მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლეგი“ წარმოებას ზრდის - კომპანია €6 მლნ-მდე ინვესტიციით ქუთაისში ქარხანას ააშენებს

63cfa48e34a7f
ვიქტორია მღებრიშვილი
24.01.23 13:55
1437
ბეტონის ნაკეთობების მწარმოებელი კომპანია „ლეგი“, რომელიც ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს და ქობულეთსა და თბილისში ორ საწარმოს მართავს, მიმდინარე წლიდან ქუთაისში შოუ-რუმისა ამოქმედებას და ახალი საწარმოს აშენებას გეგმავს.

კომპანიის გეგმებზე „ლეგის“ განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორმა სერგო ლექვინაძემ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ახალი საწარმოს პროექტი, უკრაინული ინვესტიციით ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომმა პროცესები შეაფერხა. ამიტომ ქუთაისში მიმდინარე წლიდან თავდაპირველად „ლეგის“ შოუ-რუმი ამოქმედდება და საწარმოს მშენებლობა დაიწყება.

„შოუ-რუმის მოწყობა ფაქტობრივად დავასრულეთ და ამ ეტაპზე ქუთაისის ავტობანზე ბანერის მონტაჟზე ვმუშაობთ, რათა აუდიტორიის წინაშე შესაბამისად წარვდგეთ.

ქარხანა აქამდეც უნდა გაგვეხსნა, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომმა ეს პროცესი შეაჩერა. ჩვენი დამფუძნებელი უკრაინის მოქალაქეა და ეს ქარხანა სრულად უკრაინული ინვესტიციით უნდა ამოქმედებულიყო. პროექტი დროებით შევაჩერეთ და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და ამის შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - აღნიშნა სერგო ლექვინაძემ.

„ლეგის“ განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორის თქმით, საინვესტიციო პროექტის ღირებულება 5-6 მლნ ევროა და ის კომპანიის წარმადობას დაახლოებით 30-40%-ით გაზრდის.

„გვინდა სრულად ისეთი ტიპის ქარხანა ავამოქმედოთ, როგორიც თბილისშია... ასეთივე სიმძლავრისა და მაღალი სტანდარტების. ახალი ქარხანა სრულად ავტომატიზებული იქნება, შედეგად კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 200-მდე გაიზრდება.

თუ საწარმოო სიმძლავრეების გაძლიერებაზე ვისაუბრებთ, მაგალითისთვის თბილისში ქარხნის ამოქმედებისას წარმადობა 2.5-ჯერ გაიზარდა, ამ ქარხნის დამატების შემდეგ კი ჩვენი წარმადობა 30-40%-ით გაიზრდება.

თბილისის ქარხნის წარმადობა დღე-ღამეში 50 000 ცალი 20 სმ-იანი ბლოკია, ეს დაახლოებით 10-ჯერ მეტია, ვიდრე ქვეყანაში ნებისმიერი ქარხნის მიერ წარმოებული ბლოკის მოცულობა. ქუთაისის ქარხანა კი კიდევ უფრო თანამედროვე დანადგარებით იქნება აღჭურვილი და ვფიქრობთ, მისი სიმძლავრეები მეტი იქნება, დაახლოებით დღე-ღამეში 7 000 კვ.მ. ფილა, 25 კმ-ის ბორდიური და ა.შ.“, - განმარტა ლექვინაძემ.

ქუთაისში საწარმოს პროექტის განხორციელებას თავიდანვე „ლეგის“ პროდუქტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იყო. სერგო ლექვინაძე ამბობს, რომ ახალი ქარხნიდან რეგიონებში იმ ლოკაციებს დაფარავენ, საიდანაც მათ პროდუქტზე მოთხოვნა მაღალი იყო, ხოლო ლოგისტიკური ხარჯები პროდუქტს უძვირებდა.

„რადგან ბეტონის ნაკეთობათა ტრანსპორტირება საკმაოდ ძვირი ჯდება, იმისთვის რომ ლოგისტიკა არ გაძვირდეს, ახალი ქარხნის ამოქმედება გადავწყვიტეთ. ჩვენი ინტერესი იმერეთის, შიდა ქართლის რამდენიმე რაიონისთვის და სამცხე-ჯავახეთისთვის პროდუქტის იმავე ფასად მიწოდება იყო, რა ფასადაც ამას აღმოსავლეთ და უკიდურეს დასავლეთ საქართველოს ვაწვდით“, - განაცხადა ლექვინაძემ.

ცნობისთვის: ბეტონის ნაკეთობათა საწარმო „ლეგი“ ადგილობრივ ბაზარს მოსაპირკეთებელ ფილებსა და სამშენებლო ბლოკებს 2011 წლიდან სთავაზობს და ისეთ მსხვილ პროექტებში მონაწილეობს, როგორიცაა ბათუმის ბულვარი, ბოტანიკური ბაღი, ფოთისა და ბათუმის ტერმინალი, სომხეთის საბაჟო გამშვები პუნქტი და სხვა. დღეისთვის კომპანია თბილისსა და ქობულეთში 2 ქარხანას მართავს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 10 მლნ ევროა და ჯამში 150-ზე მეტ სამუშაო ადგილს ქმნის.