბილურიც იყო, მაგრამ სხვა ვალუტებთან მიმართებით გაუფასურდა. გასულ კვირას ლარი ყველაზე მეტით რუბლთან მიმართებით გაუფასურდა, ხოლო ყველაზე მეტით ევროსთან გამყარდა. კერძოდ, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის შეწონილი მაჩვენებელი რუსეთის ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 1.29%-ით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან მიმართებით კი - 0.98%-ით გამყარდა. აღსანიშნავია, რომ წინა კვირას ლარის ყველა შერჩეულ ვალუტასთან მიმართებით გაუფასურებული იყო, რაც რუბლის გარდა, გრივნას (0.49%), დრამის (0.37%), სტერლინგის (0.35%) და იენის (0.05%) შემთხვევაში იანვრის მეორე სავაჭრო კვირასაც შენარჩუნდა. საპირისპიროდ კი, გარდა აღნიშნული ვალუტებისა, აზერბაიჯანულ მანათთან (0.21%), ჩინურ იუანთან (0.26%) და ლირასთან (0.42%) გამყარდა.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითად სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილ მაჩვენებელია. იანვრის მეორე სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გამყარდა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ეფექტური კურსის 0.14%-იანი გამყარება დაფიქსირდა, რაც იანვრის პირველ კვირას 1.11%-ით იყო გაუფასურებული. გასულ კვირას ლარის ეფექტური ნომინალური ინდექსის გამყარება დიდწილად ეროვნული ვალუტის ლირასთან და ევროსთან მიმართებით გამყარებას უკავშირდება, რადგან თურქეთი და ევროკავშირი საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორებია. აღსანიშნავია, რომ იანვრის მეორე სავაჭრო კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 109.9-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.26%-ს შეადგენდა. წინა კვირას კი, საშუალოსთან მიმართებით ეფექტური კურსის ინდექსის მერყეობა 0.18%-ს აღწევდა. ეს კი ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით ნაკლებად სტაბილურობას მიუთითებს. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ამასთან, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გასულ კვირას ნომინალური ეფექტური კურსის საშუალო მაჩვენებელი 6.64%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 8.50% იყო.

საერთო ჯამში, დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის ტენდენცია შეიცვალა. თუკი წინა კვირას ლარის კურსი გაუფასურდა, გასულ კვირის ეს უკანასკნელი დოლართან მიმართებით 0.15%-ით გამყარდა. იანვრის მეორე სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური კურსი არამხოლოდ დოლართან არამედ, საქართველოს საგარეო ვაჭრობაში გამოყენებულ სხვა ვალუტებთან მიმართებითაც გამყარდა. ასეთი კი ევრო, თურქული ლირა, აზერბაიჯანული მანათი და ჩინური იუანია. ვაჭრობის მიხედვით შერჩეული სხვა ვალუტებთან მიმართებით კი, წინა პერიოდის მსგავსად, კვლავ გაუფასურდა. თუმცა, იანვრის მეორე სავაჭრო კვირას ლარი შედარებით სტაბილური იყო, ვიდრე წინა პერიოდში. აღნიშნული ამ უკანასკნელის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსის გამყარებაშიც აისახა, რადგან სავაჭრო კალათაში ევრო და ლირის წილი მნიშვნელოვანია. თავი მხრივ, სავაჭრო ინდექსი გამყარება მთლიან იმპორტზე ზრდის კუთხით მოქმედებს, ხოლო ექსპორტზე პირიქით.