მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lost Ridge Inn, Brewery & Ranch - რას სთავაზობს დამსვენებელს ტურისტული კომპლექსი კახეთში

5f0dbabb0bae7
ვიქტორია მღებრიშვილი
15.07.20 10:15
4042
Lost Ridge Inn, Brewery & Ranch - ტურისტული კომპლექსი თავისი განსხვავებული ატრაქციებითა და დასასვენებელი ადგილით სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედელში 2018 წლიდან ფუნქციონირებს.

კახური ტრადიციული არქიტექტურის მქონეს სასტუმრო, საცხენოსნო ტურიზმი და რანჩო, მიკრო-ლუდსახარში, სადაც კრაფტ-ლუდების ფართო ასორტიმენტია, ეკოლოგიურად სუფთა საკვები და გარემო - ამ და სხვა აქტივობებით შეგიძლიათ დაკავდეთ ტურისტულ კომპლექსში, რომელიც როგორც მისი დამფუძნებელი ია თაბაგარი BM.GE-ისთან საუბრისის აღნიშნავს, საცხენოსნო რანჩოს სახით 2012 წლიდან დაიწყო ფუნქციონირება და მხოლოდ ცხენოსნობის განვითარებისთვის 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

„საცხენოსნო ობიექტის გასავითარებლად წლების განმავლობაში დაიხარჯა, დაახლოებით, 400 000 ლარი, ხოლო სასტუმროსა და ლუდსახარშის ასამოქმედებლად ამერიკელ პარტნიორებთან ერთად 800 000 ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ პატარა და მყუდრო ობიექტი გვაქვს, გვსურდა, ყველაფერი მაღალხარისხიანი გვქონოდა“, - აღნიშნავს ია თაბაგარი.

ტურისტულ კომპლექსში, დღეისთვის, 8 განსათავსებელი ოთახი და 20 დასაქმებულია. კომპლექსის დამფუძნებლის თქმით, პანდემიამ მათ საქმიანობაზე იქონია გავლენა და შეცვალა გაფართოების გეგმები, თუმცა უმოქმედობის პერიოდში ეს პერიოდი მათ მაინც კომპლექსის შიდა სამუშაობის ჩატარებისთვის გამოიყენეს და თავისი ტურისტული კომპლექსის აქტივობებში სიახლეებიც შეიტანეს.



„პანდემიამ იძულებული გაგვხადა თანამშრომლების ნაწილი უხელფასო შვებულებაში გაგვეშვა, ნაწილი კი, დღიურ ხელფასზე გადაგვეყვანა. ეს ძალიან რთული აღმოჩნდა ჩვენთვისაც, ვინაიდან ძალიან ვეცადეთ, საკმაოდ დაუტვირთავ პერიოდში, ზამთარში შეგვენარჩუნებინა თანამშრომლებისთვის ხელფასი. სწორედ ამ ზამთარგამოვლილ ბიზნესს მოუწია უკვე პანდემიის პირობებში გაეგრძელებინა მუშაობა. ამასთან, გეგმაში მინიმუმ 4 ოთახის დამატება გვქონდა. თუმცა, გეგმების დროებით გადადება მოგვიწია. სამაგიეროდ, გაგვიჩნდა თავისუფალი დრო, რომელიც მაქსიმალურად გამოვიყენეთ, დრო დავუთმეთ საცხენოსნო აღჭურვილობის აღდგენას, ახალი ცხენების გაწვრთნას, მოვაწყვეთ საცხენოსნო გაკვეთილებისთვის პატარა არენა, დავრგეთ ხეები და ყვავილები, გავაშენეთ ბაღები და ბოსტნები, ასევე ვიმუშავეთ სამომავლო სტრატეგიასა და გეგმებზე. მიუხედავად რთული პერიოდისა შევიძინეთ კიდევ რამდენიმე ცხენი და წელს თუშეთ-ხევსურეთის ტურებს ვიწყებთ, შემოდგომაზე ვაშლოვანის და ლაგოდეხის ტურებს ვგეგმავთ”, - ამბობს Lost Ridge Inn, Brewery & Ranch-ის დამფუძნებელი.



ია თაბაგარი ამბობს, რომ აქ ველური ბუნება, ეკოლოგიურად სუფთა გარემო და პროდუქტები, ტრადიციები და საინტერესო თავგადასავლები ერწყმის ერთმანეთს, რაც მათ რანჩოს მიმზიდველს და განსხვავებულს ხდის.

„2012 წლიდან ნაბიჯ-ნაბიჯ ვიღვწვით იმისთვის, რომ ეს ადგილი სწორი მიმართულებით განვავითაროთ, შევქმნათ ეკო სოფელი და განვაგრძოთ ტრადიცული ქიზიყური სახლების აღდგენა. ჩვენს კომპლექსში ორი სახლი გვაქვს აღდგენილი. დავასაქმეთ ადგილობრივი მოსახლეობა, რომლისგანაც ვყიდულობთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს, ვაშენებთ ბიო ბაღებს, ვცდილობთ დავნერგოთ ნარჩენების გადამუშავების ეკო-მეგობრული სისტემა, მაგ. ლუდის ხარშვის შემდეგ, ქერის ნარჩენებით ვკვებავთ ცხენებს, ნაკელს ბაღის გასანოყიერებლად ვიყენებთ, იქიდან შეგროვებულ თივას კი ზამთარში ისევ ცხენებისთვის ვიყენებთ.

მნიშვნელოვანია, რომ ამ წლების განმავლობაში განუწყვეტლივ ვასუფთავებთ გარემოს, სატვირთო მანქანებითაც გაგვქონდა ნაგავი. ერთ-ერთი შემდეგი პროექტია განვავითაროთ ჩვენი ბიო ბაღები და გარე პერიმეტრზეც დავრგოთ ხეები, მოვაწყოთ საქარე ზოლი და ა.შ.“, - ყვება ია თაბაგარი და დასძენს, რომ 2021 წლისთვის კომპლექსის განვითარებისა და გაფართოებისთვის ინვესტირებას განახორციელებენ.

„როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცემა, სავარაუდოდ, 2021 წელს აღვადგენთ შეჩერებულ პროექტებს, დავამატებთ ოთახებს, მოვაწყობთ დამატებით სივრცეებს. ამასთან, ვგეგმავთ ახალი ტიპის სახელოვნებო სივრცის და სოციალური საწარმოს გახსნას“, - უთხრა BM.GE-ს ია თაბაგარმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები