22.თებერვალი .2021 08:00

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (12.02 – 19.02)

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (12.02 – 19.02)
views 420
უკან

გასულ კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.303 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.289-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.42%-იანი გაუფასურებაა. წინა კვირას კი ლარის გაცვლითი კურის დოლართან მიმართებით 0.71%-ით იყო გამყარებული და არა მარტო ამ უკანასკნელთან მიმართებით, არამედ ყველა შერჩეულ ვალუტასთან. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საგარეო ვაჭრობის კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან ლარი დოლართან მიმართებით ყველაზე მეტით იყო გამყარებული, მაგრამ გასულ კვირას ერთ-ერთი ყველზე მეტით გაუფასურებული ვალუტა იყო. თებერვლის მესამე სავაჭრო კვირას დოლართან მიმართებით ყველაზე მეტით იაპონური იენი (0.63%) და რუსული რუბლი (0.55%) გაუფასურდა, რომლებიც მეორე სავაჭრო კვირას დოლართან მიმართებით გამყარებული იყო. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში დოლართან მიმართებით მხოლოდ სომხური დრამი გაუფასურდა, რაც გასულ კვირასაც გაგრძელდა. კერძოდ, თებერვლის მესამე კვირას დრამის გაცვლითი კურის 0.45%-ით გაუფასურდა.
 
გამყარების მხრივ, შერჩეული ვალუტებიდან ყველაზე მეტით ბრიტანული სტერლინგია გამყარებული. კერძოდ, თებერვლის მესამე სავაჭრო კვირას დოლართან მიმართებით სტერლინგი 1.16% -ით გამყარდა. ბრიტანული ვალუტის შემდეგ ყველაზე მეტით თურქული ლირაა გამყარებული, რაც გასული წლის ბოლოდან და განსაკუთრებით იანვრიდან სტაბილური, მკვეთრი გამყარების ტენდენციით ხასიათდება. ლირის ისტორიიდან გამომდინარე მისთვის უჩვეულო ტენდენციას კი თურქეთის მონეტარულ და ფისკალური მმართველობაში ხელმძღვანელი პირების ცვლილებას უკავშირებენ. უფრო მეტიც, გასული კვირის ბოლოს გამოქვეყნებულ სტატიაში ავტორიტეტულმა გამოცემა Financial Times -მა თურქეთის ეროვნულ ვალუტას განვითარებადი მსოფლიოს ვალუტების ლიდერი უწოდა. თებერვლის მესამე სავაჭრო კვირას თურქული ლირა დოლართან მიმართებით 0.75%-ით გამყარდა, რაც წინა კვირას 0.50%-ს აღწევდა. საქართველოს პერსპექტივიდან კი ლირის გამყარება ექსპორტიორებისთვის დადებითი მოლოდინებია, რადგან ასეთ შემთხვევაში თურქეთისთვის იმპორტი იაფდება და საქართველოდან საქონელი და მომსახურების ექსპორტის ზრდის შესაძლებლობები უმჯობესდება.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 12.02 – 19.02 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ გასული წლის მარტში დაწყებული პოლიტიკის მიმდინარე წელსაც გაგრძელება დაანონსა, მაგრამ ამ ეტაპზე სებ-ის მიერ მხოლოდ სამი ინტერვენცია განხორციელდა. რიგით მესამე სავალუტო აუქციონი გასულ კვირის ხუთშაბათს გაიმართა, სადაც ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე მორგი 40.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, ხოლო ინტერვენციის დღეს გაცვლითი კურის წინა დღესთან შედარებით 0.09%-ით გაუფასურდა. საერთო ჯამში, მიმდინარე წელს სებ-ს მიერ ბაზარზე 120.0 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, რაც გასულ წელს 873.2 მლნ აშშ დოლარი იყო [სულ 26 ინტერვენცია]. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 15.02 - 19.02-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

თებერვლის მეორე სავაჭრო კვირისგან განსხვავებით, გასულ კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის მერყეობა წინა პერიოდის დონეს დაუბრუნდა. კერძოდ, გასულ კვირას სავაჭრო პერიოდის განმავლობაში ლარის კურსის გადახარა საშუალოსთან მიმართებით 0.17% იყო, რაც სხვა ვალუტებთან შედარებით სტაბილურობას მიუთითებს. გარდა ლარისა, ამავე პერიოდში სტაბილურობით თურქული ლირა, უკრაინული გრივნა და სომხური დრამიც გამოირჩეოდა. თურქეთის ეროვნული ვალუტა გამყარების ერთ-ერთი მაღალ ნიშნულთან ერთად მერყეობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლითაც გამოირჩეოდა. სავაჭრო კვირის მანძილზე ლირის მერყეობა 0.12%-ს აღწევდა. იგივე ნიშნულით დაფიქსირდა უკრაინული გრივნის კურსის საშუალოსთან მიმართ გადახრაც.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 12.02/19.02 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

თუკი თებერვლის მეორე სავაჭრო კვირას, დოლართან მიმართებით ლარის, გარდა ევროსი, ყველა შერჩეულ ვალუტასთან გამყარებული იყო, გასულ კვირას ეროვნული ვალუტის ნომინალური გაცვლითი კურსი ყველასთან მიმართებით გაუფასურდა. მათ შორის, ყველაზე მეტით ბრიტანულ სტერლინგთან (2.01%), რომელიც თავად, დოლართან მიმართებით, ყველაზე მეტითაა გამყარებული. ხოლო, ევროსთან მიმართებით ლარის გაუფასურება 0.82% იყო, რაც წინა კვირას 0.12%-ს აღწევდა. რაც შეეხება საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებთან ლარის ნომინალური კურის ერთკვირიან ცვლილებას, ამ მხრივ, ყველაზე მეტით ლირასა (1.35%) და რუბლთან (1.04%) მიმართებითაა გაუფასურებული. აღსანიშნავია, რომ ლირის სტაბილური გამყარების ფონზე, ლარი ამ უკანასკნელთან თითქმის ყოველკვირა უფასურდება. ბოლო პერიოდის გამონაკლისი თებერვლის მეორე სავაჭრო კვირა იყო.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. თუკი თებერვლის მეორე სავაჭრო კვირას ლარი შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით გამყარებულ იყო, ეფექტური კურსის ინდექსიც 0.48%-იანი გამყარებით ხასიათდებოდა და პირიქით, გასულ წელს ლარის ნომინალური კურსის შერჩეული ვალუტებთან გაუფასურების შედეგად ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსი 0.78%-ით გაუფასურდა. ინდექსის გაუფასურებაში არსებითი წვლილი, სავაჭრო ბრუნვაში წილის და ლართან გამყარების გამო, რუსულ რუბლს და თურქულ ლირას გააჩნია.

აღსანიშნავია, რომ თებერვლის მესამე სავაჭრო კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 108.4-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.20%-ს შეადგენდა. წინა კვირას კი, საშუალოსთან მიმართებით ეფექტური კურსის ინდექსის მერყეობა 0.34%-ს აღწევდა. ეს კი ამ უკანასკნელის წინა პერიოდთან შედარებით ნაკლებ სტაბილურობას მიუთითებს. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ამასთან, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გასულ კვირას ნომინალური ეფექტური კურსის საშუალო მაჩვენებელი 10.35%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 10.22% იყო. ამდენად, გასულ კვირას ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურება ექსპორტის ზრდაზე დადებითი გავლენა ექნება და იმპორტზე - პირიქით.