მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არაჯანსაღი კონკურენციის შემთხვევებს ვხვდებით“ – Legi კონკურენციის გამოწვევებზე

63d128924ef9e
ვიქტორია მღებრიშვილი
25.01.23 17:39
946
ბეტონის ნაკეთობების მწარმოებელ კომპანიაში „ლეგი“, რომელიც ადგილობრივი ბაზრისთვის 2011 წლის შემდეგ ეზოს მოსაპირკეთებელი ფილების, ტროტუარის ბორდიურების და ახლა უკვე ფასადის მოსაპირკეთებელი ქვების ფართო სპექტრს სთავაზობს, ქართულ ბაზარზე არსებულ არაჯანსაღ კონკურენციაზე საუბრობენ. კომპანიის განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორი სერგო ლექვინაძე BM.GE-სთან განმარტავს, რომ ადგილობრივი წარმოება ბაზარზე კონკურენტების არსებობას მიესალმება, თუმცა მათთვის კონკურენციის მანკიერი გზების გამოყენება მიუღებელია.

„როდესაც ბაზარზე შემოვედით, კონკურენცია დასავლეთ საქართველოში თითქმის არ არსებობდა და ეს ჩვენთვის ძალიან ცუდი იყო. დასავლეთში არის პატარა წარმოებები, რომლებიც ჩვენს ნაწარმს კონკურენციას ვერ უწევდა. განსხვავებული მდგომარეობაა თბილისში, სადაც 4-5 დიდი საწარმოა, რომლებიც ჩვენი ტიპის პროდუქციას უშვებენ და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია. მათი არსებობა კომპანიას განვითარებისკენ უბიძგებს. ვინაიდან მიზნად ბაზარზე ლიდერ პოზიციებზე ყოფნა გვაქვს დასახული, ამ პროცესში კონკურენციის არსებობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. რაც უფრო მეტი კონკურენტი გაჩნდება ეს კიდევ უფრო მეტი იდეების განხორციელებისა და განვითარებისკენ გვიბიძგებს, მაგრამ სამწუხაროდ, არაჯანსაღი კონკურენციის შემთხვევებს ვხვდებით“, - ამბობს ლექვინაძე.

მისი ინფორმაციით, „ლეგიში“ ახალი პროდუქტი ყოველთვის მუშაობისა და მსჯელობის შედეგად იქმნება, რასაც ძალიან დიდი დრო და რესურსი სჭირდება. მეორე დღეს კი კონკურენტების მხრიდან მათი ახალი პროდუქტის კოპირება ხდება. „ლეგიში“ კომპანიას არ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ მათ ოფიციალური წერილით უკვე მიმართეს.

„ისინი აკოპირებენ არამხოლოდ იმ პროდუქტს, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, არამედ იმ მარკეტინგულ კამპანიებსაც, რომელსაც ჩვენ სოციალური ქსელით თუ სხვა არხების საშუალებით ვახორციელებთ. მაგალითისთვის, ჩვენმა ერთ-ერთმა კონკურენტმა გორში ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტის ფოტოები თავის სარეკლამო კამპანიაში გამოიყენა და იქ დაგებული ფილები თავის პროდუქციად გაასაღა.

ჩვენ ამ კომპანიას ოფიციალური წერილით მივმართეთ და სოციალური ქსელიდან ფოტოების აღება ვთხოვეთ. ვფიქრობ, ასეთი ურთიერთობები აზიანებს კონკურენტულ გარემოს. ჩვენთვის ჯანსაღი კონკურენციის არსებობა მნიშვნელოვანია და ამისთვის მზად ვართ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ გასულ წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით საქართველოში გამართულ ფორუმს დავესწარი, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებს მიეძღვნა და ამავდროულად მათი აღსრულების მექანიზმებს. რა დროსაც ძალიან ბევრი ქეისი მოვისმინეთ, მათ შორის საერთაშორისო მეგაბრენდების შესახებ და როგორ მიმდინარეობს ასეთი დავები. თუმცა მაშინ არ მეგონა, რომ ამ ხასიათის ფაქტები ჩვენი კომპანიის შემთხვევაშიც გვექნებოდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ კომპანიას ოფიციალურად მივმართეთ და მათი პასუხიდან გამომდინარე გავაკეთებთ დასკვნებს, თუ რა გზები უნდა გამოვიყენოთ ამის საპირისპიროდ“, - განმარტა ლექვინაძემ.

კომპანიის განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორი იმასაც ამბობს, რომ „ლეგის“ პროდუქტის კოპირება, იმაზე მეტყველებს, რომ კომპანია განვითარების სწორ გზას ადგას. სერგო ლექვინაძე ამბობს, რომ „ლეგიმ“ გარკვეული ფილები უკვე დააპატენტა, რამდენიმეზე კი განაცხადი შეტანილი აქვს.

„ძალიან გული გვწყდება, რომ ჩვენ წლებს ვხარჯავთ ამის შექმნაში, მათ კი ამის გადატანა დღეების განმავლობაში შეუძლიათ. კონკრეტული დასახელების პროდუქტი უკვე დაპატენტებული გვაქვს, ხოლო რამდენიმე დასახელების ფილაზე განაცხადი საქპატენტში გვაქვს შეტანილი. Colormix-ის ტექნოლოგიით დამზადებული ფერადი ფილები ისეთი ტიპის პროდუქტია, რომელიც ჩვენი გერმანელი და უკრაინელი კოლეგების ერთობლივი ნამუშევარია. ამ ფილებზე ჩვენ 2 წლის განმავლობაში ვმუშაობდით, თუმცა ამის კოპირებაც მოახერხეს. ხარისხით ჩვენი ფილები უკეთესია, რადგან მათ წარმოებას თავისი რეცეპტურა აქვს და გამოცდილება სჭირდება, რისი განხორციელებაც კოპირების დროს ძნელია“, - უთხრა BM.GE-ს სერგო ლექვინაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები