მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"DMO-ები ჩვენს ქვეყანაში გადაიქცნენ პარაზიტებად" - თაბაგარი

თაბაგარი

საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი რეგიონული ტურიზმის მართვის ორგანიზაციების (DMO) ეფექტიანობას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ისინი დაკისრებულ ფუნქციებს ვერ ასრულებენ.

მისი თქმით, DMO-ების საქმიანობა გაუმჭვირვალეა, ტურიზმის დეცენტრალიზაციისა და დაბალ სეზონზე ალტერნატიული სეგმენტების განვითარების პოტენციალი კი პრაქტიკულად აუთვისებელია.

„კახეთის DMO-ს საერთოდ არ ვიცნობ. 10 წლის განმავლობაში არასოდეს არავის არც დაურეკავს, რომ ეკითხა ვინ ხართ, რა ხართ, საერთოდ რას აკეთებენ, ისიც არ ვიცი. ერთხელაც მე დავურეკე, რაიმე სტრატეგია გაქვთ-მეთქი და მითხრეს, „იცით რა, მობრძანდით და აქ გაგაცნობთო“, ანუ მე უნდა ჩავიდე სადღაც სიღნაღიდან და უნდა გამაცნონ სიტყვიერად რა სტრატეგია აქვთ.

DMO-ები საქართველოში რომ ჩამოყალიბებულიყო, მეც ვმუშაობდი. მათ ძალიან საინტერესო ფუნქცია ეკავათ, რაც მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ დეცენტრალიზებული უნდა ყოფილიყო ტურიზმი.

ჩვენ ქვეყანაში გადაიქცა სიმახინჯედ და არ შემრცხვება, რომ ვთქვა, რომ DMO-ები არიან უბრალოდ პარაზიტები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტით სარგებლობენ, საერთოდ არ ვიცით რას აკეთებენ, რისთვის აკეთებენ. მაგალითად, შარშან, ლონდონში რა უნდოდა მესტიის DMO-ს? გაყიდვები არ არის მაგათი საქმე. მათი საქმე სულ სხვა არის, მათ უნდა შექმნან ტურისტული პროდუქტი, მარკეტინგს შეუწყონ ხელი... უცოდინარობა ერთია, მაგრამ ესენი არიან პირდაპირ დაკავშირებულები სახელმწიფო ბრძანებებთან. ვინც ნორმალური იყო, გაუშვეს სამსახურიდან განსხვავებული აზრის გამო“ - განაცხადა თაბაგარმა და კახეთში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა.

მისი შეფასებით, კახეთს დაბალ სეზონზე კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების მიმართულებით მნიშვნელოვანი პოტენციალი ჰქონდა, თუმცა სახელმწიფოს პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა ამ სეგმენტს სერიოზული დარტყმა მიაყენა.

„DMO-ებმა პირველებმა უნდა თქვან, რომ კახეთს დაბალ სეზონზე ჰქონდა ძალიან მაღალი ფუნქცია, რისი იცით? კონფერენციების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების. სახელმწიფომ გვერდზე გასწია ევროპა და ევროკავშირი, რომელიც უამრავ კარგ პროექტს აფინანსებდა. წელიწადში თითოეულ არასამთავრობო ორგანიზაციას ათობით კონფერენცია და სემინარი ჰქონდა, ისინი იყვნენ ამ სასტუმროების მომხმარებლები. ბევრ სასტუმროს ვიცნობ, რომლებიც გადაეწყვნენ, რომ კარგი საკონფერენციო დარბაზები გაეკეთებინათ და მათ ეს სეგმენტი მთლიანად დაკარგეს.“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ია თაბაგარმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები