25.იანვარი .2021 08:00

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (15.01 – 22.01)

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (15.01 – 22.01)
views 729
უკან

გასულ კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.299 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.294-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.17%-იანი გაუფასურებაა. წინა კვირას კი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 0.15%-ით იყო გამყარებული. იანვრის მესამე სავაჭრო კვირას გარდა ლარისა, დოლართან მიმართებით იუანი, იენი და რუბლიც გაუფასურდა. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ნომინალური გაცვლითი კურსის ერთკვირიანმა გაუფასურებამ 2.04% შეადგინა, რაც იანვრის მეორე სავაჭრო კვირას 0.70%-ით იყო გამყარებული. აღნიშნულ პერიოდში გამყარების მხრივ თურქეთის ეროვნული ვალუტა - ლირა გამოირჩევა, რომელიც ბოლო პერიოდია მყარდება. გასულ კვირას, დოლართან მიმართებით, ლირა 1.07%-ით გამყარდა, რაც იანვრის მეორე სავაჭრო კვირას 1.18% იყო. თურქული ლირის მსგავსად, დიდი ხნის მანძილზე გაუფასურების ტენდენციის მქონე სომხური დრამიც გამყარდა. კერძოდ, იანვრის მესამე კვირას დრამის გამყარებამ 0.36% შეადგინა, რაც სომხეთის ეროვნული ვალუტის ზედიზედ სამკვირიანი გამყარებაა.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 15.01 – 22.01 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ გასული წლის მარტში დაწყებული პოლიტიკის მიმდინარე წელსაც გაგრძელება დაანონსა. სებ-მა 06 იანვარს ბაზარზე მიმდინარე წლის პირველი სავალუტო ინტერვენცია უკვე განახორციელა, როცა ბაზარზე 40.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. თუმცა, აქტიური პოლიტიკის დაანონსების მიუხედავად ეროვნული ბანკი მეორე კვირაა თავშეკავებულობას იჩენს და ბაზარზე ინტერვენციას არ ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს სებ-ის მიერ ბაზარზე ინტერვენცია [გაყიდვა] 26-ჯერ იყო, ჯამში 873.2 მლნ აშშ დოლარის მოცულობით, ხოლო ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვა არ ყოფილა, განსხვავებით 2019 წლისა. ამ წელს ცენტრალურმა ბანკმა 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 18.01 - 22.01-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

იანვრის პირველი ორი სავაჭრო კვირის მსგავსად, გასულ კვირასაც შედარებით მაღალი მერყეობით თურქული ლირა და რუსული რუბლი გამოირჩეოდა. მიმდინარე თვის მეორე კვირას რუსული რუბლის მერყეობა 0.80% იყო, ხოლო ლირის კი - 0.64%-ს აღწევდა. ამ პერიოდში ლარი კვლავ სტაბილურ ვალუტებს შორის აღმოჩნდა, რადგან საშუალოსთან მიმართებით გადახრამ მხოლოდ 0.07% შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი ნიშნულია. გარდა ამ ლარისა, შედარებით სტაბილური სომხური დრამიც აღმოჩნდა, რაც ამ უკანასკნელისთვის გამყარების მსგავსად შეცვლილი ტენდენციაა. იმავეს ვერ ვიტყვით უკრაინულ გრივნაზე, რომელიც წინა პერიოდისგან განსხვავებით გამყარდა, მაგრამ შედარებით მაღალი მერყეობა ახასიათებდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 15.01/22.01 (%)
წყარო: ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

იანვრის მესამე სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი რუსულ რუბლთან 1.86% და უკრაინულ გრივნასთან 0.04%-ით გამყარდა. ხოლო, დანარჩენ სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით გაუფასურდა. მათ შორის, ყველაზე მეტით, რიგით მესამე უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნის - სომხეთის ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით. კერძოდ, გასულ კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, სომხურ დრამთან მიმართებით 0.56%-ით გაუფასურდა. ასევე, მაღალი, 0.49%-იანი გაუფასურებაა ევროსთან მიმართებით, რომელიც თავის მხრივ, დოლართან მიმართებით 0.66%-ით გამყარდა.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითად სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილ მაჩვენებელია. იანვრის მესამე სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გამყარდა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ეფექტური კურსის 0.02%-იანი გაუფასურება დაფიქსირდა, რაც იანვრის მეორე კვირას 0.14%-ით იყო გამყარებული. გასულ კვირას ლარის ეფექტური ნომინალური ინდექსის გაუფასურება დიდწილად ეროვნული ვალუტის სამეზობლოს ეროვნულ ვალუტებთან - დრამთან და აზერბაიჯანულ მანათთან გამყარებას უკავშირდება, სომხეთი და აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია. თუმცა, აღნიშნულ პერიოდში ლარი რუსულ რუბლთან გაუფასურდა. თავის მხრივ, რუსეთი კი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. ამდენად, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გამყარება მხოლოდ 0.02%-ია. აღსანიშნავია, რომ იანვრის მესამე სავაჭრო კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 109.9-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.32%-ს შეადგენდა. წინა კვირას კი, საშუალოსთან მიმართებით ეფექტური კურსის ინდექსის მერყეობა 0.26%-ს აღწევდა. ეს კი ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით ნაკლებად სტაბილურობას მიუთითებს. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ამასთან, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გასულ კვირას ნომინალური ეფექტური კურსის საშუალო მაჩვენებელი 7.31%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 6.67% იყო.

საერთო ჯამში, დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის ტენდენცია შეიცვალა. თუკი წინა კვირას ლარის კურსი გამყარდა, გასულ კვირის ეს უკანასკნელი დოლართან მიმართებით 0.17%-ით გაუფასურდა. იანვრის მესამე კვირას ლარი არამხოლოდ დოლართან არამედ საქართველოს საგარეო ვაჭრობაში გამოყენებულ სხვა ვალუტებთან მიმართებითაც გაუფასურდა. მათ შორის, ყველაზე მეტით რუსულ რუბლთან. თუმცა, გაუფასურების მიუხედავად, სავაჭრო კვირის მანძილზე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი სტაბილური იყო, რომლის მერყეობა 0.07%-ს არ ცდებოდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა