სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია KA Group-ი რეგიონებში პორტფელის გაფართოებას გეგმავს. კომპანია, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოს ცხრა რეგიონში 13 სასტუმროს მართავს, 2027 წლიდან ქსელს რამდენიმე ახალ ობიექტს შემატებს. სიახლეებს შორისაა კახეთის ცნობილი სასტუმრო კომპლექსის დაბრუნება და ახალი განთავსების ობიექტების ამოქმედება როგორც კახეთში, ისე ბაკურიანში.
როგორც KA Group-ის დამფუძნებელმა, ირაკლი ჭიღლაძემ BM.GE-სთან განაცხადა, კომპანიაში ახალი ობიექტების დამატების პროცესი მკაცრად განსაზღვრული გრაფიკით მიმდინარეობს, რათა მენეჯმენტმა პარტნიორებთან ერთად ყველა დეტალის საფუძვლიანი დაგეგმვა შეძლოს.
"იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად KA Group-ი სასტუმროებს ყოველ წელს, მომდევნო წლის პირველი იანვრიდან იმატებს, წლის განმავლობაში რომელი მფლობელიც გვიკავშირდება და თანამშრომლობის სურვილს გამოხატავს, ყველას ვუბრუნდებით უკუკავშირით, რომ სექტემბერ-ოქტომბერში შევეხმიანებით. თუ კვლავ ექნებათ სურვილი, ვიწყებთ ეტაპობრივ დაგეგმვას და გადავდივართ უშუალო მუშაობაზე," - აღნიშნა ირაკლი ჭიღლაძემ.
მისი თქმით, რეგიონული გაფართოების ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი სიახლე კახეთს უკავშირდება, სადაც კომპლექსური სარემონტო სამუშაოების შემდეგ ფუნქციონირებას სასტუმრო "ყვარლის ედემი" განაახლებს.
"კახეთში გავხსნით ყველასთვის ნაცნობ "ყვარლის ედემს", რომელიც რენოვაციაზე იყო გასული და 2027 წელს დავაბრუნებთ. ზუსტი თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის, თუმცა ეს აუცილებლად მოესწრება ზაფხულის სეზონამდე.
ამასთან, კახეთში შემოგვემატება კიდევ ერთი სასტუმრო, რომლის სახელის გაჟღერების უფლება ამ ეტაპზე არ მაქვს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან კარგი შატოა, 62-ნომრიანი ოთახფონდით," - განაცხადა KA Group-ის დამფუძნებელმა.
კახეთის გარდა, მენეჯმენტ კომპანია პოზიციების გაძლიერებას ზამთრის კურორტზეც გეგმავს. ირაკლი ჭიღლაძის ინფორმაციით, ბაკურიანის სასტუმროების ჩამონათვალს 2027 წლის პირველივე დღიდან ახალი ობიექტი დაემატება.
"ბაკურიანში ასევე იგეგმება, რომ 2027 წლის 1-ელი იანვრიდან ქსელს 58-ნომრიანი სასტუმრო შეემატოს", - განმარტა ირაკლი ჭიღლაძემ.
























