მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (22.10 – 29.10)

617ec546ba0ac
ეგნატე შამუგია
01.11.21 08:00
1323
გასული კვირა ისეთივე დაძაბული აღმოჩნდა ლარის ნომინალური გაცვლითი კურსისთვის, როგორც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა. ოქტომბრის ბოლო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.156 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.135-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.68%-იანი გაუფასურებაა. გასულ თვეს კი ლარის ნომინალური კურსი, დოლართან მიმართებით, 0.20%-ით გაუფასურდა, მაგრამ წლიურ ჭრილში გამყარებულია. კერძოდ, პირველი იანვრიდან დღემდე, ლარი 4.15%-ითაა გამყარებული. თუმცა, ლარი ამით რეგიონის ვალუტებისგან არ გამოირჩევა, რადგან უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ეკონომიკების ეროვნული ვალუტები უფრო მეტით გამყარდა. მათ შორის, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ათი ვალუტიდან ყველაზე მეტით სომხური დრამია გამყარებული. იანვრიდან დღემდე, სომხეთის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 8.41%-ით გამყარდა, რაც ოქტომბერშიც ყველაზე მეტით, 1.96%-ით იყო გამყარებული. მიუხედავად გრძელვადიან პერიოდში დრამის სტაბილური გამყარებისა, გასულ კვირას, სომხური ვალუტის ნომინალური გაცვლით კურსი მცირედით, 0.18%-ით გაუფასურდა.
 
წლის დასაწყისიდან მაღალი ნიშნულით არამხოლოდ დრამი, არამედ საქართველოს კიდევ ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის ვალუტაა გამყარებული. კერძოდ, იანვრიდან დღემდე უკრაინული გრივნის გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 7.23% -ითაა გამყარებული, რაც ოქტომბერში 1.26% იყო. ოქტომბრის ბოლო სავაჭრო კვირას კი, 0.03%-ით გაუფასურდა. ამავე პერიოდში გაცილებით მეტით, 0.43%-ითაა გაუფასურებული რუსული რუბლი, რომელიც წლის დასაწყისიდან დღემდე, ლართან შედარებით, გაცილებით უკეთ გამოიყურება. აღსანიშნავია, რომ რუბლის გაცვლითი კურსის გავლენა საქართველოს საგარეო ვაჭრობაზე განსაკუთრებულია, რაც ისტორიულად სავაჭრო მაჩვენებლების მასშტაბურობას უკავშირდება. პირველი იანვრიდან დღემდე, დოლართან მიმართებით, რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი 4.30%-ითაა გამყარებული. რადიკალურად განსხვავებული სურათია საქართველოს ნომერ პირველი საიმპორტო ქვეყნის -თურქეთის ეროვნულ ვალუტის შემთხვევაში. სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან ყველაზე მეტით, 29.12%-ით სწორედ თურქული ლირაა გაუფასურებული. მათ შორის, მაღალი, 8.45%-იანი გაუფასურებით ოქტომბერშიც გამოირჩეოდა. რაც შეეხება გასულ კვირას, ამ პერიოდში ლირის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, მცირედით, 0.02%-ით გამყარდა.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 22.10 – 29.10 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

მიმდინარე წელს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ინტერვენცია სულ 9-ჯერ განხორციელდა, სადაც ყველა ინტერვენცია ბაზარზე დოლარის გაყიდვა იყო. აღნიშნულს, სხვა თანაბარ პირობებში, გაცვლითი კურსის გამყარებაზე დადებითი გავლენა აქვს. თუმცა, ინტერვენციების ძირითადი ნაწილი წლის პირველ ნახევარს უკავშირდება. ეროვნული ბანკის მიერ ბაზარზე ინტერვენცია ოქტომბერში არ ყოფილა. ბოლო, რიგით მეათე სავალუტო აუქციონი 30 სექტემბერს, სხვა პერიოდებთან შედარებით დიდი მოცულობის, 60.0 მლნ აშშ დოლარის გაყიდვით დასრულდა. როგორც აღვნიშნეთ, წლის მეორე ნახევარში სებ გაცილებით უფრო პასიური იყო, ვიდრე პირველი ნახევარი ან გასული წლის ბოლოს. ჯამში 9 ინტერვენციიდან 7 იანვარ-აპრილში განხორციელდა, სადაც სულ 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. საერთო ჯამში, 2021 წლის დასაწყისიდან დღემდე, ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე სულ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, რაც გასულ წელს 873.2 მლნ აშშ დოლარი იყო [სულ 26 ინტერვენცია]. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 24.10 – 29.10-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

გასულ კვირას ლარი არამხოლოდ გაუფასურებით, არამედ მერყეობითაც გამოირჩეოდა. ოქტომბრის ბოლო სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.28%-ით მერყეობდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამავე პერიოდში რამდენიმე ვალუტა ლართან შედარებით უფრო არასტაბილური იყო. მაგალითად, ყველაზე მეტად მერყევი რუსული რუბლი აღმოჩნდა. გასულ კვირას, 0.43%-იანი გაუფასურების ფონზე რუბლის მერყეობა 0.81% იყო, რაც თურქული ლირის შემთხვევაში 0.44%-ს აღწევდა. გარდა რუბლი და ლირისა, ლარზე მაღალი მერყეობა ევროსაც ახასიათებდა. ოქტომბრის ბოლო სავაჭრო კვირას ევროს ნომინალური კურსის 0.73%-იანი გაუფასურების ფონზე, საშუალოსთან მიმართ ყოველდღიური კურსის მერყეობა 0.39% იყო. აღნიშნულ პერიოდში შედარებით სტაბილური სომხური დრამი და ჩინური იუანი აღმოჩნდა, რადგან ორივეს მხოლოდ 0.14%-ით მერყეობდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 22.10/29.10 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ოქტომბრის ბოლო სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართ გაუფასურდა. გამონაკლისი რუსული რუბლი იყო, რადგან გასულ კვირას ლარის საშუალო შეწონილი კურსი რუბლთან 0.11%-ით გამყარდა. დანარჩენ 9 შერჩეულ ვალუტასთან მიმართ გაუფასურების ნიშნულმა საშუალოდ 0.65% შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ლარის გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით თურქულ ლირასთან, 0.77%-ით გაუფასურდა. მიუხედავად გასული კვირის გაუფასურებისა, 2021 წლის მანძილზე ლირის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარის გაცვლითი კურსი სწორედ თურქულ ვალუტასთან, ყველაზე მეტით, 25.21% -ითაა გამყარებული.

გასულ კვირას ლირის შემდეგ ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი მაღალი ნიშნულით აზერბაიჯანულ მანათთან (0.76%), ევროსთან (0.75%), იენთან (0.75%) და უკრაინულ გრივნასთან (0.73%) მიმართებით გაუფასურდა. აღსანიშნავია, რომ ამ ვალუტებთან მიმართებით, გარდა გრივნისა, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი, გამყარებულია. პირველი იანვრიდან დღემდე, ლარის შეწონილი ნომინალური კურსი იაპონურ იენთან მიმართებით 12.65%-ითაა გამყარებული, ხოლო ევროსთან კი, ეს მაჩვენებელი 8.46%-ს აღწევს.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. გასულ კვირას, შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით, ლარის ნომინალური კურსის ცვლილება ეფექტურ კურსზეც აისახა. თუკი, ოქტომბრის მესამე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსი თითქმის უცვლელი იყო, ეს მაჩვენებელი ოქტომბრის ბოლო კვირას 0.56%-ით გაუფასურდა. ოქტომბრის ბოლო სავაჭრო კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 119.1-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.33%-ს შეადგენდა. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით არასტაბილურობას მიუთითებს, რადგან ოქტომბრის მესამე სავაჭრო კვირას ეს მაჩვენებელი 0.21% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ამასთან, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 2.44%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 3.55% იყო. საბოლოოდ, გასულ კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის გაუფასურება, ამ პერიოდში ექსპორტის ზრდაზე დადებითად აისახება, ხოლო იმპორტზე კი, პირიქით.